“ჭკუასთან ახლოს ვერ არის, მაგრამ მაინც რობერტ სტურუაა და ნუ გადაუვლიან თავზე,” – გივი სიხარულიძე

„ეს რაღაც არაადეკვატური განცხადება გაუკეთებია, რაც ჭკუასთან ახლოს ვერ არის. რა თქმა უნდა, არასწორი განცხადებაა, მაგრამ მაინც რობერტ სტურუაა და ნუ გადაუვლიან თავზე,” – ასე აფასებს „რეზონანსთან” საუბრისას მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურიას მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტს, სადაც იგი თბილისში, 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა.
სიხარულიძემ სტურუას ამ განცხადებას არასწორი და არაადეკვატური უწოდა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამის აფიშირება და სამსაჯვროზე გამოტანაც არასწორია.
„მოხუცი კაცია, რაღაც თქვა, ამას ნუ გახდიან ახლა საქვეყნოდ და სამსჯავროდ. რობერტ სტურუათი მთელი საქართველო ტრაბახობდა. ესეთი რაღაც რამ დააწერინა, მე თვითონაც შოკში ვარ. რატომ დაწერა, რა მოუვიდა არ ვიცი, მაგრამ გეტყვით, რომ მე პირადად აგრესიული ქმედებების მომხრე არ ვარ. მინდა, რომ მშვიდობა იყოს და ნორმალურ ენაზე ველაპარაკოთ ერთმანეთს,” – განაცხადა გივი სიხარულიძემ.
ცნობისათვის, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურია თბილისში, 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს ფეისბუქზე გამოეხმაურა:
„ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არის!” – დაწერა სტურუამ.
რაც  აქტიურად გაავრცელეს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა.
სააგენტო „რია ნოვოსტის” ცნობით, რობერტ სტურუა – „ქართველი და რუსი მსახიობი” – დღემდე მოსკოვის თეატრ „Et Cetera”-ს მთავარი რეჟისორია.

კომენტარები

სხვა სიახლეები