ელენე ფოჩხუა: “უნდა მოიშალოს ეს საშინელი წესები და თავის მოჩვენებები, როგორი ყოჩაღია რძალი, მაზლისცოლების ჯიბრი…”

” საერთოდ, ტრადიციული ოჯახი გვაქვს და ვცდილობთ, მივყვეთ ტრადიციებს. დღესასწაულებზე ერთად ვიკერიბებით ოჯახის წევრები, ნათესავები, გვაქვს სამზადისი, სტუმრიანობა. მომწონს ქართული სუფრა, თამადაც, თუმცა ზოგ შემთხვევაში გამაღიზიანებელია, ძალიან რომ თვრებიან და უაზრობებს უტევენ, ეგ რასაკვირველია, არ მხიბლავს”, – ეს ელენე ფოჩხუას სიტყვებია, რომელსაც ოჯახურ ტრადიციებზე ვესაუბრეთ.

– ელენე, ოჯახის შექმნის ტრადიციაზე, ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე როგორია თქვენი მოსაზრება?
– ეს ძალიან პირადი საკითხია და გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. თუკი ვიღაცას უნდა, ქორწინებამდე იცხოვროს საყვარელ ადამიანთან და მერე დაქორწინდეს, რა პრობლემაა, ვერ ვხვდები. არის შემთხვევები, როცა პატარძალი ფეხმძიმედ რჩება და მერე ქორწინდებიან, რასაც მოჰყვება ხოლმე ჭორაობა, აი, ორსულად ყოფილა და იმიტომ შუერთავს ცოლად, ესენი დიდხანს ვერ იქნებიან ერთად, მალე დასცილდებიან და ა.შ. ესაა დიდი სუსულელე. ჩემგან ასეთი რაღაცები ძალიან შორსაა, ჩვენს ოჯახში სხვისი პირადის განხილვა არასდროს ხდებოდა. ზოგადად, ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა მოიწყოს ცხოვრება, ამის გამო ადამიანი არ უნდა განკითხო. როდესაც მე თინეიჯერი ვიყავი, ყველაფერი სხვაგვარად იყო. თუ სადმე გვიანობამდე ვრჩებოდი, იყო რეკვები, გვაკითხავდნენ მშობლები. დაბადების დღეზე გვიანობამდე რომ დავრჩენილიყავი, წამოსვლისას აუცილებლად მამაჩემი მაკითხავდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ოჯახში იზრდება ბავშვი, ამას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია შვილზე. თუ მშობლები მყარად არიან, დედა ცალკე არ დადის დილის 5 საათამდე გასართობად და მამა – ცალკე, დილის შვიდ საათამდე, მაშინ არ მგონია, ბავშვი უკუღმართი გზით წავიდეს. თუმცა ამის გადაჭრით თქმაც არ შეიძლება. პირველ რიგში ოჯახს და მერე უკვე სამეგობრო წრეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აქ არანიარად არ ვგულისხმობ ფინანსურ მხარეს, მთავარია, შენი შვილის მეგობარი კარგი აღზრდილი იყოს. გარდატეხის ასაკში მოზარდის ტვინი სხვანაირად იწყებს განვითარებას, ფიქრს, ეს ძალიან რთული ეტაპია და ძალიან საყურადღებო, მთავარია, ამ პერიოდში არ აცდეს ბავშვი გზას.

– ვინაიდან სამეგობრო წრეს ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვენ ერევით ან ჩაერევით შვილისთვის მეგობრების შერჩევაში?
– ჩავერევი. ბაღისა თუ სკოლის შერჩევისას კონტიგენტს ძალიან მნიშვნელობას ვანიჭებ. საყურადღებოა, როგორი ჯგუფელები ეყოლება ბაღში, როგორი კლასელები – სკოლაში. მხოლოდ ამ მხრივ არ ხდება ბავშვის სწორად ჩამოყალიბება, თუმცა გარკვეული როლი ამასაც აკისრია. მშობელმა ყოველთვის უნდა გააკონტროლოს ბავშვი. იყო შემთხვევა, როცა შვილმა მშობელს უთხრა, დაქალთან ვრჩებიო, რეალურად აგარაკზე მეგობრებთან ერთად ორგიების მოსაწყობად ავიდა. როცა ეს არასრულწლოვანი ბავშვები დააკავეს და ოჯახებში დარეკეს, თითქმის ყველამ ასე იცოდა, რომ მათი შვილები მეგობართან რჩებოდნენ.
ბავშვი არასდროს არ უნდა სცემო, მასთან ძალიან გახსნილი ურთიერთობა უნდა გქონდეს უნდა გესაუბრებოდეს – პირადზე, სიმპათიებზე. მშობლემა უნდა მისცე საშუალება, გაიხსნას, ასე შენც მშვიდად ხარ, რადგან იცი, რა ხდება შენი შვილის ცხოვრებაში და ბავშვსაც შენზე კარგად ვერავნ დაარიგებს. მეგობრული ურთიერთობა აუცილებელია.

– ელენე, ოჯახის უფროსის თემა როგორ გესმის. რას ნიშნავს ეს, როცა გენდერულ თანასწორობაზეა საუბარი?
– ჩემს ოჯახში უფროს-უმცროსობა არ ყოფილა, ყველა ერთიანად ვიღებდით გადაწყვეტილებებს, ყველა ერთი და იგივე უფლებებით ვსარგებლობდით და ასეა დღემდე.
– ახლა რძალ-დედამთილობის ინსტიტუტზე მინდა გავიგო შენი აზრი, ესაა თემა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს…
– კი, ასეა. მე და ჩემი დედამთილი ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ასეც რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, მაინც არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვექნებოდა. არანაირი პრობლემა არ მქონია მასთან და არ მაქვს ის მომენტი, სამეგრელოში რომ ჩავდივარ, თავი მოვაწონო, ავდგე დილის 6 საათზე, დავრეცხო, გავხეხო, დავალაგო და ა.შ. მგონია, რომ ეს საშინელი წესები და თავის მოჩვენებები, თუ როგორი ყოჩაღია რძალი, უნდა მოიშალოს. მე მაგალითად, მახსოვს, როცა შევედი ჩემი ქმრის ოჯახში, ვფიქრობდი, ნეტა როგორი ქალია ჩემი დედამთილი, რა თემაზე უნდა ვესაუბრო და ა.შ. ნელ-ნელა გავიცანი კარგად და დღეს უთქმელად ვხვდები, რა მოსწონს, რა – არა და ა.შ. ისიც ასეა და ალბათ ამიტომაც გვაქვს კარგი ურთიერთობა.

– როგორ ფიქრობ, ვისი დამსახურებაა ამ ორ ადამიანს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება?
– მგონია, რომ რძალი უნდა შევიდეს დადებითი განწყობით და ასეთივე ენერგიით უნდა დახვდეს დედამთილი, რადგან ეს ორმხრივი ურთიერთობაა. ოჯახში რძალი რომ შედის, ჯერ უნდა გაიცნოს ოჯახის წევრები, ამოიცნოს ისინი და მოერგოს მათ წესებს, მაგრამ თუ იქ ისეთი წესებია, რომ ქალი აუცილებლად უნდა ადგეს 6 საათზე, ხეხოს, რეცხოს, დილიდანვე შეუდგეს ათასგვარი სადილის კეთებას, ეს მონობაა და არა რაიმე სახის ურთიერთობა ან პატივისცემა. გადმოცემით ვიცი, რომ ადრე, უფრო ჩემი მშობლების თაობაში იყო ასეთი წესები, პატარძალს რომ შემოიყვანდნენ, ახალთახალ ცოცხს ახვედრებდნენ, მეორე დილით რომ ადგებოდა, მთელი კარ-მიდამო, ეზო, შესასვლელი ქუჩა უნდა დაეგავა, ამ შემთხვევაში ოჯახი და უბნის სამეზობლო მაგარ რძლად აღიარებდა. ეს რა უბედურებაა, არ მესმის.

– მეზობლობამ რომ უნდა გაღიაროს კარგ ან ცუდ რძლად – ეს საოცარი ფენომენია…
– საშინელებაა სხვის დასანახავდ რაღაცების კეთება. ხშირია ასევე მაზლისცოლებს შორის ჯიბრი. ერთი თუ საზღვარგარეთ წავა დასასვენებლად, მეორე ვალს აიღებს და ისიც აუცილებლად გაემგზავრება, ჩაიცვამს და გაიკეთებს რაიმე ძვირად ღირებულს იმის ჯიბრზე, იმიტომ, რომ მან ეს უკვე გააკეთა და არ უნდა ამით ჩამორჩეს. სადმე რომ მიდიან, ითხოვებენ, ივალებენ და ყველა თითზე ბრილიანტს დაიკიდებენ, რომ ვიღაცამ დაინახოს და თქვას, აუფ, რა ოქრო აქვსო. ესაა მარაზმი. რაც გაქვს, ის უნდა ჩაიცვა გემოვნებით, ფასი და ღირებულება არ წყვეტს არაფერს. პირადად მე არ მყავს მანქანა, ვერანაირი ფოტოსთვის, ვერანაირი გადაღებისთვის ვერ ვითხოვ, რომ სხვამ დამინახოს. არ მყავს და რა მოხდა?! იმისთვის ვარ ახალგაზრდა, იმისთვის ვშრომობ, რომ ბევრს მივაღწიო და ბევრი შევიძინო, რა მოხდა, თუ დღეს არ მყავს??? ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ვიცი, რომ მოვა დრო და ყველაფერი მექნება. დღეს სხვანაირი ცხოვრებაა, პრაქტიკულად უნდა ვიცხოვროთ. თუნდაც, ეს “მადონას” სერვიზები რატომ ჰქონდათ და რატომ შესცქერდონენ მთელი ცხოვრება, ვერ ვხვდები. შეიძლება ბევრი გამინაწყენდეს, მაგრამ “მადონას” სერვიზს, სადა ჭურჭელი მირჩევია, რომელსაც გამოვიყენებ და არ იქნება დასათვალიერებლი “ობიექტი”. ასეთი საშინელი, ამპარტავნული, კუდაბზიკური წესები აუცილებლად უნდა მოვიშალოთ.

 

წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები