ბარონი მიუნჰაუზენის შესახებ ალბათ ბევრ ჩვენგანს სმენია ბავშვობაში. ჰოდა, რატომ გავიხსენე ეს სასაცილო პერსონაჟი – კვირა ზუსტად იმ პლანეტარული კომბინაციით დაიწყება, რომელიც ჩემი აზრით, ბარონ მიუნჰაუზენს უნდა ჰქონოდა პირად ჰოროსკოპში – ეს არის ზღაპრების გამოგონებისა და გარშემო მყოფების ოსტატურად “დაბოლების” თვისება.
ორშაბათს მერკური-ნეპტუნის ასპექტი აქტიურდება ცაზე, რაც ზუსტადაც რომ ილუზიებს გააძლიერებს ადამიანებში და როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მოტყუების მოთხოვნილება საკმაოდ აქტუალური იქნება. შესაბამისად, ორშაბათი კვირის არამხოლოდ ყველაზე მძიმე დღე იქნება, არამედ იქნება პერიოდი, როცა ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოიბათ საიმისოდ, რომ ვინმემ არ შესძლოს თქვენი გაცურება. თუმცა, ყველა მედალს ორი მხარე გააჩნია, თუკი სიცრუისა და აფიორების ალბათობას გამოვრიცხავთ, ეს კარგი დღე იქნება შემოქმედებითი სამუშაოს შესასრულებლად, ხელოვანებს კი შესაძლოა გასაოცარი აღმაფრენა ეწვიოთ. ასე რომ, მათთვის, ვისი პროფესიაც კრეატივსა და ხელოვნებას უკავშირდება, ორშაბათი შესაძლოა ერთობ პერსპექტიულად დაიწყოს. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ ასტროლოგიაში მერკური ახლო წრის ადამიანებია (დები, ძმები, ნათესავები, უახლოესი თანამშრომლები) ნეპტუნი კი გაუგებრობა და ქაოსები. შესაბამისად, კარგი იქნება კვირის დასაწყისში ზემოჩამოთვლილ ადამიანებთან ურთიერთობაში მაქსიმალურ ყურადღებასა და წინდახედულებას თუ გამოიჩენთ. რათა თავი დაიზღვიოთ გაურკვევლობისგან.
კვირის შუა პერიოდში – მოსალოდნელია ურთიერთობების გართულება პარტნიორულ კავშირებში. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს გარკვეული მორალური პრინციპები, რომელსაც საზოგადოება გვკარნახობს ან უფროსი ნათესავების უხეში ჩარევა ამა თუ იმ წყვილის ურთიერთობაში. პრობლემა ასევე შესაძლებელია წარმოქმნას მატერიალურმა საკითხებმა და ფინანსურმა ვალდებულებებმა, რომელსაც რომელიმე პარტნიორი გაურბის ან ვერ ასრულებს. რაც თავის მხრივ აუცილებლად გამოიწვევს წყვილებს შორის ემოციურ სიცივეს, პერიოდულ დაშორებას ან კონფლიქტს. ამიტომ მიმდინარე კვირის მანძილზე, ისე როგორც არასდროს, საჭიროა მეტი სითბო, მეტი ემოციური მხარდაჭერა და ლოიალურობა გამოვიჩინოთ ჩვენი სასიყვარულო თუ ქორწინების პარტნიორების მიმართ. რათა პლანეტების ნეგატიური გავლენის გამო, არ დაზარალდეს ჩვენი ურთიერთობები.
თუმცა, თუკი თქვენ ხვდებით, რომ სიტუაცია ჩიხში შევიდა და გამოსავალი მხოლოდ განშორებაა, საიმისოდ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ და გათავისუფლდეთ პარტნიორზე როგორც ფიზიკური, ისე ემოციური მიჯაჭვულობისგან დაელოდეთ ახალმთვარეობას, რომელიც ზუსტად ამ კვირას გველის – კერძოდ კი 28 იანვრის ღამეს. ახალმთვარეობა საუკეთესო დროა საიმისოდ, რომ ადამიანი წარსულის ნებისმიერი უსარგებლო “ბალასტისგან” გათავისუფლდეს. ამ პერიოდში ასევე კარგია დიეტის დაწყება ან პროფილაქტიური მკურნალობა. რაკიღა მოცემული ახალმთვარეობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში ხდება – თემა, რომელიც შეგიძლიათ ერთხელ და სამუდამოდ დააბალანსოთ თქვენს ცხოვრებაში შეეხება მეგობრებს ან ჯგუფურ საქმიანობას. ამიტომ, თუკი თვლით, რომ ვინმე მეგობრობის სახელით “გიყენებთ” ან ცდილობს თქვენით მანიპულირებას როგორც რეალურ ცხოვრებაში ისე სამსახურში, თამამად დასვით წერტილი ამ ურთიერთობაში. იმავეს თქმა შეიძლება პირად ურთიერთობებზეც. უფრო მეტიც – ახალმთვარეობის ენერგეტიკა მერწყულის ნიშანში საშუალებას მოგცემთ, ყოფილ პარტნიორთან სამომავლოდ მეგობრული დამოკიდებულებაც კი შეინარჩუნოთ.
28 იანვარს ახალმთვარეობას ემთხვევა პლანეტა მარსის აქტიურ, ცეცხლოვან ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადაბარგება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული ადამიანებში მოიმატებს აქტიურად ქმედების სურვილი, ბრძოლისუნარიანობა და პრინციპულობა. შესაბამისად, ყველაფერი ის, რისი “დანგრევის” გადაწყვეტილებასაც თქვენ ამ ახალმთვარეოაბს მიიღებთ, შესაძლოა კომპენსირებულ იქნეს ახალი იდეებისა და ურთიერთობების წარმოქმნით.
თუმცა, მარსი ვერძში ადამიანებს გარკვეული კონფლიქტურობისკენაც უბიძგებს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოახერხოთ სიმშვიდისა და დიპლომატიის შენარჩუნება ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება-განხორციელებისას.
კვირის ბოლოს ყველა ზემოჩამოთვლილ ფაქტორთან ერთად, პლანეტარულ კომბინაციებს მერკურისა და პლუტონის ასპექტიც დაემატება. რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი. შესაბამისად, მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოთ სავტომობილის საჭესთან. სასურველია, ნაკლებად შეხვიდეთ კონფლიქტში ახლო წრის ნათესავებთან და და-ძმებთან ურთიერთობაში. სიფრთხილით მოეკიდეთ ასევე ნებისმიერი ტიპის ფინანსურ დოკუმენტაციასთან მუშაობას. ასევე ყურადღება მიაქციეთ საბუთების სიზუსტეს ფულადი ოპერაციების წარმოებისას.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge