გოგა ჩანადირი: პრემიერ-მინისტრო! პარლამენტარებო! თქვენ მკვლელებად ყალიბდებით!

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებს ეხება და ხალხს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

„პრემიერ-მინისტრო! პარლამენტარებო! საქართველოს მოქალაქეებო! იცით, რომ თქვენ, სწორედ თქვენ, მკვლელებად ყალიბდებით? იცით, რომ თქვენი მიზეზით საქართველოში ყოველდღე 2 ადამიანი იღუპება? გავეცანი შსს-ს ოფიციალურ მონაცემებს ავტოსაგზაო შემთხვევებზე. 2016 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ აგვისტომდე ანუ 7 თვეში, 3 725 რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შარშანდელზე თითქმის სამასით მეტი (2015 წლის 1- ლ 7 თვეში 3481) წლევანდელი მონაცემებით, დაიღუპა 306 და დაშავდა 5314 ადამიანი. აქედან თბილისში 1802 საგზაო შემთხვევა მოხდა, შარშან კი 1624 იყო. დედაქალაქში დაიღუპა 54 და დაშავდა 2325 ადამიანი. ანუ ყოველდღე 2 ადამიანი იღუპება და 25 შავდება, რომელთა ნაწილი მთელი ცხოვრება უბედურდება.

გესმით ეს რა სტატისტიკაა? გესმით, რომ სიკვდილი თქვენც მოგიახლოვდათ? გესმით, რომ საქართველოში ძალიან ცუდი მძღოლები არიან? გესმით, რომ კატასტროფის წინაშე ვართ? გესმით, რომ საგზაო შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება? გესმით, რომ მხოლოდ 2016 წელს საგზაო შემთხვევებით უფრო მეტი ადამანი დაიღუპა, ვიდრე სხვა მიზეზებით? იცით, რატომ იღუპება თქვენი მიზეზით ამდენი ადამიანი? იმიტომ, რომ არაფრით იღებთ კანონს მოძრაობის წესების გამკაცრებაზე, რომელიც ქულების დაკლებასაც გულისხმობს, არ ზრუნავთ მართვის მოწმობის საგამოცდო სისტემის არსებითად შეცვლაზე, არაფერს აკეთებთ საგანმანათლებლო კუთხით და საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

საქართველოს მოქალაქეებო! იცით, რატომ იღუპება ამდენი ადამიანი? იმიტომ, რომ 1 ნაწილი დარღვევებს ხბოს აღტაცებით ხვდებით, მეორენი – დუმხართ, მესამენი- მოძრაობის წესებს თავად არღვევთ და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ადამიანის სიცოცხლეს თქვენთვის ჩალის ფასი აქვს. პრემიერ-მინისტრო! პარლამენტარებო! საქართველოს მოქალაქეებო! თქვენ მკვლელებად ყალიბდებით!“ – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები