“ბანკის ვალი ყველას გვაქვს” – როგორ აისახა ეკონომიკური კრიზისი ცნობილებზე

დოლარის კურსის აწევამ პროდუქტებზე, წამლებზე, საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენს ქვეყანაში ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა. შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ აისახა ცნობილი ოჯახების ბიუჯეტზე ფასების ზრდა და რას ფიქრობენ ამ საკითხზე.

ხატია სიჭინავა: “არ მეგულება ოჯახი, ვისზეც ამ მდგომარეობამ გავლენა არ იქონია”
– თითქმის მთელ საქართველოს აქვს სესხი ბანკში და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, დოლარის კურსის ზრდის შედეგად კი გასამმაგებულად ვიხდით. ამასთან ერთად, კომუნალური გადასახადებიც რატომღაც წინა წელთან შედარებით მეტი მოდის, საკვებზე ფასების ზრდაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. არ მეგულება ოჯახი, ვისზეც ამ მდგომარეობამ გავლენა არ იქონია.

– პროდუქტი, წამლები, საწვავი – ყველაზე მეტად რისი ფასის გაზრდამ შეგაწუხა?
– ზოგადად ეს სამი რამ, ყველა ოჯახში გაერთიანებულია, ვერც ერთის გარეშე ვერ იარსებებს ადამიანი. ბაზრობას ვსტუმრობ ხოლმე, ადრე რაც 100 ლარი მიჯდებოდა, ახლა იმავეს შესაძენად 200 და მეტი მჭირდება, ადვილად მისახვედრია, რომ ყველაფერი გაძვირდა და ამან ადამიანების განწყობაზეც იმოქმედა. ყველას უიმედო, ნერვიული გამომეტყველება აქვს, ხალხი იმაზე ფიქრობს და დარდობს, როგორ აირიდოს თავიდან ეს კრიზისი. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო განწყობა ნერვიულია.

– ხატია, ბავშვები დაგყავს ალბათ სხვადასხვა წრეზე ან თუნდაც კერძო საბავშვო ბაღში. იქაც ხომ არ მოიმატა გადასახადებმა?
– კი, ბაღის გადასახადმა 50 ლარით მოიმატა. ბავშვი ისეთი საკითხია, ვერაფერს მოაკლებ, მირჩევნია, მე დავიკლო რაღაცები და ჩემს შვილებს ბედნიერი ბავშვობა ვაჩუქო. ჩვენ ასე თუ ისე ვართმევთ თავს, თუმცა ალბათ ბევრია ისეთი ოჯახი, რომელიც ამ მდგომარეობამ, გაზრდილმა ფასებმა ძალიან შეავიწროვა. რუსეთში და მსოფლიო ქვეყნებში უკვე დარეგულირდა დოლარის კურსი, ჩვენთან კი ჯერ კიდევ კოსმოსისკენ აქვს გეზი. იმედია, ადრე თუ გვიან გამოსავალს იპოვის ჩვენი მთავრობა.

ნატუკა გულისაშვილი: “არ არსებობს საშუალო ფენის ოჯახი, ბანკში რომ არ ჰქონდეს სესხი”
mshoblebi
– საწვავზე ფასი თავიდან ვითომ არ იყო მომატებული, მაგრამ ახლა მოიმატა, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად მაწუხებს, იმიტომ, რომ ჩემი მანქანა ძალიან ცოტას მოიხმარს. არ მოვიტყუები და არ ვიტყვი, რომ საწვავზე ფასის ზრდა მძიმედ დამაწვა, მაგრამ წამლების და პროდუქტის საკითხი უშუალოდ შეგვეხო. დედა ჰიპერტონიკი მყავს, ბევრი წამალი სჭირდება, მე და ჩემი შვილიც დამხმარე წამლებს სტაბილურად ვიღებთ, საბოლოო ჯამში კი დაახლოებით 20 ლარით მეტს ვიხდით ყველაფერში… რაც შეეხება პროდუქტებს, “იმედში” საჭირო პროდუქტისთვის გამოყოფილი მაქვს 300 ლარი, თვეში ორჯერ დავდივარ საყიდლებზე, ამ თანხით ბევრად უფრო მეტ პროდუქტს ვყიდულობდი, ვიდრე ბოლო ორი თვეა ვყიდულობ. თანდათანობით კი მგონი ყველაფერი უფრო და უფრო ძვირდება. ელემენტარული ბოსტეულიდან, კარტოფილიდან დაწყებული, ხორცით, არა მარტო საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საგნები – ხელსახოცი თუ ტუალეტის ქაღალდი, ყველაფერი 20-30 თეთრით გაძვირებულია და ჯამში დიდ სხვაობას იძლევა. ამასთან ერთად, მგონი არ არსებობს საშუალო ფენის ოჯახი, ბანკში რომ არ ჰქონდეს სესხი, განვადება, ესეც ხომ ემატება ხარჯებს? მეც არ ვარ ამ მხრივ გამონაკლისი.

რომ დავიანგარიშე, დაახლოებით 250-300 ლარი მაქვს ზედმეტი ხარჯი.

– თქვენი გადასახედიდან, ქართულ პროდქუტებზეც მოიმატა ფასმა თუ მხოლოდ შემოტანილზე?
– ყველაფერზე. გაზიან სასმელების მომხმარებელი არ ვარ და არ ვიცი ამ საკითხში რა ხდება, მაგრამ წიწიბურა, მაკარონზე მომატებულია ფასი. შეიძლება არ იყოს შემოტანილი, მაგრამ შეფუთვა, დაფასოება – ესეც ხომ ხარჯებთანაა დაკავშირებული?! სიგარეტიც გაძვირდა. სიმინდი, რომელიც ქართული ნაწარმია, 80 თეთრი ღირდა, დღეს კი 1.40 ღირს, ვანილის მთლიან შეკვრას 80 თეთრად ვყიდულობდი, მაგრამ ახლა 1.15 ღირს, ქართულ სოკოსაც მომატებული აქვს ფასი და შემოტანილ ვანილსაც.

– როგორც ვიცი, თქვენი შვილი სწავლობს, ამ ფონზე გადასახდის მომატებაზე ხომ არაა საუბარი?
– არა, ესეც რომ იყოს, შეიძლება ჭკუიდან გადადგეს ადამიანი. ადრე ორ ნაწილად ვიხდიდით, ახლა კი ყველაფერი რომ აირია, მოგვცეს საშუალება, ყოველთვიურად გადავიხადოთ.

– გასართობ სეგმენტზე, თუნდაც იგივე კაფეებზე, ბარებზე თუ აისახა ფასების ზრდა?
– სიმართლე გითხრათ, ძალიან ხშირად არ დავდივარ, თუმცა როცა მეგობრები შევდივართ, გერმანული ანგარიშით ვიხდით. არსებობს კაფეები, სადაც ერთი ჭიქა ყავა 5 ლარი ღირს და ასევე არსებობს კაფეები – სადაც ყავა 2 ლარი ღირს. სიმართლე გითხრა, ამ ბოლო დროს ფასების მომატება არ შემიმჩნევია. სადაც აშკარადაა ეს პრობლემა, ის კი გითხარით. ისე, ჯობია, ასეთ ადგილებში გაძვირდეს და დანარჩენ პროდუქტებზე ფასებმა დაიკლოს.

ციცინო კობიაშვილი: “ზედა ეშელონებს წარმოუდგენლად მაღალი ხელფასი აქვთ ქვეყანაში ასეთი მძიმე ეკონომიური ფონის მიუხედავად”
mshoblebi
– ჩემს ბიუჯეტსაც აშკარად დატყო ფასების ზრდა. როგორც საქართველოს მოსახლეობის 90%, ჩვენც ბანკზე ვართ მიბმული, გვინდა თუ არ გვინდა, ცხოვრებამ მოიტანა, რომ თითქმის ყველა ოჯახს ბანკში აქვს ფული გადასახდელი, გაგვეზარდა გადასახადი და მართალი გითხრათ, ბოლო პერიოდში საგონებელში ვართ ჩავარდნილები. მთელი თვე ვმუშაობთ და შეიძლება ითქვას, ელემენტარული თანხა გვრჩება ოჯახის გასატანად. ამ ფონზე კი გამოდის კომპეტენტური პირი და ამბობს, რომ განიცდის მოსახლეობის ასეთ მდგომარეობაში ყოფნას, მხოლოდ განცდით ჩვენ რა შეღავათი გვაქვს? იმის მაგივრად, რომ რაიმე დახმარების გზა მონახოს და თქვას, მაგალითად, მივცემ ბანკს დირექტივას, რომ შეღავათი გაუწიოს მომხმარებელს ან რაიმე გზა გამონახოს სიტუაციის შესაცვლელად, უბრალოდ იმის თქმით მთავრდება ყველაფერი, რომ განიცდის… და ამ დროს რა ქნას ამდენმა ოჯახმა? მე სულ 800 ლარი მაქვს ხელფასი, ყველაზე ცოტა 500 ლარი შემაქვს ბანკში, დანარჩენი 300 ლარიდან კი კომუნალურებიც უნდა გადავიხადო, საკვებზეც ვიზრუნო, წამალზეც. დღეს ვიყიდე წამალი, რომელშიც 22,90 მივეცი, 20 აბია, დღეში ერთი უნდა დავლიო, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი თვის სამყოფიც არაა. ასეთ ვითარებაში რა გავაკეთო? პასუხი აქვს ამაზე ვინმეს? დავდევ ყველა არხზე გადაცემებს, რომ მივიღო პასუხი. ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ შეიცვლება ყველაფერი, გვეშველება და ასე არ დავრჩებით, მაგრამ ამასობაში ძალიან გავწვალდით. ოღონდ მხოლოდ მე არ ვარ ასე. ჩვენ ისეთი პროფესიის ადამიანები ვართ, რომელთაგანაც ძალიან ცოტას ულხინს, ხელფასზე დამოკიდებული ხალხი ვართ, ყოველდღიური შემოსავალი არ გვაქვს, არც ერთ მსახიობს არ აქვს ბევრი და არ გვიკვირს, თუ გადასარევად არ გვაცვია, ბოდიში და, ვერ ვგულაობთ, ვერ ვისვენებთ გამორჩეულ კურორტებზე. რაც მაქვს, მადლობელი ვარ უფლის, მაგრამ რეალურად არანაირად არ გვყოფნის. ძირითადად ჩემი მეუღლე ზრუნავს ოჯახის პროდუქტებით მომარაგებაზე, მან ძალიან კარგად იცის ფასები და სხვაობასაც ხედავს, ბევრს ფიქრობს, როგორ გავიტანოთ თავი თვიდან თვემდე იმ ფონზე, როცა ხელფასის უმეტესი ნაწილი ბანკში გვაქვს შესატანი. შეღავათს გაგიწევს ბანკი, თუ გაიგებს შენს მდგომარეობას? გადაგივლის და შენგან მტვერი არ დარჩება. ჩვენი ოჯახი ძალიან ერიდება ბანკთნ ასეთი ტიპის ურთიერთობას, მაგრამ მოგვიწია, 5-წლიანი სესხი გვქონდა, შევძელით მეტობით გადაგვეხადა და დაახლოებით წელიწად-ნახევრით ადრე ვამთავრებთ, ბოლო წელიღა გვაქვს დარჩენილი. ძალიან გვიხაროდა, მაგრამ ახლა გაგვიჭირდა და ძალიან “გავიჭედეთ”. როგორ შეიძლება ადამიანს ეყოს ხელფასი, როცა ამხელა გადასახადს იხდის? ზედა ეშელონებს წარმოუდგენლად მაღალი ხელფასი აქვთ ქვეყანაში ასეთი მძიმე ეკონომიური ფონის მიუხედავად. არ შეიძლება გარკვეული პერიოდით ყველამ ერთ დონეზე ვიცხოვროთ, რომ ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე? მაგრამ, მთელი უბედურებაა იცი რაშია? არავის არ უყვარს ეს უბედური ქვეყანა… როცა ფინანსები და თანამდებობა აქვთ, ავიწყდებათ სამშობლო. სხვათა შორის, მე ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, როგორი ვიქნები, უცებ ცხოვრებამ ბევრი ფული რომ მომცეს. სიმართლე გითხრა ამის ცოტა მეშინია. მგონია, რომ ჩემ თავს ვიცნობ და ისევ ისე გავუწვდი დახმარების ხელს მთხოვნელს, როგორც ახლა, მაგრამ ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა ასეთ დროს სხვანაირები გამხდარან, ერთს და ორს კი არ მოსვლია ასე, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამას ვუცქერ. სანამ მოვლენ სათავეში ყველაფერს ჰპირდებიან ხალხს, სათავეში მოსვლის შემდეგ კი ყველას ავიწყდება ქვეყანა. მიუხედავად ამისა, მაინც ყველაფერი კარგად იქნება, არ გაგვწირავს უფალი, ეტყობა ჩვენი ჯვარი უნდა ვზიდოთ, რათა ღმერთის სიყვარული ვისწავლოთ. ქვეყანა უნდა გვიყვარდეს, თორემ შენ თუ ფიქრობ, კისერი უტეხია ყველას, დღეს მომეცა საშუალება, მოვედი სათავეში და ფეხზე უნდა დავაყენო ჩემი საგვარეულოო, არაფერი გამოვა. ქვეყანას უნდა შევუდგეთ მხარში და იქნებ მართლა გვეშველოს. ან უსაშველო რა გვჭირს ღვთისგან დალოცვილ ხალხს? რატომ უნდა ვიგრძნოთ თავი უპატრონოდ??
დღეს, ვის უკვირს დუბაიში გამგზავრება, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მეგობარმა მე და ჩემი მეუღლე მიგვიწვია, თვითონ გამოგვიგზავნა ვიზა, ბილეთები და 1 კვირა დაგვასვენა, უზარმაზარი პატივი გვცა. ამ ადამიანთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს, უკრაინელები არიან, ჩერნობილის აფეთქება რომ მოხდა, ჩვენთან ჩამოვიყვანეთ და იმ გაჭირვების ჟამს გვერდით დავუდექით, რის გამოც სულ ამბობს, არასდროს დავივიწყებ ამ სიკეთესო. ჰოდა, დაგვპატიჟა დუბაიში და წავედით. ჩემი თვალით ვნახე საოცრება, სადაც მიწა არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი ყვავის. გასაგებია, ამაში დიდი თანხებია ჩადებული. ხომ შეეძლოთ ერთეულებს ეგულავათ და ჯიბეში ჩაედოთ? მაგრამ არა, ქვეყანას მოახმარეს. მთელი ქალაქი “დაშლანგულია”, რათა თითოეული ხე მოირწყას. მტვერი რომ გინდოდეს ქვიშიან ქვეყანაში მტვერს ვერ ნახავ. ესეიგი შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება, ხომ? ასეთი დონის მშნებლობა კი არა, ორმოებით სავსე გზების პრობლება ვერ მოგვიგვარებია ჩვენ, ორი ნაბიჯის გადადგმისას კისერს რომ ვიტეხთ.
როგორც ხედავთ საკმაოდ ბევრი ვისაუბრე, მაგრამ ისეთ თემებს შეეხეთ, რაც ძალიან აქტუალური და მტკივნეულია. მგონია, ვინც არ უნდა გააჩეროთ და ჰკითხოთ ამ თემაზე, ყველა აღელვებული იქნება. თუმცა, მე ერთი წამით არ დამიკარგავს იმედი და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები