ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ აეროპორტში დაკარგული კატა იპოვა (ვიდეო)

ნიუ-იორკის, ჯონ კენედის სახელობის აეროპორტის თანამშრომლები ერთ კვირაზე მეტ ხანს ვერ იჭერდნენ კატას, რომელიც ერთ-ერთ მგზავრს გაექცა. ამის შესახებ „New York Daily News“ იუწყება.
კატა, სახელად პეპერი, პატრონს მაშინ გაექცა, როდესაც ის ჩინეთში მიფრინავდა და აეროპორტში რეგისტრაციას გადიოდა. პატრონს გამგზავრება კატის გარეშე მოუწია.
აეროპორტის პოლიცია „ტვიტერში“ ერთი კვირის განმავლობაში ატყობინებდა საზოგადოებას კატის დაჭერის საქმეში არსებული წარუმატებელი ცდების და საბოლოოდ მიღწეული წარმატების შესახებაც.
„კატა პეპერი, რომელიც 20 აპრილს მეოთხე ტერმინალში დაიკარგა, ნაპოვნია. აეროპორტის პოლიცია მის გადარჩენას ცდილობს. ჩვენ მოვათავსეთ უსაფრთხო მახეები იმ იმედით, რომ შევძლებთ პეპერის დაბრუნებას მისი პატრონისთვის.“
ამის მერე კი, პოლიციამ შემდეგი ტვიტი გამოაქვეყნა-„პეპერი კვლავ დაგვისხლტა, მაგრამ ჯანმრთელად გამოიყურება. ოფიცრები კვლავ ცდილობენ მის გადარჩენას და პატრონისთვის დაბრუნებას.“
საბოლოო ჯამში, მათ პატრონის მეგობარი ქალბატონი ნუან ლლანგი დაიხმარეს. ქალმა კატას ჩინურად მიმართა და, როგორც ჩანს, ცხოველმა ის იცნო, რის შემდეგაც სამალავიდან გამოსვლა ინება.
„ის „მიყვიროდა“- სად იყავი აქამდეო? თითქოს მელოდებოდა“,- ამბობს ნუანი ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
ამის მერე კატის შეტყუება მოხერხდა ცხოველების ტრანსპორტირების კალათაში. ოფიცერმა, რომელიც ამ „სპეცოპერაციას“ ხელმძღვანელობდა, კალათი საიზოლაციო ლენტით გაამაგრა. „მის ისევ დაკარგვას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა მან.
„აეროპორტის პოლიციამ კატა პეპერი გადაარჩინა, რომელიც JFK -ის მეოთხე ტერმინალში დაიკარგა. კამილ ჯუმანი ოპერაციას მეთაურობდა, მასთან ერთად ამ ღონისძიებაში პატრონის მეგობარი ნუან ლანგიც მონაწილეობდა.“
პეპერის ერთკვირიან ეპოპეას აეროპორტში ამერიკული საზოგადოება ყურადღებით აკვირდებოდა და მის მშვიდობიან „დაკავებასაც“ სიხარულით შეხვდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები