ბერი, რომელმაც თავისი სიცოცხლე დედა-შვილს დაუთმო და თავად ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა… – ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა…

თავის სიცოცხლე სრულიად უცხო ადამიანებს, დედა-შვილს დაუთმო და… თვითონ მარადისობაში გადაინაცვლა. ქართველი ბერის ტრაგიკულად გარდაცვალებიდან მერვე წელი დაიწყო…

მამა ილია კარტოზიას ცხედარი ადრიატიკის ზღვამ გამორიყა. ის უკვე გარდაცვლილი იყო. ეს არჩევანი მან თავად გააკეთა… სასულიერო პირმა, რომელიც 27 წლის იყო, საკუთარი სიცოცხლის ფასად სიცოცხლე სხვას შეუნარჩუნა.

გზა ტარძრამდე…

სოხუმში დაიბადა. სტიქარი 12 წლის ასაკში ჩაიცვა. მოგვიანებით მოძღვარს გაუმხილა, რომ სწავლის გაგრძელება სასულიერო სემინარიაში სურდა. პირველად სასულიერო პირს გაანდო სურვილი, რომ ღვთის გზაზე სიარული სამუდამოდ უნდოდა…

დედა შვილის გადაწყვეტილებას დუმილით შეხვდა. მერე ის უპასუხა, რისი თქმაც მოზარდს სურდა – დიახ. დედისგან განსხვავებით, ეკლესიისკენ მიმავალ შვილს მამამ ერთი რამ სთხოვა: ცოლი მაინც მოგეყვანაო… ასე უპასუხა: როგორ, ჩემს ცოლ-შვილს თქვენ დაგიტოვებთ?! ჩემს ძმას მიხედეთო…

ამის შემდეგ მშობლებს, არა ომარ, არამედ მამა ილიასთან უფრო და უფრო იშვიათი ურთიერთობა ჰქონდათ. მამა ილია დიდ დროს საფარის მონასტერში ატარებდა.

ყველაზე ახალგაზრდა არქიმანდრიტი იყო. ბერად კი გაცილებით ადრე, 18 წლის ასაკში აღიკვეცა. პირველი ეკლესია, რომლის წინამძღვარიც იყო, მცხეთაში მდებარე, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერია.

მარადისობაში გადასვლა…

2014 წელი, 28 დეკემბერი. დილით ცნობილი გახდა, რომ ადრიატიკის ზღვაში მცურავ გემს ცეცხლი გაუჩნდა. „ნორმან ატლანტიკზე“ 4 282 მგზავრიდან, რვა ქართველი იყო, რომლებიც ბარში, წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიდიოდნენ. ხალხის ევაკუაცია, ცეცხლის გაჩენისთანავე დაიწყო.

ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაციები. ტელევიზორთან იჯდა დედა, რომელიც შვილის შესახებ ამბის გაგებას ცდილობდა…

ისინი ვინც გემზე იყვნენ, ყვებიან, რომ მამა ილია კარტოზია, ხალხს ამხნევებდა. მისთვის მთავარი იყო ცეცხლმოკიდებულ გემზე მყოფი ადამიანები პანიკისგან ეხსნა.

ბოლო სამაშველო ნავი, რომელიც „ნორმან ატლანტიკს“ მიადგა ჩქარობდა. გემზე დარჩენილი ხალხი გაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, გემზე მამა ილიასთან ერთად დედა-შვილი იმყოფებოდა. სასულიერო პირმა საკუთარი ადგილი სწორედ მათ დაუთმო. მაშინ კი როდესაც მისი გადაყვანა უნდა მომხდარიყო, თოკი ჩაწყდა.

დედა ამ ამბავს ტელევიზიით ისმენდა. შვილს არჩევანი გაუგო…

მამა ილია 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც იქ იყო, სადაც მის ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ცეცხლმოკიდებული ქალაქიდან დაჭრილები გამოჰყავდა. ომში საკუთარი სურვილით წავიდა. ქალაქი მაშინაც ბოლო, დატოვა. თუმცა მაშინ გადარჩა.

ანდერძის დატოვება მოასწრო. მეგობარი, რომელიც იტალიაში საბედისწერო წასვლამდე ნახა, უთხრა, რომ მას იტალიიდან ჩამოასვენებდნენ. ანდერძის თანახმად, მამა ილია, მცხეთის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს.

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

სხვა სიახლეები