„ბავშვის ფეისბუქის გამხსნელი დედები, რადიოში მრეკავები…“ – 7 ამოუხსნელი ქართული ფენომენი

დედამიწაზე უამრავი ამოუხსნელი მოვლენაა, რაზეც ადამიანებს პასუხი არ გვაქვს, ფიქრით თავსაც ნაკლებად ვიღლით ან ტვინს ვიჭყლეტთ და პასუხს ვეღარ ვპოულობთ.
თუმცა ამ მოვლენებს ემატება კიდევ უფრო უცნაური, ამოუხსნელი ფენომენი, რომელიც მისტიკურიც არის, საოცარიც და საერთოდ რომ ვერ წარმოდგედინათ, მაგრამ ისინი რეალურად არსებობენ, თუმცა პირადად ჩემთვის, ისინი მაინც ზებუნებრივ, პასუხგაუცემელ მოვლენებად რჩებიან:
ბავშვის ფეისბუქის გამხსნელი დედები (ხანდახან მამებიც), რომლებიც ალაიქებენ, აკომენტარებენ, შემდეგ სტილში: “ბებომ (დედამთილთან პირფერობა) ახალი ბაჩები გვიყიდაო!” “ლა კალგები ვალთო, დედიკო გვიკვარსო”… ა.შ. მომკალით და, ვერ ვიგებ!
ყველაფრით უკმაყოფილოები – მაგალითად:
თუ ვინმე ქველმოქმედების შესახებ ინფოს გაავრცელებს, ქოთქოთებენ: თუ რამეს აკეთებრ ჩუმად უნდა აკეთო, პიარისთვის აკეთებ, ნაძირალა ხარ, ამოწყდიო!
რჩევებს გასცემ და, რას გვესაუბრები დამრიგებლური ტონით, ვის რა უნდა ასწავლო, ნაძირალა ხარ, ამოწყდიო!
ბინაზე ფასდაკლებაა, ან ბანკის აქცია და, თქვენ ვის გაახარებთ, ხალხის გასაყვლეფად ხართ შექმნილები, ამოწყდითო!
თუ 1-თვიან კამპანიას დაიწყებ, სადაც მაგალითად, უპატრონო ძაღლებს დააპურებ, დანარჩენი 11 თვე რა ქნან საწყალმა ძაღლებმა, თქვე მათხოვრებოო!
მოკლედ, ვერაფრით აამებ, ვერასდროს, არც იოცნებო!

რადიოში მრეკავები, ჯერ რომ იწყებენ: პირველ რიგში, შენ გიძღვნი ჩემო კარგო (წამყვანს), მერე ყველა კარგ ადამიანს და…. რომ მოიკითხავენ ადამის მოდგმას და მერე სიმღერას რომ უკვეთავენ, ფულს რომ იხდიან ამაში. იუთუბი, საუნდ ქლაუდი და ა.შ. რომ არ გაუგიათ რა არის, სულ რომ რეკავენ და რეკავენ.
ნებისმიერი ჯვრის ფორმის ფოტოზე თუ გამოსახულებაზე ისტერიუკლად რომ წერენ:
AMIN
Amen
Амин
ამმიიინნნ…
და მართლა რომ ჰგონიათ, რომ სასწაული მოხდება და ციდან მირონის წვიმა წამოვა. და ალბათ სწორედ ეს ხალხია, ვინც შემდგომში წითელ კვერცხებზე, ხატებზე, ან აბიბინებულ ჯეჯილზე დაგთაგავთ ათას სხვა “ფრენდთან” ერთად და ამ თაგის მადლით ცხოვრებას გაგიცისკროვნებთ.

შუქნიშანთან შენს უკან რომ დგანან და წითელი აინთება თუ არა, რომ გისიგნალებენ. ანუ, ანთება და შენი გაფრენა ერთი რომ უნდა იყოს, პრინციპულად რომ მიზოზინებ და ლამის საჭეს რომ ურახუნებს თავის ისტერიჩკა თავს.
აქვე ისინიც, „პროწივზე“ რომ მოდიან, წინ რომ აეტუზები და არ ატარებ, ან ფანჯარას რომ ჩაუწევ „გასაიასნებლად“ და სანამ ხმას ამოიღებ, მიბნედილი თვალებით და ჩახრინწული ხმით რომ გეკითხება: რამე პრობლემაა, ძმაააა?

სამშენებლო კომპანიას რომ აქცია აქვს და უწერიათ, რომ 100 კვადრატული ბინა იყიდება 70,000 დოლარად და რომ დაეყრებიან კომენტარებში:
Ra girs kvadratuli
Kvadrati ra Xiiirs?
квадратулис фаси рамдениаа????
Mipasuxeeeettt?
თან შესაშური მოთმინების მქონე ადმინმა სათითაოდ რომ უპასუხა და კიდევ და კიდევ რომ წერენ.
რომ გინდა, ბღავილით აღმოგხდეს: შვიდასი, შვიდასი, შვიდასიიიიიი!!!! და მერე იქვე რომ დაასხმევინო არარსებული ტვინები!

ლათინურშრიფტიანი ბრძენები, უზარმაზარ სტატუსებს რომ წერენ, აბდაუბდა პუნქტუაციით და სინტაქსით და ლათინური შრიფტით. აქაც ორი უკიდურესობაა: ძალიან „ქაჯები“, მაგ: sixvaruli, hemodi feisbukze, xaxachosa sihitlita xana daumhwenebia… და მეორეები, მეტისმეტად „მოწესრიგებულები“: rogor khar? Gantskhadeba, tskheli da tsivi და ა.შ.
ტუტუცი ბავშვების მშობლები, ძირითადად დედები ან ახალგაზრდა ბებია-ბაბუები – აი, სადმე შორს რომ მიდიხარ და ბავშვი ზედ რომ გივლის, ფეხებს გაწმენდს და მშვიდად რომ ეუბნება: „მორჩი, დათუნა, დედა/ბიძიას ნუ აწუხებ, ნინუცა“ და თავის საქმეს რომ აგრძელებს, ნაცვლად იმისა, რომ გადასვას ბავშვი ან ბოდიში მაინც მოგიხადოს მსგავსი „პატივისთვის“.

mail.ru-ს მეილიანები. კაცმა არ იცის, როდის გახსნეს მეილი, იქნებ იმ დროს არ იყო ჯიმეილი, ან არ ვიცი, მაგრამ შე დალოცვილო, აი რაღა დროს მეილ.რუა?! პატრიოტების რისხვას ცალკე დაიმსახურებთ, რუსული პროდუქტის მოხმარებისთვის… სულ მგონია, რომ ეს ის ხალხია, “гамаржоба гурам рогор хар???” ტექსტს რომ მომწერენ და მერე რომ მკითხავენ, როგორ ვარ ოდნოზე, დრუზიაში რომ დამამატონ მერე და აცენკები დამიწერონ.
ჰოდა, ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, ეს ყველაფერი ჩემთვის ამოუცნობ ფენომენად დარჩა და ამოხსნას უკვე აღარ ვეძებ…

გურამ შეროზია

კომენტარები

სხვა სიახლეები