კანადაში ემიგრირებულმა სირიელმა ლტოლვილმა ცოლ-ქმარმა მუჰამედ და აფრა ბილენებმა ახალშობილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ჯასტინ ტრიუდო დაარქვა. ჯასტინი მათი მესამე შვილია. ისინი ორ შვილთან – ნაიასთან და ნაელთან ერთად კანადის ქალაქ მონრეალში შარშან თებერვალში ჩავიდნენ.
კანადის მთავრობამ წყვილი მცირე დროში თავშესაფრით უზრუნველყო. დამასკოდან გამოქცეული სირიელების ოჯახი დღეს ქალაქ კალგარიში ცხოვრობს. ლტოლვილთა კრიზისის გამწვავებიდან დღემდე, პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს გადაწყვეტილებით, კანადამ 40 ათასი სირიელი და ერაყელი ლტოლვილი მიიღო.
„კანადა ბევრად დაცული ადგილია, აქ არსად ომი არ არის. ყველაფერი განსხვავებული, ყველაფერი კარგია“, – ამბობს აფრა ბილენი “ბი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში.
აფრა აღიარებს, რომ იყო გარკვეული სიძნელეები, რომელიც აქ ჩამოსვლას ახლდა თან, მაგრამ ადვილად მოხდა ყველაფერთან შეგუება. აფრა ინგლისურად თავისუფლად საუბრობს, მუჰამედი ბოსტნეულის მაღაზიაში მუშაობს. მშობლებს იმედი აქვთ, რომ თავიანთი პატარა როდესღაც გაიცნობს იმ პიროვნებას, რომლის სახელსაც ის ატარებს.
„ჩვენ ყოველთვის მისი მადლიერები ვიქნებით, იმისთვის, რომ აქ წამოგვიყვანა“,-ამბობს აფრა.
Next Post
სხვა სიახლეები