“გგონიათ, რომ ნახევარი ცხოვრება უკვე გავიდა?”- შუახნის კრიზისის ასტროლოგია

რა კავშირი აქვს შუახნის კრიზისს ასტროლოგიასთან, ამის შესახებ ასტროლოგი, დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში წერს:
“შუახნის ასაკს მიუახლოვდით? გგონიათ, რომ ნახევარი ცხოვრება უკვე გავიდა? ღელავთ იმ სურვილებზე, რაც სურვილებად დარჩა? განიცდით იმ დაუგეგმავ ცვლილებებს, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება? ან იქნებ ახლობელი ადამიანია შუახნის ასაკში? მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.
👇 ქვემოთ მოგიყვებით იმაზე, რა არის შუახნის კრიზისი, რა კავშირი აქვს მას ასტროლოგიასთან და აქვე გაგიზიარებთ, როგორი მიდგომებით შეგიძლიათ ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებულად გადალახვა.
💫 ასაკის მატება და დაბერება ბუნებრივი პროცესია და წლების მატების შესაბამისად იცლება ჩვენი ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. ნებისმიერ მდგომარეობას თუ გარდამტეხ ეტაპს თავისთვის დამახასიათებელი გამოწვევები ახასიათებს, რომელთაგან ზოგს მარტივად ვუმკლავდებით, ზოგთან კი გაცილებით მეტი ძალისხმევა და დრო გვჭირდება.
ამ სტატიის დაწერის იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც შუახნის ასაკის ადამიანებთან კონსულტაციების დროს, არაერთი საერთო თემა აღმოვაჩინე. რა თქმა უნდა, საკითხები პლანეტებთან დავაკავშირე და პრაქტიკულ გამოცდილებას და დაკვირვებას, სტატიის სახით ერთად მოვუყარე თავი.
სანამ პლანეტებზე გადავალთ, იქამდე მოკლედ ვისაუბროთ იმაზე თუ რა მოიაზრება ამ ტერმინში.
👉 არსი და გამოცდილება
ფრაზა “შუახნის კრისიზი” სათავეს 1965 წლიდან იღებს, როდესაც ელიოტ ჟაკმა საკუთარ სტატიაში ცხოვრების ეს ეტაპი მოიხსენია, როგორც გარდამტეხი პერიოდი, რომელსაც მომავალი დაბერების შიშით და შფოთვით გამოწვეული ფსიქოლოგიური კრიზისი ახასიათებს. მას შემდეგ სიღრმისეულად შესწავლის მიზნით საკითხზე უამრავმა ფსიქოლოგმა იმუშავა. შუახნის კრიზისის შესახებ ყველაზე ფართოდ გავრცელებული თეორიები კარლ გუსტავ იუნგს და ერიკ ერიქსონს ეკუთვნის.
იუნგი მიიჩნევდა, რომ ეს ეტაპი ცხოვრების შუადღეს წააგავდა და განცალკევებული იყო ადრეული და გვიანი ზრდასრულობისგან. იუნგი ზრდასრულობაში შუახნის ასაკს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გარდამავალ პერიოდად მოიხსენიებდა. ის თვლიდა, რომ ცხოვრების პირველი ნახევარი ის ეტაპია, როდესაც ვაყალიბებთ ჩვენს პიროვნებას – ვსწავლობთ, ვირჩევთ კარიერას, ვქმნით ოჯახს და იქვე ვიღებთ წარმატების ნიშნებსაც ქონების სახით. იუნგიანელები თვლიან, რომ ცხოვრების პირველ ნახევარში საქმე გვაქვს ეგოსა და სელფის განცალკევებასთან. კერძოდ, იუნგი სელფის კონცეფციას ხსნის, როგორც ადამიანში არსებული ცნობიერი, არაცნობიერი და ქვეცნობიერი ნაწილების ერთობლიობას, ეს კი ფსიქიკის განუყოფელი მთლიანობაა. ცხოვრების პირველ ნახევარში იმდენად ვართ ეგოს განვითარებაზე ფოკუსირებული, რომ ამით ვკარგავთ კავშირს ფსიქიკის დანარჩენ ნაწილთან. სწორედ ამის გამო, როდესაც შუახნის ასაკს მივაღწევთ და ასე თუ ისე, ეგო უკვე დაკმაყოფილებულია, ჩვენი ფსიქიკის დარჩენილი ნაწილის დაუკმაყოფილებელი საჭიროებების გამო, ბევრი რამ შეიძლება არასწორად წავიდეს. ცხოვრების მეორე ნახევარი უკვე ნაკლებად ეხება ნივთებისა და ცოდნის დაგროვებას და უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება ცხოვრების აზრის ძიება.
რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ სწორედ ამის გამო შუახნის ასაკში შესაძლოა, ფსიქიკიდან საგანგაშო მესიჯები მივიღოთ – შფოთვა, დეპრესია და ა.შ.. მათი მოგვარებისთვის ხშირად მხოლოდ ფიზიკურ დონეზე მკურნალობა არ არის საკმარისი და არც თუ ისე იშვიათად, იქამდე მივდივართ, რომ ჩვენში მიძინებული ახალი პერსონები და აქტივობები მოვსინჯოთ, გადავყაროთ ძველი და სრულიად რადიკალური ნაბიჯები გადავდგათ.
ერიქსონი, ასე თუ ისე, აგრძელებს იუნგის მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ ეს ის ეტაპია, როდესაც შუახანში მყოფი ზრდასრულისთვის ცხოვრების აზრი საკუთარი გავლენის გაფართოებასა და მომავალი თაობების აღზრდაშია. ამის ალტერნატიულ სცენარად კი სტაგნაციას განიხილავს, რომელსაც თან სდევს ღირებულებების მიმართ კითხვის ნიშნები და ფსიქოლოგიური კრიზისი მოკვდავობის გაძლიერებული განცდის საპასუხოდ.
შუახნის კრიზისის დაწყებისა და დასრულების ასაკზე ბევრნაირი მოსაზრება არსებობს. ზოგი მიიჩნევს, რომ ის 40 წლიდან იწყება და დაახლოებით 50 წლის ასაკში სრულდება. არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ ის შესაძლოა, 40 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყოს და 65 წლამდეც გაგრძელდეს.
🔹 აქვე აღვნიშნავ, რომ სიტყვა კრიზისმა არ უნდა დაგვძაბოს. ცხოვრების მანძილზე არაერთ კრიზისულ ეტაპს გავდივართ, რაც სრულებით ბუნებრივი პროცესია. ეს ყოველივე კი ჩვენი პიროვნების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას ემსახურება მიზნად და ყოველი გადალახული კრიზისი ახალი წარმატების წინაპირობად გვევლინება.
👉 რა ხდება ამ პერიოდში ასტროლოგიურად? რომელი პლანეტები ახდენენ გავლენას და როგორ შეგვიძლია ამ ენერგიებთან წარმატებულად გამკლავება?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას ჩვენი უნიკალური ჰოროსკოპი გვაქვს და ტენდენციებიც ყოველთვის ინდივიდუალურია, არსებობს ისეთი კომბინაციები, რომელსაც ყველა ვიზიარებთ და ასაკობრივ ჭრილში დაჯგუფებას ექვემდებარება (მაგალითად, ბევრისთვის კარგად ნაცნობი სატურნის დაბრუნება 30 წლის ასაკში). ასტროლოგიაში შუახნის კრიზისის პერიოდში სამი ძირითადი მოთამაშე გვყავს – პლუტონი, ურანი და ნეპტუნი. სამივე მათგანის ინდივიდუალურად შეფასებამ კონკრეტული ადამიანისთვის, შესაძლოა შეასუსტოს, გაამძაფროს ან შედარებით სხვა ელფერი მისცეს ამ სტატიაში აღწერილ ტენდენციებს, თუმცა შეგვიძლია მათი ზემოქმედების დახასიათება ისე, რომ მეტ-ნაკლებად შევიქმნათ წარმოდგენა, რა გამოწვევებთან შეიძლება გვქონდეს შეხება.
♇ ▶ პლუტონი – შიშები, კრიზისები, ხელახლა დაბადება
35- დან 65 წლამდე შუალედში თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად მოგვიწევს პლუტონის ენერგიებთან გამკლავება. ვგულისხმობ ტრანზიტული პლუტონის კვადრატს დაბადების რუკის პლუტონთან, რომელიც სხვადასხვა წელს დაბადებული ადამიანებისთვის სხვადასხვა ასაკში იწყება. მაგალითად, თუ 1975 წელს დაიბადეთ, პლუტონის კვადრატი 36 წლიდან გააქტიურდება, თუ 1980 წელს დაიბადეთ – 38 წლიდან, 1985 წლის შემთხვევაში 40-დან და ა.შ. ეს ტრანზიტი ყველაზე ძლიერ გავლენას 12-დან 18 თვემდე ხანგრძლივობით ახდენს, თუმცა მისი ეფექტი გაცილებით დიდ პერიოდზეც შეიძლება ვიგრძნოთ (ისევე, როგორც ქვემოთ ნახსენები სხვა ასპექტების შემთხვევაში).
პლუტონის კვადრატის დროს ისეთ მოვლენებთან გვიწევს შეხება, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება და მათზე ზემოქმედების მოხდენა ძველებური ხედვებით ნაკლებად ეფექტურია. ეს არის ის დრო, როდესაც უნდა მივიღოთ ცხოვრების გაურკვეველი ბუნება და ვაღიაროთ, რომ ყველაფერზე კონტროლის ქონა უტოპიური იდეაა. აქვე ჩნდება კითხვის ნიშნები ჩვენს ფინანსურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც და რესურსების ეფექტური გამოყენება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად გვევლინება. პლუტონი, როგორც ნგრევასთან და ტრანსფორმაციასთან ასოცირებული პლანეტა, ცხოვრების ამ ეტაპზე არაერთ სფეროში გვაიძულებს გავუშვათ ის, რის მიმართაც ჩვენი დამოკიდებულება გულწრფელი არ არის. ეს შეიძლება იყოს კარიერა, ურთიერთობა, მეგობრების წრე. ნებისმიერი რამ, რაც არაჯანსაღია და ემოციური სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება, დიდი ალბათობით, წარსულში დარჩება. მსგავსი ტიპის გაშვებები და ცვლილებები მარტივი არ არის. ესაა მძაფრი ემოციებით გამოწვეული ცვლილებები, რომელიც დამოკიდებულებებისა და ღირებულებების მკვეთრად შეცვლას მოითხოვს.
პლუტონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა შიშებია, რომელსაც ამ პერიოდში გაცილებით მძაფრად ვგრძნობთ. დაბერების, სიმარტოვისა და სიკვდილის შიშით გამოწვეული შფოთვები იმდენად ძლიერი შეიძლება იყოს, რომ საერთოდ დაგვაკარგვინოს აწმყოსა და რეალობის ობიექტურად დანახვის უნარი. ამ პერიოდს თუ ახლობელი ადამიანების გარდაცვალებაც დაემთხვა (მშობელი ან მეგობარი, რომელიც გვეგონა, რომ ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნებოდა), ეს კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებს ცხოვრების სასრულობის სევდას. სწორედ ამიტომ, ასეთ დროს ჯანმრთელობის პატარა პრობლემაც კი, შესაძლოა, რთულ დაავადებად მოგვეჩვენოს და პანიკურად „დავასკვნათ“, რომ „რაღაც სერიოზული გვჭირს“. რა თქმა უნდა, ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტები და პრევენციული ღონისძიებები (სკრინინგები, მაგალითად) ყოველთვის კარგი აზრია, თუმცა აქ განწყობა ძალიან ბევრს ნიშნავს.
იმისათვის, რომ პლუტონის გამოწვევებს გავუმკლავდეთ, ვეცადოთ, მაქსიმალურად მოვერიდოთ პრობლემების ზედაპირულად მოგვარების მცდელობას. პლუტონს ღრმა ანალიზი, მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა და უსაზღვროდ დიდი გულწრფელობა სჭირდება. აქ თავის მოტყუება გამოსავალი ვერ იქნება. ძველი მოვლენებისა და კავშირების ძიების პროცესში აუცილებლად გადავიკვეთებით იმ ადამიანებთან, ვისაც ჩვენს ცხოვრებაზე აქვს გავლენა ან ვის ცხოვრებაზეც ჩვენ გვაქვს გავლენა. დავფიქრდეთ იმაზე, ვინ მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ემოციურ მდგომარეობაზე, ვისზე ვახდენთ გავლენას და როგორია ეს გავლენები. პლუტონი მჭიდრო ადამიანურ კავშირებსა და მათ მნიშვნელობაზეც მიგვანიშნებს. ამ ასპექტის დროს კი იმდენად მძაფრი შეიძლება იყოს ნებისმიერი არაჯანსაღი გავლენის შეგრძნება, ამან დაშორებებამდე და წერტილების დასმამდეც მიგვიყვანოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს მეუღლე იქნება, მეგობარი თუ ბიზნეს პარტნიორი.
პლუტონის ენერგიასთან ეფექტური მუშაობის შედეგად, ზუსტი ასპექტის დასრულების შემდეგ, აუცილებლად ვიგრძნობთ ხელახლა დაბადებას, შინაგან სიმშვიდეს და უსაფრთხოებას გამყარებულ ავტორიტეტთან ერთად.
პლუტონის გავლენას უფრო მძაფრად ის ადამიანები იგრძნობენ, ვისთანაც ამ ასპექტში პირადი პლანეტები და კუთხოვანი სახლებიც დაემატება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, დაბადების რუკაში რომელ სახლს მართავს პლუტონი.
♆ ▶ ნეპტუნი – გაქცევა, ემოციები, როლები
პლუტონთან ერთად, შუახნის ასაკში ნეპტუნთან გამკლავებაც გვიწევს, რომელსაც ძირითადად ქაოსისა და იმედგაცრუების შეგრძნებები მოაქვს. ტრანზიტული ნეპტუნის კვადრატი დაბადების რუკის ნეპტუნთან დაახლოებით 40-43 წლის ასაკის პერიოდს ემთხვევა და ზუსტი ასპექტი 9-დან 12 თვემდე გრძელდება.
იმის გააზრება, რომ ცხოვრების თითქმის ნახევარი უკვე გავიარეთ, გვიბიძგებს შეფასების გაკეთებისკენ – რამდენად შევძელით გვეცხოვრა ჩვენი იდეალების, ოცნებებისა და სურვილების შესაბამისად. ნებისმიერი დანაკლისი დიდ ემოციურ დაუკმაყოფილებლობას იძლევა, რაც შესაძლოა, დეპრესიისა და მელანქოლიის მიზეზიც კი გახდეს. იმედგაცრუების მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს. მაგალითად, სწავლაში ჩადებული დიდი ძალისხმევისა და ძველი მიღწევების მიუხედავად, წლების განმავლობაში დროის უდიდესი ნაწილის გატარება სახლში მოგვიწია; დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ მოვახერხეთ სასურველი კარიერის აწყობა; გვეგონა, მეუღლე უფრო შემდგარი და წარმატებული ადამიანი იქნებოდა, რომელიც შეძლებდა ოჯახის უზრუნველყოფას, ნებისმიერ მომენტში მოახერხებდა ჩვენი ემოციური მდგომარეობისა და საჭიროებების გაგებას და არასოდეს გახდებოდა მასთან ურთიერთობა მოსაწყენი.
ნეპტუნის მიერ შექმნილი ქაოსი და გაურკვევლობა კიდევ უფრო გაძლიერდება ნებისმიერი აქამდე გამოუცდელი მოვლენის შემთხვევაში. მაგალითად: შვილის დაოჯახება, ოჯახის ახალი წევრი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ოჯახური ატმოსფერო; რეორგანიზება სამსახურში, სადაც სრულიად განსხვავებულ ორგანიზაციულ სტრუქტურასთან გვიწევს შეგუება ან სულაც იმ სამსახურის დაკარგვა, სადაც უშფოთველად გავატარეთ წლები.
ამ პერიოდში დაუგეგმავმა ცვლილებებმა შესაძლოა, იმდენად გააძლიეროს პესიმიზმის შეგრძნება და უსუსურობის განცდა, რომ ერთადერთ გამოსავლად მხოლოდ გაქცევა და სიტუაციიდან გარიდება მოგვეჩვენოს. სწორედ ამ დროს იჩენს ხოლმე თავს ნეპტუნის ნეგატიური მხარეები – ალკოჰოლი, ნარკოტიკები ან გაქცევის ნებისმიერი სხვა ფორმა.
ტრანზიტული ნეპტუნის დაბადების რუკის ნეპტუნთან ზუსტი ასპექტის დროის მონაკვეთში არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი ცვლილებების დაგეგმვა ან განხორციელება, ვინაიდან ამ დროს შეიძლება, ყველაზე არაპრაქტიკული გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამ დროს დიდად არც ინტუიციაა სანდო. მეტი სიფრთხილეა საჭირო თავბრუდამხვევი შემოთავაზებების მიმართაც – „გახდი მილიონერი მარტივად“, „ბედნიერება 1 დღეში“ და ა.შ. აზარტული თამაშები და მდგომარეობის მარტივად გამოსწორების ნებისმიერი იდეა მხოლოდ ნეპტუნისეულ ილუზიებს განეკუთვნება, რომელიც სამომავლოდ უფრო დიდი იმედგაცრუების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ასეთ დროს გაცილებით სასარგებლო იქნება ჯანსაღი პრაქტიკებით დაკავება – მედიტაცია, მოდუნებები, ლოცვა, ვარჯიში, მეტი დროის გატარება ბუნებაში, ფსიქოთერაპია და ა.შ. რეალობის მიღება და მისთვის თვალის გასწორება მარტივი არ არის, თუმცა მშვიდი ემოციური მდგომარეობის მიღწევა და შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მიწაზე ისევ მყარად გვედგას ფეხი და თავი არავის (მათ შორის, არც საკუთარ თავს) მოვატყუებინოთ.
ცალკე ყურადღებას იმსახურებს ჩვენი, როგორც მშობლის როლი და ის ცვლილებები, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. ცხოვრების რაღაც ეტაპზე (რომელიც ხშირად სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა) დგება მომენტი, როდესაც შვილები დამოუკიდებლად გადაწყვეტენ ცხოვრებას. მათი ცალკე გადასვლა ან თავისუფალი ცხოვრების დაწყება არც თუ ისე იშვიათად აჩენს „ცარიელი ბუდის“ სინდრომს და შეგრძნებას, რომ „აღარავის ვჭირდები“. მოლოდინი, რომ მთელ ცხოვრებას იმ ადამიანებთან ერთად გავატარებდით, ვის გაზრდაში, აღზრდასა და განვითარებაშიც მთელი ახალგაზრდობა ჩავდეთ, თითქოს ნამსხვრევებად იშლება. რამდენადაც ძლიერია ეს მოლოდინი, იმდენად მტკივნეული შეიძლება იყოს მსგავსი ტიპის ცვლილებები. ადამიანისთვის, რომელიც საკუთარი ცხოვრების აზრს მხოლოდ შვილებში დებს და მისი მთავარი როლი მზრუნველი მშობელია, მათგან განცალკევებით ცხოვრება გაცილებით რთულად გადასატანია. ამ მოვლენის გარდაუვალობის აღიარების შემდეგ კი ვიწყებთ ახალი როლების მოძებნასა და მორგებას. ბევრი სწორედ ამ პერიოდში აღადგენს მეუღლესთან გაწყვეტილ ემოციურ კავშირს, ზოგი ახალ ჰობს პოულობს, ზოგი კი კარიერას უბრუნდება და მეტი ძალისხმევით ცდილობს სამყაროსთვის საკუთარი საჭიროების დამტკიცებას.
საქართველოში ხშირია ის შემთხვევებიც, როდესაც ადამიანი არ იცვლის მშობლის, როგორც მთავარ როლს და ემიგრაციაში მიდის მეტი შემოსავლის მიღების მიზნით. ის იტოვებს იმავე მთავარ როლს, თუმცა შვილებზე ზრუნვა, აღზრდისა და ფიზიკურის ნაცვლად, ფინანსური კეთილდღეობის შექმნით იცვლება. ეს მდგომარეობა ერთი მხრივ, შესაძლოა კმაყოფილებისა და ბედნიერების წინაპირობა გახდეს, მეორე მხრივ კი სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუების, ემოციური დაუკმაყოფილებლობისა და დაკარგულობის შეგრძნების მიზეზი იყოს. ნეპტუნის ხასიათი, რომ მოანგრიოს საზღვრები და საკუთარი ცხოვრება სხვებთან გააიგივოს (თუნდაც შვილების ან მეუღლის), ამ შემთხვევაში ყველაზე ძლიერია. ამ დროს აუცილებელია საზღვრების დაწესება, საკუთარ ინდივიდუალურ ემოციურ საჭიროებებზე ზრუნვა და მეტი მოქნილობის გამოჩენა.
ისევე, როგორც პლუტონის შემთხვევაში, აქაც მნიშვნელოვანია ტრანზიტული ნეპტუნის მდებარეობა ასტროლოგიურ სახლში, მისი ასპექტები დაბადების რუკის პლანეტებთან და მის მიერ მართული სახლის გათვალისწინება. ნეპტუნის გავლენა გაცილებით ძლიერი იქნება თუ მას დამატებით ექნება დაძაბული ასპექტები მზესთან ან/და მთვარესთან.
♅ ▶ ურანი – რადიკალური ცვლილებები, დაუგეგმავი ნაბიჯები
ამ ყველაფერს ემატება ტრანზიტული ურანის ოპოზიცია დაბადების რუკის ურანთან (ესეც დაახლ. 40-43 წლის ასაკში), რომელიც აძლიერებს განსხვავებული და ამაღელვებელი შეგრძნებების სურვილს. ეს არის ის მომენტი, როდესაც არ ვნებდებით ასაკობრივ ცვლილებებს, არ გვსურს აღიარება, რომ ცხოვრების ნახევარი გავიარეთ და საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად ვცდილობთ, ისევ ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ.
ქალები სწორედ ამ დროს მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას, იცვლიან ვარცხნილობას, ყიდულობენ ძვირად ღირებულ ტანსაცმელსა და პარფიუმერიას, გაცილებით მეტ დროს ხარჯავენ თავის მოვლის პროცედურებში და ა.შ. მამაკაცები იწყებენ ფიტნეს-დარბაზში სიარულს, მეტ ყურადღებას უთმობენ ვიზუალურ მხარეს, ყიდულობენ ახალგაზრდულ სპორტულ ავტომობილებს და ხანდახან ურთიერთობებსაც აბამენ ასაკით გაცილებით პატარა პარტნიორებთან. ასაკით უმცროსებთან ურთიერთობის იდეა არც ქალებისთვისაა უცხო. ორივე შემთხვევაში, მთავარი მოტივაცია არის ის, რომ თავი ისევ ახალგაზრდად და სასურველად ვიგრძნოთ და იმ განსხვავებული შეგრძნებებით დავტკბეთ, რომელიც თითქოს წლების წინ გამოვტოვეთ. ბევრი ადამიანი მეგობრების წრესაც კი იცვლის და ძველი მეგობრების ნაცვლად, ასაკით გაცილებით პატარებს არჩევს. შვილების მეგობრებთან ერთად დროის გატარებაც ბევრისთვის ძალიან სასიამოვნოა. (თუ აღმოვაჩენთ, რომ რომელიმე მშობელი ჩვენს მეგობრებთან ერთად ხალისიანად ატარებს დროს, ვიცნობდეთ ურანს 🙋‍♂️)
ამ ყველაფერს ემატება ის შეგრძნება, რომ დრო ბევრი აღარ დარჩა და რაც შეიძლება მალე უნდა მოვასწროთ ის, რაც აქამდე ვერ მოვახერხეთ. თითქოს ახლა გვაქვს ბოლო შესაძლებლობა და ერთბაშად უნდა ავანაზღაუროთ ყველა გაშვებული შანსი და მხოლოდ ახლა შეგვიძლია ყველა გატაცებას შევასხათ ფრთები. სურვილების განხორციელებისთვის თუ გათავისუფლებაა საჭირო, ამისთვის ბევრი არც ოჯახის დანგრევაზე, ქვეყნის დატოვებასა და სამსახურიდან წასვლაზე ამბობს უარს. მოუთმენლობა, იმპულსური ნაბიჯები და სიახლეების წყურვილი სრულიად ლოგიკურია, რომ შეცდომების დაშვების მიზეზიც გახდეს. ამის გაგრძელება კი დაძაბული ნერვული სისტემაა. სწორედ ამიტომ სტატისტიკურად ნევროზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 45-49 წლის ასაკში ფიქსირდება. ურანისეულ კრიზისებს დაუგეგმავი, უცბად მიღებული გადაწყვეტილებები აჩენს. ამიტომ, ნებისმიერი პრობლემისა თუ საჭიროების აღმოჩენისას, ჯობია, ჯერ მშვიდად დავფიქრდეთ, შეგვიძლია თუ არა ჩვენი სურვილი და გეგმა უმტკივნეულოდ, რამის გაფუჭების გარეშე განვახორციელოთ.
👉 გამოუვალი მდგომარეობა თუ ახალი ცხოვრების დაწყების შანსი?
ასეთ კომპლექსურ ენერგიებთან გამკლავება მარტივი არ არის, თუმცა ამ ყველაფერში არის შანსიც და თავისებური ხიბლიც, რომ ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, წარსულში მიღებული გამოცდილება და ცოდნა ერთად შევკრათ და უფრო მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ცხოვრებისეული მისია, ჩვენი არსი და მიმართულება. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო თავდაჯერებულად და მიზანმიმართულად განვაგრძოთ ცხოვრება.
რა თქმა უნდა, ზემოთ აღწერილი ტენდენციები ყველა ადამიანის ცხოვრებაში განსხვავებულად გამოვლინდება. გასათვალისწინებელია, როგორც პირად ჰოროსკოპში სხვა პლანეტების და სახლების მდებარეობები, ასევე წინა წლების გამოცდილება. სწორი მიდგომების შემთხვევაში, ეს პერიოდი, შესაძლოა, პირიქით, ბრწყინვალე მიღწევებით, აღმოჩენებითა და ახალი მწვერვალების დაპყრობით გამოირჩეოდეს. ამისი არაერთი მაგალითიც არსებობს.
▫ მარველის სულის ჩამდგმელმა, სტენ ლიმ, 39 წლის ასაკში დაწერა პირველი კომიქსი „არაჩვეულებრივი ოთხეული“.
▫ სემ უოლტონმა, რომელიც საკმაოდ წარმატებული კარიერით გამოირჩეოდა რითეილ ინდუსტრიაში, 44 წლის ასაკში დააფუძნა კომპანია „უოლ-მარტი“.
▫ „ელენის შოუს“ წამყვანმა ელენმა სწორედ 45 წლის ასაკში დაიწყო ცნობილი ტელეპროექტი, რის შემდეგაც გასაოცარ წარმატებას მიაღწია მსოფლიო მასშტაბით.
სწორედ ამ პერიოდში გვაქვს შანსიც, რომ ჩვენს უნიკალურ გზას მივაგნოთ და ისეთ თავისუფლებასა და წარმატებას მივაღწიოთ, როგორზეც ვერც კი ვიოცნებებდით. ეს არის ნაჭუჭიდან, შეზღუდვებისგან, ძველებური ხედვებისგან გათავისუფლების ბრწყინვალე შანსი და კიდევ ერთი ხელახლა დაბადება ცხოვრებაში.
კრიზისების გაცნობიერებული ნაბიჯებით გადალახვას გისურვებთ.” – წერს დავით ნიბლაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები