„დედის საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“ – ახალგაზრდა მეეზოვეს სევდიანი ამბავი

ახალციხეში ყველაზე ახალგაზრდა, 27 წლის მეეზოვეს პირველი სამუშაო დღე, შესრულებული გეგმები და სამომავლოდ დასახული მიზნები. რაზე წყდება გული და რაზე ოცნებობს ნადეჟდა სოკოლოვა –
ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში.
„დედის საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“, – ამბობს ნადეჟდა.
ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურში ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე 27 წლის ნადეჟდა სოკოლოვაა. ნადეჟდა მეეზოვედ უკვე მეშვიდე წელია მუშაობს და ამბობს, რომ ამ პროფესიის დაუფლებაზე არასდროს უფიქრია და მეეზოვედ მუშაობა მძიმე სოციალური პირობების გამო გადაწყვიტა.
ახალგაზრდა მეეზოვეს, რომელსაც 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩებზე ყოველდღე შეხვდებით, პირველი სამუშაო დღე არასდროს ავიწყდება:
„ჩემს ადგილზე ადრე დედა მუშაობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, კი ეს პროფესია მე გავაგრძელე. მაშინ 21 წლის ვიყავი, დედა დავასაფლავე და მაგ დღესვე სამსახურში გამოვედი. თან ვტიროდი, თან ქუჩას ვალაგებდი“, იხსენებს სოკოლოვა.
ნადეჟდას თქმით, მეეზოვედ მუშაობა თავიდან რცხვენოდა, მეტიც, როდესაც ნაცნობებს და უნივერსიტეტიდან მომავალ კლასელებს ხედავდა იმალებოდა: „ახლა მივეჩვიე, აღარ მრცხვენია“.
მიზეზი, რის გამოც სირცხვილი უნდა გადაელახა დედის საფლავი იყო: „საფლავი უნდა გამეკეთებინა, ამას ფული სჭირდებოდა, გავაკეთე და მალევე მამაც გარდაიცვალა. მის საფლავზე ახლა მხოლოდ სურათის დახატვა დამრჩა“.
ქვის დახატვის შემდეგ, ნადეჟდა ფულის შეგროვებას სახლისთვის დაიწყებს: „სახლი, რომელშიც ვცხოვრობდი ორი წლის წინ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დედამთილმა წამართვა. ვაპირებ, რომ ამის გამო, სასამართლოში ვიჩივლო, იმედია გავიმარჯვებ“.
იგი ახლა მარტო, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს: „ადვოკატებისა და ბინის ქირის გამო, სახლის საყიდლად ფულის მოგროვება, ალბათ, გამიჭირდება. ეს ერთდაერთი ოცნება მაქვს და იმედია, ავიხდენ. სამსახურის შეცვლას კი ჯერჯერობით არ ვაპირებ“.
ამბობს, რომ უკვე ძალიან სცივა და განსაკუთრებით, დილით ადრე ხელები ეყინება, თუმცა რომ არ იმუშაოს სხვა გამოსავალი არ აქვს: „ძალიან ძნელია, მცივა. საღამოს ხუთი საათიდან 12 საათამდე ვასუფთავებ. ყინავს, მაგრამ არავის იმედი მაქვს და ამიტომ უნდა ვიმუშაო“.
ნადეჟდა იმედოვნებს, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება. ახალგაზრდებს კი ურჩევს, რომ კარგად ისწავლონ: „ყველაფერი კარგად იქნება. შეეცადეთ, რომ ისწავლოთ და ჩემსავით პირველივე სამუშაო დღეს ცრემლები არ ღვაროთ“.

კომენტარები

სხვა სიახლეები