ასტრიდელების დღე – რა მოხდებოდა…

ჩვენთვის, ასტრიდელებისთვის ერთი განსაკუთრებული თარიღი არსებობს, 14 ნოემბერი – დღე, როდესაც შვედეთში კეთილი ჯადოქარი დაიბადა, მას ასტრიდი დაარქვეს, მაგრამ ჩემთვის ის პეპი გრძელწინდაა ემოციური გოგონა ჭრელი წინდებით, ჯიუტი ხასიათითა და დიდი ზომის ფეხსაცმლით, ერთგული მეგობარი. არა პრინცესული, არც დამჯერი (აკი, გამრავლების ტაბულა დღემდე არ უსწავლია?), არც კანონმორჩილი, საერთოდაც, სახლში ცხოველებთან ერთად ცხოვრობს, ბატონი ნილსონიცა და ცხენიც ოჯახის სრულუფლებიანი წევრები არიან.

სწორედ ასეთი გოგონა იქნებოდა ასტრიდი, ანარქისტი, თავნება და კეთილი. აკი, თავად ამბობს – პეპი ეს მე ვარო? აკი, თავად ამბობს, „ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდაო?“

სულ ვფიქრობ, რა მოხდებოდა ყინულივით ცივ სტოკჰოლმში, ერთ დღესაც, ასტრიდი თოვლში რომ არ წაქცეულიყო და შემდეგ მოწყენილობისგან წერა არ დაეწყო? მსოფლიოს არ ეყოლებოდა ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი! მაგრამ, ეს ზოგადად.

და, ჩვენთვის, ასტრიდელებისთვის? ჩვენ უბრალოდ არ ვიქნებოდით უცხოები, როგორც ძია მელკერი კუნძულ სალტკროკადან, ცელქები, როგორც საწვნე ჩამოფხატული ბიჭი, ემილი სოფელ ლიონებერეგადან, ზომიერად ფერხორციანები, როგორც კარლსონი სახურავიდან, მიზანდასახულები, როგორც კალე ბლუმკვისტების ოჯახიდან, მეგობრულები, როგორც ლასე, ბოსე და ულე სოფელ ბიულერბიუდან, არ ვიცურებდით შხერებში, არ გვეყოლებოდა ჩორვენივით ერთგული მეგობარი და ბოცმანივით კეთილი ძაღლი. არ ვიბრძოლებდით დურგლისეული კარ-მიდამოს დასაბრუნებლად და, რაც მთვარია, არ მოვრწყავდით წვიმაში ყვავილებს.

რა მოხდებოდა რომ არა ასტრიდი? ჩვენ ქართველ ასტრიდელებს, განსაკუთრებით ჩემი თაობის ასტრიდელებს, არ გაგვიფერადდებოდა ნაცრისფერი 90-იანები, რადგან, მაშინ, ნავთის სუნსა და ლამპის შუქში, სროლასა და ომში ჩვენ ვკითხულობდით ჯადოსნურ ამბებს პეპიზე, კარლსონზე, შემწვარ გუფთებსა და მაჭკატებზე, ბრაზიან ფრეკენ ბოკზე, ბუტია სვანტე სვანტენსონზე, წყნარ ლიზიზე, ბრიტასა და ანაზე, ჩვენ ვკითხულობდით და გვიხაროდა, რომ სადღაც, ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით, ჩვენს ტოლ ბავშვებს არ აწუხებდათ მეცხრე ბლოკი, ფონდის ფული, გაჭირვება და სიცივე და ჩვენ გვინდოდა იმ ცხრა მთის იქით, თალგამი მოგვეთხარა ბიულერბიულ ბავშვებთან ერთად, ფრეკე ბოკს ცხელი გუფთის წვნიანი მოემზადებინა, კარლსონს დარიჩიანიანი ფუნთუშები გაეყო, პეპის იატაკზე გაებრტყელებინა ცომი მაჭკატებისათვის და იმ ოქროთი სავსე ტომარაშიც ჩაეყო ხელი – კაპიტანი მამა რომ უგზავნიდა შორეული ნაოსნობიდან, ჩვენ გვინდოდა ვყოფილიყავით ტომი და ანიკა სტოკჰოლმის ერთი პატარა ქუჩის პატარა სახლიდან და გვყოლოდა საუკეთესო მეგობარი მსოფლიოში ყველაზე უცნაური წითელ ნაწნავებიანი გოგონა, რომლის ფანჯრებიც ჩვენს ფანჯრებს შეხედავდა და ჩვენ დავინახავდით, რომ ის ძილმორეული თვალით უყურებდა სანთლის ალს და არავინ, სულ არავინ ჰყავდა სახლში, ვინც მას ეტყოდა – პეპი, ახლა შენი ძილის დროა! ამიტომ ის გოგონა თვითონ ეტყოდა თავს, რომ ახლა ძილის დროა, მანამდე კი, ცას ახედავდა და ხმამაღლა შესძახებდა – „ნუ გეშინია დედიკო! მე არ დავიკარგები“!

ჩვენ, ასტრიდელებს გვინდა, რომ ამ გოგომ სულ ვილა ყიყლიყოში იცხოვროს, იმ ფანჯარაში სანთელი არასოდეს ჩაქრეს და ძია მელკერი სულ დურგლისეულ კარ-მიდამოში წერდეს და წერდეს და თან ძალიან, ასე ძალიან აკლდეს ფხა.. ჩვენ, ასტრიდელებს ვერანაირი ძალა ვერ დაგვარწმუნებს, რომ ან ვილა ყიყლიყო, ან კუნძული სალტკროკა, ან სოფელი ბიულერბიუ გამოგონილია და იქ დღემდე არ ცხოვრობენ ჩვენი გმირები, არ დგას შემწვარი გუფთის, სიკეთისა და ნოსტალგიის სუნი, ამიტომ, სწორედ ამიტომ, ჩვენთვის არსებობს ერთი განსაკუთრებული თარიღი წელიწადში, 14 ნოემბერი, დღე, როდესაც დაიბადა ასტრიდი!

ასტრიდელი ლელა არაბიძე

კომენტარები

სხვა სიახლეები