მძღოლმა, რომელსაც ხელფასი დაუგვიანეს, ექსკავატორით სასტუმრო დაანგრია (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია თუ როგორ ანგრევს ექსკავატორის გამძვინვარებული მძღოლი სასტუმროს ჰოლს. ის რამდენიმეჯერ შედის და გამოდის შუშის კარში და შოკირებული კოლეგების თვალწინ, თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს. ბოლოს ის რეგისტრაციის მაგიდამდეც აღწევს.
მშენებლებმა სასტუმროს აშენება ინგლისის ქალაქ ლივერპულში სწორედ იმ დღეს დაასრულეს. როგორც ჩანს, ამ მძღოლმა უფროსებისთვის სამაგიეროს გადასახდელად შესაფერისი მომენტი ზუსტად აარჩია.
თვითმხილველების თქმით, ეს ამბავი დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა. როგორც აღმოჩნდა, მიზეზი ხელფასის დაგვიანება გახდა. დამსაქმებელს ამ მამაკაცისთვის, დაახლოებით, 600 ფუნტი უნდა გადაეხადა. კადრს მიღმა კი ისმის ერთ-ერთი მუშის ხმა, რომელიც ამბობს – „აი, რა ხდება, როცა ადამიანებს ხელფასს არ უხდიან.“
​მას მერე, რაც მძღოლმა თავისი ჩანაფიქრი შეასრულა, მან ექსკავატორი მიატოვა და გაიქცა.
პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო,კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ. სამაგიეროდ, სოციალურ ქსელებში მძღოლის ქმედებამ ბევრი დადებითი გამოხმაურებაც მოიპოვა და ვიდეოს 700 ათასზე მეტი ნახვაც აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები