დღეს მზის დაბნელებაა – “რასაც ისურვებთ, აუცილებლად ასრულდება”

მზის დაბნელება – 21.08.2017- 22 სთ. 22 წ. 30 წმ. თბილისის დროით.
როგორც იცით, მზის დაბნელება უზარმაზარი ენერგიის ამოფრქვევის მომენტია. ამიტომ მზის დაბნელების ეშინოდათ არა მარტო უბრალო ადამიანებს, ასტროლოგებიც ცოტა შიშის თვალით უყურებდნენ, რადგან ჰოროსკოპში დაბნელება კარმული ენერგიის, საბედისწერო ენერგიის ამოფრქვევის წერტილია. ზოგჯერ დაბნელება მიგვითითებს იმ ადგილებზე, სადაც რაღაც უნდა გამოვასწოროთ ისეთი მოვლენებით, რომლებიც არცთუ ისე სასიამოვნოა ჩვენთვის.
ჩვენი მიზანია, ეს ენერგია დადებითად გამოვიყენოთ, ვინაიდან ენერგია არ შეიძლება იყოს ან აბსოლუტურად დადებითი, ან აბსოლუტურად უარყოფითი. მთავარია, როგორ მოვემზადებით და გამოვიყენებთ ამ ენერგიას. ერთის მხრივ, მზის დაბნელებაზე შესაძლებელია მოხდეს საბედისწერო მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, მეორეს მხრივ – ეს არის ფანტასტიკური, ზღაპრული მომენტი ახალი დიდი ეტაპის დასაწყებად, ვინაიდან დაბნელებამ შეიძლება დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში ახალი, 18,5- წლიანი ციკლი.
ამიტომ ყოველი დაბნელება – ეს არის, უარყოფითი ენერგიებისაგან განთავისუფლების, ახალი სურვილების ჩასაფიქრებლად, ფულის და სიყვარულის მოსაზიდად უნიკალური შანსი.
დღეს მოგიყვებით მარტივ და დროით შემოწმებულ პრაქტიკას, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ დაბნელების დროს.
რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად დაბნელება მოქმედებს იმ ადამიანებზე, ვისაც რუკის აქტიური წერტილები დაბნელების წერტილში უხვდება, ან მათზე, ვინც დაბადებულია დაბნელების დროს, ან დაბნელებებს შორის. ასევე, ვინც დაბადებულია, პლუს-მინუს ერთი კვირა, დაბნელებამდე, და ასევე ანალოგიურად, ოპოზიციურ ნიშანში.
რადგან მთვარის დაბნელების დროს ჩვენ ვთავისუფლდებოდით ყველაფრისგან, ნეგატივისგან, რაც არ გვჭირდებოდა, მზის დაბნელებაზე – ჩვენ, პირიქით, უნდა შემოვიტანოთ ახალი ენერგიები, აქ უკვე გვეძლევა შანსი, ყველაფერი შევცვალოთ უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ.
თქვენ დაბნელების მომენტისთვის კარგად უნდა იცოდეთ, რისი შეცვლა, რა სიახლის შემოტანა გინდათ თქვენს ცხოვრებაში. რასაც თქვენ გააკეთებთ დაბნელების დღეს, რასაც იფიქრებთ – მრავალი ადამიანის ცხოვრებაში ეს ჩაცემენტდება 18,5 წლით. ეს უნდა გახსოვდეთ და შეინარჩუნოთ მაქსიმალური სიწყნარე და წონასწორობა, რაც შეიძლება მეტად განკერძოვდეთ მნიშვნელოვანი საკითხებისგან.
3 დღით ადრე დაბნელებამდე და უშუალოდ დაბნელების დღეს არ მიიღოთ რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუ 100 პროცენტით არ ხართ დარწმუნებული, ვინაიდან, რასაც გააკეთებთ მზის დაბნელების დროს – ყველაფერი გაიზრდება და გაბევრდება. ამიტომ კარად დაფიქრდით, რას ჩაიფიქრებთ – დაბრუნება უკვე შეუძლებელი იქნება. თუ მთვარის დაბნელებაზე ჩვენ ვმუშაობდით ჩვენს ქვეცნობიერთან, ჩვენს ფსიქიკურ ენერგიებთან, მზის დაბნელებაზე ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ნებასთან, საკუთარი „მე“-ს გარეგნულ გამოვლინებასთან, ჩვენს ფიზიკურ სამყაროსთან.
მოდით, ჩამოვთვალოთ, რა უნდა გააკეთოთ მზის დაბნელებაზე.

1. მაქსიმალურად განკერძოვდით, გაწონასწორდით. თუ ხედავთ, რომ გარემო აგრესიულია, იწყება ვნებათაღელვა – ეცადეთ, შეძლებისდაგვარად, გაეცალოთ გარემოს. სასურველია, რომ დაბნელების დღეს არავითარი აქტიური საქმე არ დაგეგმოთ.

2. ზოგადად, რა თქმა უნდა, ჰოროსკოპის გათვალისწინებით, ფატალური მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში ხდება, როგორც წესი, ერთი თვის მანძილზე, დაბნელებამდე, და ერთი თვის განმავლობაში, დაბნელების შემდეგ. თუ დაბნელებაზე თქვენს ცხოვრებაში ხდება მოვლენები, რომლებიც თქვენზე არ არის დამოკიდებული, ეს მოვლენები ცხადყოფს იმას, რომ იმ კონკრეტულ სფეროში საჭიროა სასწრაფო ცვლილებები. საუბედუროდ, დაბნელება ზოჯერ გვართმევს რაღაცას. თუ ასე მოხდა, ესე იგი, ეს არის თქვენი საბედისწერო გზა, კონკრეტულად თქვენი გამოცდა. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გაუშვათ სიტუაცია, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს. რაც უფრო მეტად მიეჯაჭვებით სიტუაციას, მით უფრო დაიზიანებთ თავს.

3. მზის დაბნელებას იყენებთ როგორც ახლის დასაწყებად, ასევე ძველ, ჩავარდნილ სიტუაციებში ახალი იმპულსის ჩასადებად.

4. აბსოლუტურად უნდა იყოთ მზად იმისთვის, რისი ჩაფიქრებაც გინდათ, ვინაიდან რასაც ისურვებთ მზის დაბნელებაზე – ის მერე აუცილებლად ასრულდება. მაგრამ ზოგჯერ სურვილი სრულდება მთლად ისე არა, როგორც თქვენ ჩაიფიქრეთ. ამიტომ უნდა ჩაიფიქროთ ის, რაშიც 100 პროცენტით ხართ დარწმუნებული.
5. ყველა ასტროლოგი და ეზოტერიკოსი გვირჩევს, რომ მზის დაბნელებას შევხვდეთ მაქსიმალურად გაწმენდილები. 24 საათით ადრე დაბნელებამდე სასურველია, ჩაატაროთ ბინის წმენდა – დალაგება. სასურველია, წყალში, რომელსაც გამოიყენებთ დასალაგებლად, ჩაამატოთ ცოტა მარილი. გარდა ამისა, აუცილებელია მოიპოვოთ სიმშვიდე სულში: ყველაზე მარტივია – პატიება სთხოვოთ ყველას, ვისაც აწყენინეთ, ნებით თუ უნებლიეთ, დააბრუნოთ ვალები, თუ იქნება ამის შესაძლებლობა, ასევე ძალიან კარგია, თქვათ აღსარება სამყაროს წინაშე (ანდა, მოძღვარს ჩააბაროს აღსარება – ვისაც როგორ უადვილდება). მოკლედ, პრინციპი ასეთია – რაც შეიძლება მეტად გაწმენდილები უნდა შეხვდეთ დაბნელებას.

6. 3 დღით ადრე დაბნელებამდე სასურველია დიეტა – ცხიმიანი, ცხარე, ხორცი, ალკოჰოლი, მზესუმზირა, ნიგოზი და თხილი ამოიღეთ რაციონიდან.

7. დაბნელების დღეს ყურადღებით იყავით თქვენი გრძნობების მიმართ – ნებისმიერი თქვენი ფიქრი, სურვილი, რომლებსაც გააჟღერებთ სამყაროს წინაშე – ყველაფერი უნდა იყოს მსუბუქი, სიხარულით და მადლიერების გრძნობით სავსე, არ უნდა დაჰყვებოდეს სიმძიმე. თუ ცუდად იგრძენით თავი და რაღაც სხვა ძალები გიშლიან ხელს, რომ დაწყნარდეთ, გრძნობთ ენერგიის არასაკმარისობას, თუ ვერ განთავისუფლდით ცუდი აზრებისგან და გრძნობებისგან – უკეთესია, რიტუალი არ ჩაატაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რიტუალი აბსოლუტურად დადებითი განწყობით ჩაატაროთ.

8. ახლა უშუალოდ რიტუალი – მე მოგიყვებით ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ დაბნელების რიტუალზე. ერთი საათით ადრე დაბნელებამდე ოთახში უნდა იყოს სიბნელე. დაბნელებას არ უყურებთ არავითარ შემთხვევაში (ახლა ჩვენთან მაინც არ გამოჩნდება).

სვამთ ერთ ჭიქა წყალს პატარა ყლუპებით. მიდიხართ კონტრასტული შხაპის მისაღებად. ქალებისთვის შხაპი უნდა იყოს ცივი, ცხელი, ცივი. მამაკაცებისთვის – ცხელი, ცივი, ცხელი.

იცვამთ სუფთა ტანსაცმელს – ღია, პასტელურს, ან თეთრი ფერისას. აიღებთ ახალ სანთელს. თუ სანთელი დიდია, მაშინ გაჭრით სანთელს 2 ნაწილად, ისე, რომ სანთელი ბოლომდე დაიწვას. ისე გათვალეთ, რომ სანთელი გეყოთ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.

უყურებთ სანთელს და კარგად წარმოიდგენთ სურვილებს. წინ უნდა გედოთ სუფთა ფურცელი, რომელზეც დაწერთ, ან დახატავთ თქვენს სურვილებს, დაწერთ გეგმას. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ მთელი წლის გეგმა და აქვე უნდა ჩაწეროთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ, პირადად, ამ სურვილის განსახორციელებლად. ერთი ნაბიჯი მაინც. ეს შეიძლება იყოს ბიზნესგეგმა, ან ნახატი, რომელშიც თქვენ დახატავთ საკუთარ თავს იმ ცხოვრებაში, რომელშიც თქვენ გინდათ იყოთ. ამას ყველაფერს იწერთ და თან წარმოსახავთ.

დაბნელების კულმინაციის მომენტში უნდა მკვეთრად წარმოიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი უკვე გაქვთ, უნდა იგრძნოთ, დაინახოთ. რაც მეტი ემოცია გექნებათ – მით უკეთესია. თუ ცოტა დრო დაგრჩათ დაბნელების კულმინაციამდე – მაშინ შეგიძლიათ დაწვეთ თავით აღმოსავლეთით და უბრალოდ მიიღოთ სიამოვნება იმისგან, რომ ყველაფერი უკვე ასრულდა, გაიღიმეთ და მიიღეთ სიამოვნება.

ქალებს სანთელი უნდა ედოს მარცხნიდან, მამაკაცებს – მარჯვნიდან.
დაბნელების კულმინაციის შემდეგ თქვენ ჯერ კიდევ ხართ იმ განცდაში, რომ თქვენ შეგისრულდათ ყველაფერი, რომ თქვენ ყველა ამ სიკეთის ღირსი ხართ. თქვენ ეს ყველაფერი მოსთხოვეთ სამყაროს და სამყარომ მიიღო და შეასრულა თქვენი შეკვეთა.

დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში კულმინაციის შემდეგ – უნდა გაუშვათ თქვენი სურვილები სიხარულით, მადლიერების გრძნობით, იმის შეგრძნებით, რომ სამყარო არის უსასრულო და მას გააჩნია ყველაფრის რესურსი. ეს სურვილები საჰაერო ბუშტივით უნდა აფრინდეს სამყაროში, – ეს არის ჩვენი შეკვეთა, სიხარული, ბედნიერება, ეს არის ის, რის მისაღებადაც ვართ მზად. და სამყარო ამას გაიგებს.

ამის შემდეგ ვსვამთ ისევ ერთ ჭიქა წყალს და ვიღებთ კონტრასტულ შხაპს. ვინახავთ ჩვენს ჩანაწერებს, რომ პერიოდულად გადავიკითხოთ, სასურველია – ყოველ ახალმთვარობაზე. სანთელი ამასობაში უკვე უნდა დაიწვას. თუ არ დაიწვა, მაშინ ჩააქრეთ რამით, სული არ შეუბეროთ.

დაბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგი 2 კვირის მანძილზე გადადგათ პატარა ნაბიჯი მაინც ამ სურვილის განსახორციელებლად. სულ პატარა ნაბიჯიც საკმარისი იქნება, რომ თქვენი ნება დაფიქსირდეს. ეს 2 კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენს სურვილებს მისცეთ იმპულსი.

ასტროლოგი ლია ბარათაშვილი
Geoastro.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები