თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 20 წლის დიმიტრი დარბაიძე და 19 წლის ანი ჯაფარიძის ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილების ნათესავები და ახლობლები არიან შეკრებილი. მათი თქმით, დიმიტრი დარბაიძის მშობლები საბერძნეთში იმყოფებიან და მათ უკვე შეატყობინეს მომხდარის შესახებ.
„არაფერი არ ვიცი, ტელევიზორიდან გავიგეთ და ბებიამ დაგვირეკა. ჩემი ნათესავები არიან,“ – განაცხადა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთი გარდაცვლილის ნათესავმა.
“რაღაც მარკეტში მუშაობდა. დედამისი საბერძნეთშია. სამი ძმანი არიან. სავარაუდოდ გაზი არისო”, – ამბობს დიმიტრი დარბაიძის მეზობელი. დარბაიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიდან იყო და თბილისში სამუშაოდ ჩამოსული, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
ბუნებრივი აირის გაჟონვის სავარაუდო მიზეზად ღია წვის კამერიანი გამათბობელი გახდა, რომელიც ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფება ბინის მეპატრონე.
სხვა სიახლეები