დედამ 14 წლის ქალიშვილი 12 ათას რუბლად გაყიდა

პერმში, დედამ 14 წლის გოგონა, სხვა ოჯახს 12 ათას რუბლად მიჰყიდა. ახლომდებარე სოფელში გოგონა მოტყუებით გაათხოვეს, რადგან დედას მისი მოვლის საშუალება არ ჰქონდა. ქორწილის, საშინელი ყოფის და მუდმივი ძალადობის შემდეგ, გოგონამ, სახელად ამალიამ, მეტის მოთმენა ვერ შეძლო და ახალი ოჯახიდან გაიქცა. მშიერ-მწყურვალი ბავშვი პოლიციამ გზაზე იპოვა და ბავშვთა სახლში მიიყვანა.

გოგონას დედა წარმოშობით ბოშაა, შვილი მან რუსი მამაკაცისგან გააჩინა. გოგონას გარდა, მას სხვა შვილები, ასევე ბოშისგან ჰყავს. როდესაც მისი ქმარი გარდაიცვალა, ქალმა შვილების მოვლა ვეღარ შეძლო და გამოსავალი იპოვა. უმცროსი გოგონა ამალია მან მეზობელ სოფელში მცხოვრებ ოჯახს დაუთმო, სადაც მისი შვილის ასაკის ბიჭი ჰყავდათ. ამალია მეხუთე კლასში იყო. როდესაც გაკვეთილებიდან ბრუნდებოდა, ის ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს. ერთ დღეში ის გათხოვილი ქალი გახდა. ამისათვის დედამ 12 ათასი რუბლი მიიღო. ამალია იხსენებს: „მანქანიდან ორი მამაკაცი გადმოხტა და მანქანაში ჩამტენეს. რამდენიმე საათი მივყავდი. არ ვიცოდი, რა ხდებოდა“.
გოგონა სოფელ ჩაპაევსკში მიიყვანეს. იქ ის 15 წლის ჯანკოს ცოლი გახდა. ისინი უწყლოდ, ბუნებრივი აირის და გათბობის გარეშე ცხოვრობდნენ. მისი ქმარი მთელი დღე ტელეფონით თამაშობდა ან ტელევიზორს უყურებდა, ღამის დადგომასთან ერთად კი, ახსენდებოდა, რომ ცოლი ჰყავდა. გოგონა მთელი დღე სახლის საქმეს აკეთებდა, ქუჩაში მკითხაობდა, მათხოვრობდა. სახლში მას მუდამ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცუდი საქციელისთვის აშიმშილებდნენ. ასე წელიწად-ნახევარი იცხოვრა, ხანდახან დედას ურეკავდა და სახლში წაყვანას სთხოვდა, ემუდარებოდა, თუმცა ამაოდ. დედის პასუხი ერთი და იგივე იყო -„სად წაგიყვანო? უკვე გათხოვილი ხარ, მოითმინე!“ერთ დღეს კი, ამალიამ მეტის ატანა ვერ შეძლო და სახლიდან გაიპარა. პოლიციის თანამშრომლებმა ის ჯერ განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი თავშესაფარში. გოგონას სერიოზული დაავადებები ან ორსულობა არ დაუდგინა. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე იმის გამო აღძრეს, რომ დედამ დაუშვა, ქალიშვილს პერმის ოლქში საბუთების გარეშე ეცხოვრა. მას ჯარიმის გადახდა მოუწია. „ქმრის“ ოჯახი ირწმუნება, რომ ბავშვებს შორის ინტიმური ურთიერთობა საერთოდ არ ყოფილა, გოგონას ძალიან კარგად ექცეოდნენ, ის იტყუება და ახლა ჯანკო ახალ ცოლს – მასზე ბევრად უკეთესს მოიყვანს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები