„აიცერით, გადაარჩინეთ სიცოცხლე” – ლაშა ჯაკობია

ვეტერანი ფეხბურთელი და საფეხბურთო აგენტი ლაშა ჯაკობია მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ პანდემიის დასასრულებლად იმუნიზაცია ერთადერთი გამოსავალია.

როგორც ჯაკობია აღნიშნავს, კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთებით ვიცავთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ვზრუნავთ ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად.

„ყველა უნდა აუცილებლად ავიცრათ, რათა დავიცვათ ერთმანეთი, საკუთარი თავი, არ ვიყოთ სხვისთვის საფრთხის შემქმნელები. ეს პანდემია მალე უნდა დასრულდეს და ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.

მე, პირადად, სრულად აცრილი ვარ და აცრის შემდეგ მქონდა კორონავირუსი, ძალიან იოლად გადავიტანე. აცრილი რომ არ ვყოფილიყავი, არ ვიცი, ჩემი ორგანიზმი რამდენად გაუძლებდა ამ ვირუსს. ამიტომ ჩემი პოზიციაა, რომ ყველა ავიცრათ. მართალია, ანტივაქსერები ხალხს მოუწოდებენ, რომ არ აიცრან, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. თუ თვითონ არ იცრებიან, ხომ ჰყავთ ოჯახში უფროსი თაობის წარმომადგენლები, ბებიები, ბაბუები, რომელთათვისაც განსაკუთრებით საშიშია ეს ვირუსი, იმათზე იფიქრონ – შეძლებენ „კოვიდ-19“-ის გადატანას? რატომ აგდებენ მათ საფრთხეში, მათ სიცოცხლეს კი რისკის ქვეშ აყენებენ?! ასე არ შეიძლება.

სხვა თუ არაფერი, თუნდაც ბავშვობაში იმდენი აცრა გვაქვს გაკეთებული, მაშინ არც ისინი უნდა გაგვეკეთებინა. რა, მხოლოდ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაა საშიში? გამონაკლისები ყოველთვის ყველგან არსებობს. მთავარია, რომ ვაქცინაცია დაგვეხმარება კორონავირუსის დამარცხებაში, გარდაცვლილთა რაოდენობის მაქსიმალურად შემცირებაში.

ვფიქრობ, ვისაც, ვთქვათ, აცრის ეშინია რაღაც მიზეზების გამო, ექიმებმა და კომპეტენტურმა პირებმა უნდა ყველაფერი დეტალურად აუხსნან და მინიმუმამდე შეამცირონ ის ეჭვი, რის გამოც ადამიანი ვაქცინას არ იკეთებს. კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ – აიცერით, გადაარჩინეთ სიცოცხლე”, -განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები