დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მეღორეობით დაინტერესებულ ფერმერებს გოჭისა და მისი საკვები პროდუქტის შეძენა განვადებით შეუძლიათ. განვადება ასევე კეთდება გოჭის ხელოვნურ განაყოფიერებაზეც. 4-თვიან სერვისს, ადგილობრივ ფერმერებს, დედოფლისწყაროს ფერმერთა მომსახურების ცენტრი სთავაზობს. როგორც ფერმერთა მომსახურების ცენტრის დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, პროგრამა თითქმის ორი თვეა რაც დაიწყო და მასში 5-მდე ადამიანია უკვე ჩართული.
”ფერმერებთან ხელშეკრულებას ვაფორმებთ, რათა 4 თვის შემდეგ გაზრდილი გოჭები უკან ჩავიბაროთ და ფერმერს მათი რეალიზაციის პრობლემა არ ჰქონდეს. პროგრამას ორი დადებითი მხარე აქვს – ერთი, რომ ფერმერს არ უწევს გოჭის საკვებ პროდუქტზე ფიქრი და მეორე – მან ზუსტად იცის რომ, მისი გაზრდილი გოჭი გაიყიდება”, – განაცხადა ბექა გონაშვილმა.
მისი თქმით, საკვები პროდუქტის შეძენა ფერმერს დაახლოებით 240 ლარი, გოჭის კი 150 ლარი უჯდება. 4 თვის განმავლობაში მოგება საშუალოდ 80-დან 100 ლარამდეა.
„ამ პროგრამის ფარგლებში გოჭს დადგენილი კვების რეჟიმი აქვს, როგორც კი იგი 90-10 კილოს მიაღწევს, ფერმერი გვიბრუნებს გაზრდილ გოჭს და 5 დღის ვადაში ვახდენთ მის რეალიზებას, ჩვენი სესხისა და ფერმერისთვის ანაზღაურების გადახდას. მას შემდეგ რაც ღორის რეალიზება მოხდება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წინაშე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ, მაგრამ თუ ფერმერმა ღორი არ დააბრუნა, თანხას თავად გადაიხდის”, – აცხადებს ბექა გონაშვილი
მისივე თქმით, ფერმერები ვეტერინარის უფასო მომსახურებითაც სარგებლობენ. ფერმერთა მომსახურების ცენტრი სამომავლოდ სიღნაღისა და დედოფლისწყაროს გარდა, ამ პროგრამის დანერგვას მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოში გეგმავს. 2017 წლის გაზაფხულიდან კი ამ პროგრამით მეძროხეობით დაკავებული ფერმერებიც ისარგებლებენ.
წყარო:https://bpn.ge