საბჭოთა საკულტო თამაშის – „ტეტრისის“ ეკრანიზაციისთვის ჰოლივუდური სტუდია Threshold Global Studios 80 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
ფილმის გადაღება 2017 წელს დაიწყება. Tetris The Movie ტრილოგიის პირველი ნაწილი იქნება და სტუდიის Threshold Global Studios სადებიუტო პროექტი გახდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში მონაწილეობას ჩინელი და ამერიკელი მსახიობები მიიღებენ, თუმცა მათი გვარები ჯერჯერობით ცნობილი არაა.
შეგახსენებთ, რომ „ტეტრისის“ ეკრანიზაციის შესახებ ცნობილი 2014 წელს გახდა. მაშინ პროდიუსერმა ლოურენს კასანოფმა განაცხადა, რომ სამეცნიერო -ფანტასტიკური ტრილერის გადაღებას გეგმავს და არა თვითონ ჩამოვარდნილი ფერადი გეომეტრიული ფიგურების თამაშის ეკრანიზაციას.
ეს „დიდი ეპიკური კინო“ იქნება, – განაცხადა მაშინ პროდიუსერმა.
ცნობილია, რომ ჯერჯერობით მომავალი ფილმის არც სცენარი და არც სათაური არ არსებობს, თუმცა ტრილოგიის გადასაღებად ფული საკმარისია. გამოვა თუ არა ტრილოგია დიდ ეკრანებზე – ცნობილი არაა. კომპანია Threshold Global Studios-ის განცხადებით, მომავალში ის კიდევ უფრო მეტ „კულტურათაშორის ფილმს გლობალური აუდიტორიისთვის გადაიღებს“ და „ტეტრისი“ – ამ სტრატეგიისთვის, შესანიშნავი პირველი პროექტია. ფილმის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი – ჩინელი მილიარდერი ბრუნო ვუა.
სხვა სიახლეები