ემოციური ისტორია მოხუცზე, რომელიც დავრდომილებს უანგაროდ ეხმარება

სოციალურ ქსელში 80 წლის ქუთაისელი ქალბატონის ემოციური ისტორია გავრცელდა. მალვინა კაკაბაძე ქუთაისის ხანდაზმულთა ცენტრში მოხალისედ მუშაობს.

„მე ვარ მალვინა კაკაბაძე, 80 წლის, ქალაქ ქუთაისიდან. მთელი ჩემი ცხოვრება პატიოსან შრომასა და ცხოვრებაში გავატარე. დავასრულე უმაღლესი სასწავლებელი და მრავალი წელი ვიმუშავე ჩემი პროფესიით. ახლა კი მყავს ძალიან კარგი ოჯახი, შვილები და შვილიშვილები.

ქუთაისის ხანდაზმულთა ცენტრთან 2004 წლიდან ვთანამშრომლობ. აქ მოხალისედ დავიწყე მუშაობა და 12 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა პირთან დავდივარ ოჯახებში, რათა გავუწიო მათ დახმარება სხვადასხვა საოჯახო საქმეში. ყველა მათგანი მწოლიარენი არიან და არავინ ჰყავთ, ვინც თუნდაც წყალს მაინც მიაწვდით. მე კვირაში რამდენჯერმე დავდივარ მათთან, ვეგზავნები პროდუქტების საყიდლად, ვულაგებ და ვუსუფთავებ სახლს, ვუმზადებ საჭმელს და გავრბივარ შემდეგ ოჯახში.

ბევრისთვის უცნაურიც კი არის, რომ ამ ასაკში მოხალისედ ვმუშაობ და სხვა მოხუცებს და შეზღუდვის მქონე პირებს ვეხმარები, მაგრამ მე ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება, რომ ფიზიკურად შემიძლია. ვერც კი წარმომიდგენია, რომ მე სახლში ვიჯდე უსაქმურად და ამ დროს ვიცოდე, რომ ვიღაცას შემიძლია ღიმილი მოვგვარო სახეზე. მე ამ საქმის კეთებას სიკვდილამდე ვაპირებ და ასეც იქნება,”- ჰყვება მალვინა კაკაბაძე.

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები