“სახლის სარდაფიდან ღამით უცნაური ხმები ისმის” – ვინ აშინებს მარნეულის მოსახლეობას

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთლარში ადგილობრივები უცნაურ არსებაზე საუბრობენ, რომელიც მათივე ინფორმაციით, მიტოვებულ სახლში ბინადრობს. სოფლის მაცხოვრებლები ვერ აკონკრტებენ ამოუცნობი არსება ცხოველია თუ ადამიანი. დასახლებაში პანიკაა. ანალოგიური პრობლემა აწუხებთ სოფელ კუმისსა და კოდაშიც.
კოდა კუმისი და ახლა უკვე მარნეულის რაიონი სოფელი ქურთლარი. ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში უცნაური პირის გამოჩენაზე საუბრობს. ადგილობრივებს უჭირთ მისი გარეგნობის აღწერა, რომელიც მათ თითქმის ყოველ ღამით აშინებს.
შავ ტანსაცმელში გამოწყობილი არსება, რომელიც ოთხ ფეხზე დიდი სისწრაფით დარბის, ადგილობრივთა მტკიცებით, სოფელში ზედიზედ რამოდენიმე ადამიანმა ნახა. მათ დახმარებისთვის სამართალდამცავებსაც მიმართეს. თუმცა ამ დრომდე უცნობია სოფლის “სტუმრის” ვინაობა.
მოსახლეობა ფიქრობს, რომ უცნაურმა არსებამ ბინა ერთ-ერთი სახლის სარდაფში დაიდო. სახლში 15 წელია უკვე აღარავინ ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობა იმასაც ყვება, რომ სარდაფიდან ღამით უცნაური ხმები გამოდის, ამიტომ სახლთან მიახლოების ეშინიათ.
“ხან ყმუის მგელივით, ხან ძროხასავით ბღავის, სახლის კარებთან მოვა ხოლმე, მე მანქანაში ვზივარ და ვდარაჯობ, რომ იქნებ დავინახო ვინ არის. გონიათ, რომ მელანდება, მაგრამ ჩემს გარდა 50 კაცია მნახველი. ” – განაცხადა თვითმხილველმა.
დედალამაზიშვილების ოჯახი ერთ-ერთი პირველია, ვინც უცნობი არსება მათსავე ეზოში ნახეს. ოჯახის დიასახლისის თქმით საქონლის საცხოვრებლის სახურავზე შვებში ჩაცმული მამაკაცი იდგა, რომელიც უცნაურ ხმებს გამოსცემდა. ოჯახის წევრებს უცნობი თავდაპირველად ქურდი ეგონათ, თუმცა სახლიდან ამ დრომდე არაფერი დაკარგულა.
“სახე ვერ გავარკვიე ვინ იყო, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ უცნობი სახურავიდან გადახტა. ადამიანია, გამხდარი, მაღალი ბიჭია.”- აღნიშნა დედალამაზიშვილების ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მათ მსგავსი ფაქტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ. მითია თუ რეალობა, სოფლებში უცნობი ადმიანის არსებობა ჯერჯერობით უცნობია. მოსახლეობა დახმარებას შესაბამის სამსახურებს სთხოვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები