დააფინანსეს თუ არა ”ნაციონალებმა” ქართველი რეპერების ახალი უცენზურო პროექტი

ქართული ინტერნეტსივრცე დაიპყრო ახალმა ჰიპ-ჰოპპროექტმა სახელწოდებით”ჩემი ქალაქი”, რომელშიც რეპერები მთელი საქართველოდან საკუთარი ქალაქების პრობლემებზე ღიად ლაპარაკობენ და მთავრობის უცენზუროდ მოხსენიებასაც არ ერიდებიან. ამ პროექტმა მსმენელს მისცა საშუალება, არაერთი ახალი სახე აღმოეჩინა ამ მუსიკალურ მიმდინარეობაში, ყველაზე მეტი, 281 713 ნახვა”იუთუბზე” ზაზა ნოზაძეს, სცენური ფსევდონიმით, SF-X, აქვს. მისმა ტექსტებმა, სადაც ცნობილ სახეებსაც ახსენებს, დიდი გამოხმაურება გამოიწვია ინტერნეტმომხმარებლებს შორის.”ჩემს ქალაქში სულ ყველა აკეთებს ნაკლებს, ვიდრე ყბედობს, არათუ დრონი, არათუ მეფენი, არამედ შიში მეფობს”, – ამბობს რეპერი.

– ჩემი ფსევდონიმი უკავშირდება ჩემს საყვარელ ჯგუფს 90-იანი წლებიდან, ქართულად კი ასე ვთარგმნი, სიმართლის ფანატიკოსს, ადამიან-X-ს, რომელიც არ ჩანს.

– რეპერობა საქართველოში ასოცირდება…
– გოიმობასთან (იღიმის). ზოგადად, მიყვარს მუსიკა, განსაკუთრებით ჰიპ-ჰოპი, ჩემთვის ეს მუსიკალური მიმდინარეობა საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. გულს მწყვეტდა ის ფაქტი, რომ გაუნათლებლობის გამო ჰიპ-ჰოპს რეპუტაცია ჰქონდა შელახული საქართველოში. მინდოდა ამისი გამოსწორება. ვფიქრობ, ჯგუფმა”ქსელი 56”, რომლის წარმომადგენელიც მე ვარ, 2012 წლიდან ამ მხრივ გარდატეხა შეიტანა და ამ ჟანრის მოსმენა აღარ ტეხავდა.

– ”ქართულმა ოცნებამ” ხომ არ აგიხდინათ ოცნება?
– არც ჩემთვის და არც სხვისთვის, ვფიქრობ,”ქართულ ოცნებას” ოცნება არ აუხდენია, უბრალოდ, 2012 წელს გამოვჩნდით, თორემ მანამდეც ვწერდით მუსიკას. როდესაც ჩვენი პროექტი”ჩემი ქალაქი” ინტერნეტში გამოჩნდა, რამდენიმე არხმა მას პოლიტიკური აქცია უწოდა, არადა, სრულიად აპოლიტიკური პროექტია. ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს გაკეთდა პირველი აქცია, ექსპოზიცია, ვიდეოკლიპი, რომელშიც”ქსელი 56”-ის ხუთივე წევრი ვმონაწილეობდით და ვეხებოდით იმ პრობლემებს, რაზეც საზოგადოებაც გამოხატავდა აღშფოთებას. ციხის კადრების გასაჯაროების შემდეგ პირში წყლის ჩაგუბება არ შეიძლებოდა, ამის მერე დავიწყეთ აქტიურობა. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მსმენელის წინაშე, რომელთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

– ”ჩემი ქალაქის” ფარგლებში გამოსულ შენს სიმღერაში ბევრ სოციალურ პრობლემაზე ამახვილებ ყურადღებას. კითხულობდნენ, კარგი არაფერია ამ ქალაქში, მხოლოდ ცუდს რომ ხედავენო? სწორედ ამიტომაც გავრცელდა ალბათ ხმა, რომ”ჩემი ქალაქი””ნაციონალებმა” დააფინანსეს.
– ძალიან ბევრი სიმღერა გექნებათ მოსმენილი თბილისზე, რა კარგია ჩემი ქალაქი, ნარიყალა და მთაწმინდაო. ჩვენ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები ვართ, ეს მიმდინარეობა პრობლემების გასაპროტესტებლად შეიქმნა, პოპ-მომღერალმა შეასრულოს სიმღერები იმაზე, რა ლამაზია მისი ქალაქი, ჩვენ კი იმ პრობლემებს გავახმოვანებთ, რაც თითოეულ ადამიანს აწუხებს. ეს მევალება როგორც ამ მიმდინარეობის წარმომადგენელს და არა ის, რომ ვაქო და ვადიდო. რაც შეეხება დაფინანსებას, მადლობა ჩემს ორ მეგობარს, რომლებმაც კარგი ხარისხის კამერა მაშოვნინეს. 14 ღამე გავათენეთ ამ პროექტისთვის ვიდეოკლიპების გადასაღებად. არანაირი დაფინანსება არ გვქონია.

– ”ჩემი ქალაქის” იდეა ვის ეკუთვნოდა?
– ერთ მშვენიერ დილას უცებ დამარტყა თავში ამ იდეამ. ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ მინდოდა ამ პროექტის განხორციელება, იდეა რატომ არ უნდა დაბადებულიყო, სადაც ვცხოვრობთ, იმ ქვეყნის პირობებში?!. ეს აქცია არის 90% პროტესტი, 10% კი ის, რომ გა-მოჩნდეს, ქართული ჰიპ-ჰოპი არსებობს და გამოჩნდა კიდეც. როცა სამ ლაივს გააკეთებ და სულ გაავსებ დარბაზს, შეგიძლია, საკუთარ თავს კი არ ელაპარაკო კედელთან, არამედ ხალხს მიმართო და გამოხატო შენი აზრი, რა ვარგა და რა – არა.

– რა არ ვარგა?
– კარგი იქნება, თუკი მოუსმენთ”ქსელი 56”-ის ახალ ალბომს – ”ამნისტია თავისუფლებას”, რომელიც ამ თემებს ეხება და მალე გამოვა (იღიმის). 16 კომპოზიცია იქნება თავმოყრილი.

– სხვა რეპერებთან რა ურთიერთობა გაქვს?
– მეგობრული ურთიერთობა მაქვს ძვალთან, ჯგუფ”დივერსანტებთან”, დანარჩენებს გამარჯობით ვიცნობ. ადრე საშუალება არ ჰქონდათ, რომ სწორად ესწავლათ, რას ნიშნავს ჰიპ-ჰოპი.Dr. Dre-ს რომ მოჰპარავ მელოდიას და იმას ქართულ ტექსტს დაადებ, ყველამ იცის, გაეცინება და გოიმობად ჩათვლის. ჰიპ-ჰოპი მას მერე საკმაოდ განვითარდა საქართველოში.

– თეატრალურ უნივერსიტეტს ამთავრებ წელს.
– როგორც თავადაც მიხვდებოდით, ძალიან მიყვარს თვითგამოხატვა. არ შემიძლია, კინო რომ არ გადავიღო. სარეჟისოროზე ვსწავლობ და ამის გარეშე ვერ გავძლებ, დაავადებასავითაა. ჩემი ინტერესის სფეროშია პოეზია და სამსახიობო ოსტატობა. წელს ვაპირებ ლექსების კრებულის გამოცემას. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში ჩემი ლექსით”იყიდება საქართველო” გავხდი პოპულარული. იქაც საზოგადოებრივ პრობლემებზეა საუბარი, ოღონდ უფრო მაღალფარდოვნად, ვიდრე ჰიპ-ჰოპში.

– შენი კომპოზიციიდან”გეფიცები გია ჯაჯანიძეს, გაგაგიჟებს” აიტაცეს.
– არ ვიცი, ამას ვინ როგორ აღიქვამს. ირონიულად მინდოდა ჩემი დამოკიდებულების გამოხატვა. მანამდე ვთქვი,”გეფიცები თინა მახარაძეს, გაგაბანძებს”. პიროვნულად არაფრის თქმა არ მინდა, თუკი მომინდება, მირჩევნია, პირადად მივიდე და ვუთხრა, რა არ მომწონს. ამის საშუალება არ მაქვს.

– თინა არ მოგწონს?
– თინა მახარაძე ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ ერთ რამეში ვერ ვეთანხმები. შეიძლება, ეპატაჟი იყოს დადებითი და ადამიანი ნიჭის წყალობით გახდეს პოპულარული და არა იმის თქმით, ასე ვშვრები რაღაცას და ისე ვშვრებიო. აქ საზოგადოების პრობლემაა. თინა მახარაძეს კი არ ვუწოდებ ბანძს, უბრალოდ, ის გაგაბანძებს იმიტომ, რომ მასზე ლაპარაკობ და ნუ ილაპარაკებ. ასეთი ადამიანები, როდესაც ყურადღების ცენტრში ვერ ექცევიან, ალბათ, საშინლად ითრგუნებიან, რადგან ვერ მოიგეს, თორემ ეკო დეისაძე ჩემი მეგობარია.

– კარგი. შენს პირადზე რას გვეტყვი?
– იმდენად დაკავებული ვარ ფილმზე, მუსიკაზე, ახალ პროექტზე, წიგნზე ფიქრით, რომ პირადი ცხოვრებისთვის არ მცალია (იღიმის). სერიოზული ურთიერთობა არავისთან არ მაქვს და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. 24 წლის ვარ და ალბათ, ამისი დროც დადგება.

– არასდროს გქონია სერიოზული ურთიერთობა?
– ყმაწვილბიჭობაში მქონია ძალიან სერიოზული ურთიერთობა, რომელსაც მივტიროდი. ჯერჯერობით ის მუზა შემომრჩა დღემდე. ძალიან ლამაზი იყო.…

– თაყვანისმცემლები ყურადღებას როგორ გამოხატავენ?
– ბოდიში მათ, ვისაც ვერ ვპასუხობ, რადგან ფიზიკურად ვერ ვახერხებ, მაგრამ მათი დამოკიდებულება ჩემდამი იმდენად დიდი სტიმულია, რომ ალბათ, ვერც წარმოუდგენიათ. ჩემი საქმით ფული არ იშოვება, ეს უბრალოდ ისაა, რის გარეშეც ვერ ვიქნები. პოლიტიკაში მე ვერ წავალ და ჩემი სათქმელი ასე უნდა ვთქვა (იღიმის), ამ სფეროსადმი დიდი ანტიპათია მაქვს.

– ქუჩის ცხოვრებისადმი რა დამოკიდებულება გაქვს?
– ვიყავი ბავშვი, რომელსაც ყველაფერი აინტერესებდა. დიდად არ შევცვლილვარ, ექსცენტრიკაში ჩამომართვით, თუ გინდათ. ქუჩის გამოცდილებას რაც შეეხება, 90-იანი წლების ბავშვი ვარ, 2006 წლამდეც, ვთვლი, რომ 90-იანები იყო საქართველოში, ზუსტად მაშინ, როცა გარდატეხის ასაკმა მომიწია. დღემდე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ისევ ქუჩურად”უბერავს”. ზოგი ჩარჩა, ზოგი ამოვიდა, 20%, რომელიც ჩემთან ერთად წამოვიდა.

– ანუ განვითარებული ქუჩის ბიჭი ხარ?
– (იცინის) ძალიან მაგარი ტერმინია. კი, ასეთი ვარ.

წყარო: ჟურნალი ”რეიტინგი”

კომენტარები

სხვა სიახლეები