თათა ბურდული – „დღეს ბიჭებზე დავწერ, უასაკო ლეკვებზე“

გოგოებს ესიამოვნებათ, დღეს ბიჭებზე დავწერ. უასაკო ლეკვებზე, მარტივ, გულუბრყვილო და მოჩვენებითად ძლიერ არსებებზე, რომელთაც ყველა ასაკში ერთნაირად სიამოვნებთ მოფერება.
ჩვენი მთავარი შეცდომა – მათი შესაძლებლობების გადამეტებულად შეფასება და წარმოჩენაა. იმის წარმოდგენა, რომ ისინი შეუძლებელს შეძლებენ, მძლეთა-მძლეები არიან და ჩვენზე მეტის გაკეთება, გადატანა შეუძლიათ.
სულაც არაა ასე. მათი მთავარი მახასიათებელი სწორედ სისუსტეა, ხასიათის სირბილე და მზრუნველი ხელის მოთხოვნილება.
ძირითადი წესია – მოვუსმინოთ, მოვეფეროთ, შევაქოთ და გამოვკვებოთ ჩვენი მეორე ნახევრები. და თუ ყველაფერ ამასთან ერთად თავისუფალ სივრცესაც შევუნარჩუნებთ მათ – მაგალითად გარკვეული პერიოდულობით ძმაკაცებთან ერთად ფეხბურთის თამაშის/ყურების, კარტის თამაშისა თუ კლუბში გართობის ხელშეუხებელ ტრადიციას შევუნარჩუნებთ – ის თქვენი საუკუნოდ მადლიერი იქნება.
გოგოების მთავარი შეცდომა მოვლენების გართულებისაკენ მიდრეკილებაა. ქვეტექსტების ძიების ლაბირინთში გახვეულები ჩვენი პარტნიორისთვის ხშირად მოსაბეზრებელ კომუნიკატორად ვიქცევით ხოლმე და ისიც გარბის, გვივიწყებს; არ ვიყენებ ტრაგიკულ სიტყვა „მიტოვებას“ – თუმცა სწორედ ესაა საბოლოო შედეგი ამ გაუცხოების.
ბევრს არ ითხოვენ ისინი ჩვენგან. მაშინ როცა თავად თანახმანი არიან ნებაყოფლობით პატიმრობაზე „ჰაერზე გასეირნების“ გარანტირებული დღეების რაოდენობით.
გოგოებო, ამ დევკაცებს, რომელთაც ხშირად ჭექა-ქუხილის ჩვენზე მეტად ეშინიათ გაფრთხილება სჭირდებათ. ასეთია დღევანდელი საკითხავის სიბრძნე, ნახეთ იქნებ გაჭრას ამ თეორიამ.

თათა ბურდული

კომენტარები

სხვა სიახლეები