“არ არსებობს დღე, რომ 2 ცალი კვერცხი არ მივიღო და იმავეს გირჩევთ თქვენც” – გიორგი ღოღობერიძე კვერცხის სასარგებლო თვისებებს ასახელებს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “მთავარი დიაგნოზი” კვერცხის სარგებელზე საუბრობს და ასახელებენ, რისთვისაა ეს პროდუქტი აუცილებელი:

– რომელ საკვებს ავირჩევდი, როგორც ექიმი, თუ მხოლოდ ერთის არჩევის საშუალება მექნებოდა? – ეს იქნებოდა აუცილებლად კვერცხი. არ არსებობს დღე, რომ 2 ცალი კვერცხი მაინც არ მივიღო და იმავეს გირჩევთ თქვენც. კვერცხის ყოველდღიურად მიღება უფრო მომგებიანია, ვიდრე მისი არმიღება. თუმცა, ყურადღება მიაქციეთ, რომ საუბარია დღეში ორ ცალზე და არა მეტზე.

თუ სხვა ცილოვან პროდუქტებს შევხედავთ, კვერცხი უპირატესი ლიდერია იმ კუთხით, რომ მასში ყველა სახის ამინომჟავა არსებობს. ამინომჟავების თითქმის ნახევარს თავად წარმოვქმნით, მაგრამ დანარჩენი ნახევრის წარმოქმნა ჩვენს სხეულს უჭირს და ის გარედან უნდა მივიღოთ. ზოგიერთ საკვებში ყველა ამინომჟავა არ არის, ამიტომ თუ სრულყოფილი საკვები არ გვაქვს, ვზარალდებით. ჩვენი სხეული შესაბამისი რაოდენობის ცილებს ვეღარ წარმოქმნის, ამიტომაცაა, რომ თუ არჩევანი მიდგება იმაზე, თუ რომელი საკვების შეიძლება იყოს სრულყოფილი ცილების კუთხით, აუცილებლად კვერცხს დავასახელებდი. კვერცხში ოცივე ამინომჟავაა სტანდარტულად, რაც ცილის სინთეზს სჭირდება. იმის იქეთ კიდევ ბევრია. თანაც ყველა მათგანი საკმარისი რაოდენობითაა, რაც ჩვენს სხეულს ძალიან სჭირდება. კვერცხში არსებული საკვების დაახლოებით 40%-ს ვითვისებთ. თუ ხორცზე ვისაუბრებთ, ხორცში არსებული ცილების 30%-ს ვითვისებთ. ანუ, კვერცხის ათვისება უფრო მარტივად შეგვიძლია, ვიდრე ხორცის. გარდა ამისა, ხორცი გაცილებით ძვირია, ვიდრე კვერცხი. თუმცა, კვერცხი თავისი ღირებულებებით უფრო მდიდარია, ვიდრე საკუთრივ ხორცი.

გარდა ამისა, თუ საკვებიდან ცილების ათვისებაზე ვსაუბრობთ, პირველ ადგილზე კვერცხია, მეორეზე ხორცი, მესამეზე ბარდა, ლობიო და სხვა მსგავსი მცენარეებია. მათგან, 17%-ის ათვისება შეგვიძლია.

კვერცხში ძალიან ბევრი ისეთი ნივთიერებაა, რაც ჩვენს სხეულს სჭირდება. მაგალითად, ცილები ძალიან სჭირდება ჩვენს კუნთებს, სახსრებს, გულს. მაგრამ, მასში ასევე დიდი რაოდენობითაა ფოსფორიც. როდესაც ძვლებზე ვსაუბრობთ, კალციუმი, D ვიტამინი ყოველთვის გვახსენდება, მაგრამ ფოსფორი გვავიწყდება. კვერცხი ფოსფორის ძალიან კარგი წყაროა და ძვლები აგებულია არა მარტო კალციუმით, ასევე ფოსფორითაც. ამიტომ, კვერცხი ძვლებისთვის იდეალურია. ასევე, ძალიან ბევრი ადამიანი დანამატებში ეძებს გამოსავალს, რომ მეხსიერება გაიუმჯობესოს. კვერცხი იდეალურია მეხსიერებისთვისაც, რადგანაც ის ქოლინს შეიცავს. ასევე, ქოლინი ჩვენი ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა უჯრედს სჭირდება.

გარდა ამისა, ქოლინი ძალიან სჭირდება ჩვენს ნაღველსაც, რადგანაც ნაღველი მას ქოლესტეროლთან საბრძოლველად იყენებს. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ არ უნდა მივირთვათ კვერცხი, რადგანაც მასში ბევრი ქოლესტეროლია. დიახ, კვერცხში ნამდვილადაა ქოლესტეროლი, მაგრამ თუ თქვენ დღეში 2 ცალს მიიღებთ, ეს თქვენს სხეულში ქოლესტეროლს არ გაზრდის. პირიქით, შეგიმცირებთ კიდევაც. ქოლინი ხელს უწყობს, რომ ეს ნივთიერება ჩვენს სხეულს მოშორდეს და კარგი ქოლესტეროლის შემცველობა გაიზარდოს.

კვერცხში ასევე ძალიან ბევრია ვიტამინი B12, B6, B1 – B ჯგუფის ვიტამინები ჩვენს ნერვულ ქსოვილს, თავის, ზურგის ტვინს ძალიან სჭირდება. გარდა ამისა, კვერცხში ძალიან ბევრია ცხიმში ხსნადი ვიტამინები, როგორებიცაა A, E, D ვიტამინები. ასევე, კვერცხი შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ჩვენს თვალს ძალიან სჭირდება.
მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენს სხეულში არაფერი არსებობს ისეთი, რომელსაც კვერცხი შეიძლება არ წაადგეს. ეს არის საკვები, რომელიც იდეალური არჩევანია ყოველდღიურობაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები