ძაღლების ჩხუბს თბილისში სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა. დაჭრილია ძაღლის ერთ-ერთი პატრონი, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში მძიმე დაზიანებითაა შეყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ჩუღურეთის რაიონში, ჩიქობავას ქუჩაზე მაშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი სკვერში ძაღლს ასეირნებდა. თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვნის ძაღლმა ბრალდებულის ძაღლს უკბინა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. არასრულწლოვანი, სახლში მისვლის შემდეგ, ძმასთან ერთად შემთხვევის ადგილზე კვლავ დაბრუნდა დაკარგული ჯვრის საპოვნელად, როდესაც 37 წლის მამაკაცმა თავის არეში ესროლა. მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება დაჭრილის ძმასაც.
შსს-ს ინფორმაციით, 17 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.
„სამართალდამცველებმა დ.რ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და ადგილიდან მიიმალა”, – აცხადებენ შსს-ში.
სხვა სიახლეები