დიღომში მომხდარი ტრაგედიის ექო სოცქსელებში – „13 ივნისის მერე, ასეთი ერთიანი საქართველო არ ყოფილა”

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებამ და მომხდარმა ტრაგედიამ ქართველი ერი გააერთიანა. სოციალურ ქსელში დაზარალებულების დახმარების სურვილი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გამოთქვა.
„ადგილზეც შევთავაზე დაზარალებულებს და აქაც დავწერ.მეც შემიძლია დახმარება. 4-5 კაცის ადგილი მაქვს. პარალელურ ქუჩაზე ვცხოვრობ“
„ჩემს პატარა ოჯახს სურვილი აქვს და ვალდებულია ქვეყნის და ერის წინაშე დავეხმაროთ და გვერდით დაუდგეთ ერთმანეთს. მოვათავსებ 3 ადამიანს, მივაკითხავთ ჩვენივე მანქანით სადაც არ უნდა იყვნენ…უფალმა დალოცოს ჩვენი პატარა საქართველო…. შეგვეხმიანეთ ნებისმიერ დროს ჩვენ თქვენს გვერდით გვინდა ყოფნა“
„13 ივნისის მერე, ასეთი ერთიანი ჯერ არ ყოფილა საქართველო! რუსთავიდან გეხმაურებით, თუ დაგჭირდით, მეც თქვენ რიგებში მიგულეთ! მეამაყებით ყველა!!!“
„თუკი დაზარალებულებისთვის ანგარიშის ნომერი გაიხსნება, შემიძლია მცირედი თანხით დახმარება. ძალა ერთობაშია“
„ცხელ ხაზზე დავრეკე და ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება დახმარებაო… ოჯახებში რომ დაბრუნდებიან, ფაქტობრივად ნულიდან მოიწევთ ყველაფრის დაწყება. მზად ვარ, ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინო, რაც შემეძლება. მე და ჩემი ჯგუფი თქვენს გვერდით ვართ!“
„ვისაც წასასვლელი არ აქვს სიამოვნებით დავუთმობ ბინას მარჯანიშვილზე, შემეხმიანეთ“
„თუ რომელიმე დაზარალებულ პატარას სჭირდება I ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი მზად ვარ დაგეხმაროთ“
„მზად ვარ დაგეხმაროთ რაშიც დაგჭირდებით. აგრეთვე თუ ბავშვებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება, დამიკავშირდით“
ცნობისთვის, თბილისის მერიამ 27 დაზარალებული დედაქალაქის რამდენიმე სასტუმროში გადაანაწილა. დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულების ნაწილმა ღამე თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ტეხასში“ გაათენა, ნაწილმა კი გურამიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო „შაინში“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20:30 წუთზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შემდეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, 7 კი დაშავდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები