გაგა ჭინჭარაული: „რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, ჩვენთვისაც კარგი იქნება და სხვებისთვისაც“

„სთრონგმენი” გაგა ჭინჭარაული ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პანდემიამ სპორტი ძალიან დააზარალა. როგორც ის აცხადებს, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო მალე დასრულდება რთული ეპიდვითარება.

„მე ვაქცინირებული ვარ ჯერ მხოლოდ ერთი დოზით. ამ დღეებში მეორე დოზა მიწევს და ვიკეთებ.
რაც შეეხება, ზოგადად ვაქცინაციის მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, ისეთი ვითარებაა, რომ უკეთესი იქნება, თუ ავიცრებით.

ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, განსაკუთრებით რთულია პანდემია. პირველ წელს, როდესაც მასობრივად გავრცელდა კორონავირუსი და პანდემია გამოცხადდა, საერთოდ არანაირი შეჯიბრი და ტურნირი არ გვქონია. მეორე წელს კი იყო რაღაც ტურნირები, მაგრამ მაქსიმალურად შეზღუდულ პირობებში გაიმართა. ხალხიც არ ესწრებოდა და, შესაბამისად, ჩვენც არ ვიყავით ფორმაში. ვირუსმა და შეზღუდვებმა ძალიან გაგვირთულა საქმე. ახლა ეს სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა. ამიტომ თუ ბევრი ადამიანი აიცრება, ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნება, და რა თქმა უნდა – სხვებისთვისაც. რაც მალე ეშველება ამ რთულ ვითარებას, უკეთესია.
აიცრება თუ არა ადამიანი ცხადია, ეს მისი პირადი გაწყვეტილებაა, თუმცა ძალიან კარგი იქნება ყველასთვის, რომ ავიცრათ”,- ამბობს გაგა ჭინჭარაული.

კომენტარები

სხვა სიახლეები