2016 წელს კანის ფესტივალზე წარდგენილი 10 მთავარი ფილმი (ფოტო, ვიდეო)

11-22 მაისს კანის 69-ე ფესტივალი გაიმართება. ოქროს პალმის შტოს მისაღებად წელს იბრძვიან პედრო ალმადოვარი, ჯიმ ჯარმუში, ქსავიე დოლანი, შონ პენი, პოლ ვერხოვენი და ნიკოლას ვინდინგ რეფნი. სწორედ მათი ახალი ნამუშევრებია წარდგენილი წელს კანის ფესტივალზე. ღონისძიების პროგრამა გამოქვეყნებულია, გთავაზობთ წლევანდელი კანის ფესტივალის 10 მთავარ ფილმს.

„პატერსონი“ – რეჟისორი ჯიმ ჯარმუში

ცნობილი რეჟისორის, ჯიმ ჯარმუშის დრამა ავტობუსის მძღოლის შესახებ გვიამბობს. მძღოლი საკუთარ თავს პოეზიაში ცდის. მთავარ როლს ადამ დრაივერი ასრულებს. 

„ფინანსური მონსტრი“ – რეჟისორი ჯოდი ფოსტერი

ყოფილი მსახიობის და ახლა უკვე რეჟისორის ჯოდი ფოსტერის ფილმში ჯორჯ ქლუნი და ჯულია რობერთსი თამაშობენ. სურათის სიუჟეტი ვითარდება ცნობილი ტელეწამყვანის, ლი გეითსის გარშემო. მისმა ფინანსურმა რჩევებმა ტელეწამყვანი უოლ-სტრიტის ნამდვილ გურუდ აქცია. შოუს ერთ-ერთმა მაყურებელმა ლის რჩევა გამოიყენა და ყველაფერი დაკარგა. ამის მერე ის ტელეწამყვანს ტყვედ აიყვანს.

„ამერიკული თაფლი“ – რეჟისორი ანდრეა არნოლდი

ბრიტანელი რეჟისორის ანდრეა არნოლდის პირველი ამერიკული პროექტი. ფილმში სახლიდან გაქცეული გოგონას ისტორიაა აღწერილი. გაქცევის შემდეგ გოგონა იმით ცხოვრობს, რომ ერთ-ერთი ჟურნალისთვის ხელმომწერებს აგროვებს. ცოტა ხანში კი სიყვარული მას ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, წვეულებებით და დანაშაულებით სავსე ცხოვრებაში ჩაითრევს.

„ნეონის დემონი“ – რეჟისორი ნიკოლას ვინდინგ რეფნი

დრამა ფეშენ-ინდუსტრიის შესახებ. ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა, ამბიციური მოდელი, სახელად ჯესი. ის სამოდელო ოლიმპის დასაპყრობად ლოს-ანჯელესში ჩადის.

„კარგი ბიჭები“ – რეჟისორი შეინ ბლეიქი

პაროდია „ბოევიკებზე“ პოლიციელების შესახებ. მთავარი როლები რაიან ჰოსლინგმა, რასელ ქროუმ და კიმ ბესინჯერმა შეასრულეს. სიუჟეტის თანახმად, დაქირავებულ მცველს და კერძო დეტექტივს ერთად მუშაობა უწევთ იმისთვის, რომ გაუჩინარებული გოგონას შესახებ მარტივი საქმე გახსნან. ბოლოს საქმე საუკუნის დანაშაულად გადაიქცევა.

„ის“ – რეჟისორი პოლ ვერხოვენი

ბოლო 10 წლის მანძილზე პოლ ვერხოვენის პირველი ფილმი დიდი ეკრანისთვის. ახალ თრილერში საუბარია ბიზნესლედის შესახებ. შობამდე ერთი კვირით ადრე ის გააუპატიურეს და ახლა ქალს შურისძიების წყურვილი კლავს. შემდეგ იწყება ფსიქოლოგიური თამაში.

„პერსონალური მყიდველი“, რეჟისორი ოლივიე ასაიასი

მძაფრსიუჟეტიანი მისტიკური ისტორია, რომელიც მოდის სამყაროში განვითარდა. ახალგაზრდა ამერიკელი ქალი – მორინი, რომელიც პარიზში ჩავიდა, ცნობილ ადამიანებს სამოსის შერჩევაში ეხმარება. საინტერესოა, რომ მორინს მოჩვენებებთან საუბარი შეუძლია. მთავარი როლი კრისტენ სტიუარტმა შეასრულა.

„ჯულიეტა“, რეჟისორი პედრო ალმადოვარი

ესპანელი რეჟისორის პედრო ალმადოვარის დრამა გვიამბობს ისტორიას, რომელიც ორ დროში ვითარდება – დღეს და 30 წლის წინ. დღეს ჯულიეტა ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა 30 წლის წინ მას ცხოვრება უხაროდა.

„ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია“ – რეჟისორი ქსავიე დოლანი

ფილმი იმავე სახელწოდების ჟან-ლიუკ ლაგარკის პიესის მიხედვითაა გადაღებული. მთავარი გმირი მშობლიურ ქალაქში მიდის, რომ თავისი მოახლოებული სიკვდილის შესახებ უამბოს ახლობლებს. ექსცენტრიკულ ახლობლებს კი საკუთარი გეგმები აქვთ.

„მშვიდი ჭაობი“ – რეჟისორი ბრუნო დიუმონი

კომედია სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს შორის არსებული სიყვარულის შესახებ. მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში ვითარდება. ორი ოჯახის ისტორიაში უნებლიეთ ორი პოლიციელი ერევა, რომლებიც ტურისტების გასაიდუმლოებულ გაუჩინარებას იძიებენ.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=vZ2Di_sHFtQ[/youtube]

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=dTk1OdklKCg[/youtube]

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=G4X9YXvidQo[/youtube]

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=cwW8FfopEHY[/youtube]

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=QTWAkRRw4C8[/youtube]

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=ameLmrsd00M[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები