“ასეთი იყო ლევანიკო, უბნის თვალი და ქვეყნის საამაყო შვილი, რომელიც ჩვენივე ქვეყნის სამარცხვინო შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა”
ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი ბიჭების სკოლელის დედა – ნინო შონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, ლევანიკოს მუდამ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და სიკეთეს ასხივებდა.
“ყოველ დილას, როდესაც ჩემს შვილებს სკოლაში ვაცილებდი, ფანჯრიდან გავცქეროდი და ველოდებოდი, სანამ თვალს არ მიეფარებოდნენ. ამასობაში, ლევანიკო და გიორგი ჩამოივლიდნენ, ხანდახან ასცდებოდნენ დროში ერთმანეთს, უმეტესად კი ერთად მიიჩქაროდნენ სკოლისკენ.
2017 წლის პირველი დეკემბრის დილა კი უკანასკნელი აღმოჩნდა ლევანიკოსთვის. ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი სისასტიკის მსხვერპლი გახდებოდა ეს უდანაშაულო, უწყინარი და უპატიოსნესი ბიჭი… ვინ იფიქრებდა, დედას საკუთარი ფეხით რომ ვეღარ დაუბრუნდებოდა სახლში. თვალს უხაროდა მისი დანახვა ისეთი ბიჭი იყო. თავის ლამაზ, დიდრონ თვალებს შემოგანათებდა და სალამს ვერ დაასწრებდი. მუდამ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და სიკეთეს ასხივებდა. აი ასეთი იყო ჩვენი ლევანიკო, ჩვენი უბნის თვალი და ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენივე ქვეყნის სამარცხვინო შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა. არ ვიცი, როდის განელდება დღეს მიღებული შოკი და ტკივილი.
მეც დედა ვარ და მწარედ ვიზიარებ მისი დედის -.ნათიას ტკივილს, რომელიც თავს დაჰკანკალებდა თავის შვილებს. უფალმა გაამაგროს და გააძლიეროს. მე კი, სამწუხაროდ, დილაობით როდესაც ფანჯრიდან გადავიხედავ, ლევანიკოს სკოლისაკენ მიმავალი დიდი ნაბიჯები მხოლოდ მოგონებადღა დამრჩება”, – წერს შონია.