ინფორმირებული უწიგნურები, ანუ ფეისბუქპროფილებს მიღმა დამალული გაუნათლებლობა

ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეპოქაში თითქოს ყველაფერი გამარტივდა, თუმცა დრო მაინც არაფრისთვის გვრჩება. დღეს მარტივი გახდა ინფორმაციის მიღება, მაგრამ რთული გახდა განათლების მიღება. სირთულე ალბათ უფრო მეტად დროის ნაკლებობაში და კომპიუტერთან დამეგობრებაშია. თანამედროვე ადამიანებს თავისუფალი დრო არ რჩებათ კითხვისთვის, მაგრამ ყოველთვის აქვთ დრო ფეისბუქისთვის. ფეისბუქისთვის დრო მაშინაც კი აქვთ, თუ მეგობართან ერთად ბარში იმყოფებიან, ან სახლში სტუმრობენ მას. ფეისბუქში „ფეიჯების“ შექმნა მოდური გახდა. „ფეიჯებიდან“ მომხმარებლები (ბუნებრივია, ეს ყველას არ ეხება) ოსტატურად აკოპირებენ მწერლების ფრაზებს, რომლებიც ინფორმირებულ ახალგაზრდობას წიგნში არა, მარა, სამაგიეროდ, ფეისბუქში წაუკითხავთ. მრავალი ახლობელი მყავს, ვისაც ოტია იოსელიანი „უყვარს“ არა იმიტომ, რომ მის შემოქმედებას იცნობს, არამედ სატელევიზიო შოუებიდან გამოყოლილი მისი იუმორი ახსოვთ. ბევრი ფოტოც აქვთ, რომელზეც ოტიას ფრაზებია წარწერილი. მარტივია დადო ფოტო, დააკოპირო, მართლაც, გენიალური ფრაზები და მოიკატუნო თავი, როგორც ნაკითხმა.12784503_1139321289446047_504154684_n
ქართულ ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებით მოდური პაულო კოელიო გახდა. ყოველ მეხუთე პროფილზე მაინც შეხვდებით მას, მაგრამ მათგან 2% თუ იქნება, ვისაც შეუძლია მის ნაწარმოებებზე გესაუბროთ. ისინი უბრალოდ არ იცნობენ მას, მაგრამ მოსწონთ, მისი ფრაზები უნახავთ „ფეიჯზე“….
კოელიოს პოპულარობით არაფრით ჩამოუვარდება რემარკი. თავს უფლებას ვერ მივცემ, გირჩიოთ, მაგრამ დამიჯერეთ, რემარკის მაგ ფრაზებზე მეტად მისი ნაწარმოებები უფრო საინტერესოა.
გუშინ საღამოს სოკრატეს გამონათქვამზე ადამიანი დავაჯერე, რომ ნოდარ დუმბაძისაა. თან გაუხარდა, რადგან, თურმე, როგორც თვითონ მითხრა, „დუმბაძის ყველაფერი ზეპირად იცის“. ბუნებრივია, ყველა მწერლის, ვინც წაგიკითხავს, ყველა მნიშვნელოვანი და საინტერესო ფრაზა ვერ დაგამახსოვრდება, მაგრამ თუ ეს ფრაზა ამოიკითხე წიგნში და არა ფეისბუქზე, მინიმუმ ის მაინც გეცოდინება, რომელ წიგნში შეგხვდა.
მსგავსი წარმატებით შეგიძლია დოსტოევსკი გაასაღო სტენდალად, ახლახან გარდაცვლილი უმბერტო ეკო, რომელიც წარმატებით აიტაცეს, შეიძლება მარკესად მონათლო და ვერავინ მიხვდება…. შესაძლოა, ამონარიდის გამოყენებისას მიაწერონ კიდეც, რომ ეს მათი საყვარელი წიგნიდანაა. არამომგებიანია მხოლოდ „ვიდზე“ იყო, საჭიროა ეგონოთ, რომ განათლებული ხარ. მერე რა, თუ პირისპირ შეხვედრისას პირს ვერცერთ საკითხზე გააღებთ, გარდა სოლარიუმებისა, კოსმეტიკური პროცედურებისა, თბილისის ღამის ბარებისა და დიეტებისა… მთავარია ლამაზი შეფუთვა, რომ კარგად „გაყიდო პროდუქტი“… „პროდუქტი“ ამ შემთხვევაში თავად ადამიანია, უმეტესად – მდედრები…. გაყიდვა კი ინტერესის გაღვივებას ნიშნავს. ამათ გარდა, შეგიძლია დღის მთავარ „ნიუსებზეც“ ილაპარაკო. მერე რა, თუ ესეც არ აინტერესებთ და რობოტებივით გადახედავენ ხოლმე… მთავარია, საკითხებს არ ჩაუღმავდე და არ გაშალო. ხორცის სილამაზეზე ზრუნვაში, სულზე, ჩვენს შინაგან სამყაროზე ზრუნვა გვერდით გვრჩება და ერთი ნაბიჯია იქამდე, რომ უბრალოდ მოპრუწულ ცარიელ თოჯინებად ვიქცეთ, ვისშიც საინტერესო აღარაფერი დარჩა.

ცირა შერგელაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები