რატომ უნდა მივირთვათ ვაშლი რეგულარულად – ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ ადამიანი რეგულარულად მიირთმევს ვაშლს, მისი ტვინის უჯრედები დაცულია დაზიანება-განადგურებისაგან. ეს კი ხელს უწყობს არა მხოლოდ მეხსიერების გაუმჯობესებას, არამედ ახალგაზრდობის შენარჩუნებასაც. კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ვაშლის წვენის (მისი რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში) გავლენის შესწავლა თავის ტვინის მდგომარეობაზე. უფრო კონკრეტულად კი, მეცნიერებს აინტერესებდათ, რა სახის დაზიანებებისაგან დაიცავდა ვაშლის წვენი ადამიანთა ტვინის უჯრედებს.
ექსპერიმენტები ჩატარდა ზრდასრულ და ასაკოვან (დაბერებად) ვირთაგვებზე. ამ ცხოველთა თავის ტვინის დაბერების პროცესი ადამიანის ანალოგიურია. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს ვაშლის წვენი და საკუთრივ ვაშლი, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ვირთაგვების თავის ტვინზე, კერძოდ, ამ ნივთიერებათა წყალობით თავის ტვინის უჯრედები დაცულია დაზიანება-განადგურებისაგან. მოგეხსენებათ, სწორედ ანალოგიური პროცესები უდევს საფუძვლად ალცჰეიმერის დაავადებას.
ის, რომ ვაშლის რეგულარულად გამოყენება აფერხებს დაბერების პროცესს, დიდი ხანია ცნობილია. ამ საკითხზე ავსტრალიელმა მეცნიერებმა არაერთი საინტერესო დასკვნა გამოაქვეყნეს, მრავალწლიან კვლევებზე (10 წელზე მეტ ხანს მუშაობდნენ) დაყრდნობით. ამერიკელმა მეცნიერებმა თავისი მუშაობით მხოლოდ რამდენიმე საკითხი დააზუსტეს, პირველი – ის, რომ ვაშლში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს ადამიანის ორგანიზმს ინფარქტებისა და ინსულტების განვითარებისაგან, მეორე კი ის, რომ ვაშლის მოყვარულებში კიბოს ბევრი სახეობის აღმოცენების რისკი საგრძნობლად შემცირებულია.
ახალ კვლევებზე დაყრდნობით მეცნიერები აცხადებენ, რომ ფარმაცევტებს მალე შეეძლებათ, შექმნან ახალი პრეპარატები (ვაშლის კომპონენტების საფუძველზე), რომლებიც განკუთვნილი იქნება მეხსიერების გაუმჯობესებისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
წყარო:http://www.mkurnali.ge