რატომ არის ცოლი ბავშვებზე უფრო მნიშვნელოვანი – ერთი კაცის მონათხრობი

“ჩვეულებრივ, 8:30 საათზე, საღამოს ჩემს ორ მოზარდ ქალიშვილს გაფრთხილებას ვაძლევ, უკვე 9 საათზე კი ვეუბნები: „დროა, თქვენს ოთახში გახვიდეთ“. ამას თითქმის ყოველ საღამოს ვეუბნები და ყოველთვის მეკითხებიან: „რატომ უნდა დავწვეთ 9 საათზე? ჩვენ ხომ უკვე პატარები არ ვართ!“
მე კი ვეუბნები: „სავალდებულო არაა, დაიძინოთ. თქვენ შეგიძლიათ, ოთახში ნებისმიერი საქმით დაკავდეთ, მაგრამ სასტუმრო ოთახში არ გამოხვიდეთ. მე და დედას ერთმანეთი მთელ დღეს არ გვინახავს, ერთმანეთი მოგვენატრა და ეს ჩვენი დროა, როცა ერთმანეთთან საუბარი შეგვიძლია“.
გოგოები, ჩვეულებრივ, თვალების ხამხამსა და ფხუკუნს იწყებენ
სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენს ოჯახში ეს წესი დიდი ხანია, არსებობს. ჩვენ უკვე 15 წელია, მშობლები ვართ და არასდროს ყოფილა ისე, რომ ბავშვებს მთელი დრო წაეღოთ. დიახ, ჩვენ მათზე ძალიან ბევრს ვზრუნავთ, მაგრამ არა – 24 საათის განმავლობაში. ბავშვები ძალიან გვიყვარს და, უდავოდ, ისინი ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით.
მაგრამ არსებობს, ასევე, „ჩვენ“, ჩვენი ურთიერთობა და ჯერ კიდევ ყურადღება უნდა დავუთმოთ იმას, რომ ურთიერთობა ძლიერი, ახლო და ჯანსაღი დარჩეს. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი:

ჯანსაღი ქორწინება ოჯახის ქვაკუთხედია

ოჯახის ქვაკუთხედი თქვენი შვილები არაა. ისინი საძირკვლის ნაწილია და სხვა ყველაფერი დანარჩენის ნაწილი, მაგრამ მთელი კონსტრუქცია მათ არ უჭირავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ თქვენ და თქვენი პარტნიორი. ბავშვები თქვენ გიყურებენ და მაგალითს ღებულობენ და თქვენი გამოცდილებით მიმართულებას ირჩევენ.

ბავშვების გაჩენამდე იყავით „თქვენ“ – თქვენი წყვილი

ოჯახი ბავშვებით არ იწყება. ჯერ თქვენ ერთმანეთი გიყვარდებათ, ერთად სეირნობთ, დილამდე საუბრობთ და ბოლოს ერთად ცხოვრების გადაწყვეტილებას ღებულობთ. დასაწყიში ვიყავით ჩვენ და ეს ჩვენ დავიწყეთ ოჯახის ისტორია. მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდნენ ჩვენი მშვენიერი ბავშვები. ეს უზომოდ გვიხარია და ამის გამო მადლიერები ვართ, რადგან მათ ოჯახში სინათლე და სიხარული შემოაქვთ, მაგრამ ჩვენი კავშირი წმინდაა. და სწორედ ეს სიწმინდე მთელი ძალით უნდა დავიცვათ.

მას შემდეგ, რაც ბავშვები გაიზრდებიან, ჩვენ მარტო ორი დავრჩებით

სამუდამო არაფერია. ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან და ბუდიდან გაფრინდებიან. არ ვიცი, თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ 30 წლის შვილის გამოზრდასა და მისთვის ოთახის გამოყოფას არ ვაპირებ. დაე, დამოუკიდებლად იცხოვროს.

ასე რომ, როცა ისინი გაიზრდებიან, საკუთარ ოჯახებს შექმნიან და საკუთარ შვილებს გაზრდიან, ვიმედოვნებ, რომ ცოლთან ჩემი ურთიერთობა ისეთივე ძლიერი და ახლობლური იქნება, როგორც დასაწყისში. მსგავსი მომავლის უზრუნველსაყოფად ურთიერთობაზე ახლა უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ჩვენი ურთიერთობა და არა ბავშვები უნდა იყოს პრიორიტეტი.

ბავშვებს მისაბაძი მაგალითი უნდა ვუჩვენოთ
როგორც უკვე ვთქვი, ბავშვები გვიყურებენ და ჩვენგან მაგალითს იღებენ. სწორედ ჩვენგან სწავლობენ, თუ როგორ ააშენონ და შეინარჩუნონ ურთიერთობა. მე ხშირად ვამბობ: „აღზრდა უფროსებს სჭირდებათ და არა – ბავშვებს“. ვისურვებდი, რომ ჩემი შვილები ნორმალურ, ჯანსაღ ურთიერთობაში, მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდნონ.

სწორედ ამიტომ, ჩემ ცოლთან ჯანსაღი ურთიერთობა ჩემთვის პრიორიტეტია – ბავშვები ხომ ჩვენი შემხედვარე სწავლობენ. სწორედ ამიტომ, ცოლი პირველ ადგილზეა, ბავშვები – მეორეზე.

დღის ბოლოს ყველა გადაღლილი და დაძაბულია. დიახ, ბავშვებს ძალიან ვჭირდებით, ეს ძალიან მნშვნელოვანია. ისინი მეუღლის შემდეგ მეორე, მაგრამ მნიშვნელოვან ადგილზე არიან. არა მეგობრები, არა თანამშრომლები, ან ახლობლები გასართობად. არამედ ცოლი და ბავშვები. თქვენ უნდა იზრუნოთ ბავშვებზე, მაგრამ, პირველ ყოვლისა, როგორც წყვილის – კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოთ. როცა ბავშვები ხედავენ, რომ მამას დედა უყვარს და დედა მამას პატივს სცემს, ისინი ხვდებიან, რომ მშობლებს შვილებიც ძალიან უყვართ, მათთვის ძვირფასი და ღირებულნი არიან. სამყაროს მიმართ უფრო თავდაჯერებულნი ხდებიან.

ჩვენ გიჟური გრაფიკით ვცხოვრობთ. საქმეები, საქმეები და საქმეები. და მუდმივად ბავშვები – მათ დიდ ყურადღებას ვუთმობთ. სწორედ ამიტომ, ყოველ საღამოს, ზუსტად 9 საათზე ბავშვებს ვთხოვ, რომ თავის ოთახში გავიდნენ. სწორედ ამიტომ, თვეში რამდენჯერმე მე და ჩემი ცოლი პაემანს ვგეგმავთ და ერთად მხოლოდ ჩვენ ორი გავდივართ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პირველი გაჩნდა „ჩვენ“.

წყარო: “ინტერმედია”

კომენტარები

სხვა სიახლეები