400 000 დოლარი წლიური ხელფასი, სამი თვე შვებულება, არანაირი მუშაობა ღამით და შაბათ-კვირას — ეს იდეალური ადგილი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულია.
თუმცა, რაც არ უნდა განსაცვიფრებელი იყოს, ზოგადი პრაქტიკის ექიმი, დოქტორი ალან კენი აცხადებს, რომ პატარა ქალაქ ტოკოროაში ის უშედეგოდ ცდილობს გამოცხადებულ ვაკანსიაზე წარმატებული კანდიდატის პოვნას; აპლიკანტებს ის თავისი სამსახურის ნახევარს სთავაზობს, რომელსაც ანაზღაურების სახით წელიწადში 400 000 აშშ დოლარს გადაუხდის.
61 წლის ექიმის თქმით, მან უამრავი განცხადება მიიღო, თუმცა ყველა უარს ამბობს, დაეხმაროს მას დატვირთული სამუშაოს შესრულებაში.
„მე მათ, მართლაც, საოცარ, დაუჯერებელ შემოსავალს ვთავაზობ. ბოლო ერთი წლის მანძილზე, პაციენტთა რიცხვმა იმატა, რაც შემოსავლის გაზრდასაც ნიშნავს. მსურს, ვიპოვო ექიმი, რომელიც ჩემი სამუშაოს ნახევარს შეასრულებს, თუმცა, ამაოდ“, – განუცხადა დოქტორმა სააგენტო New Zealand Herald-ს.
დოქტორი კენი ქალაქ ტოკოროაში სამედიცინო კლინიკის თანამფლობელია. ქალაქის მოსახლეობა 13 600 ადამიანია. მისი თქმით, იგი იმდენად გადატვირთულია, რომ შვებულების გამოყენებასაც ვერ ახერხებს და ამის გამო შემცვლელ ექიმს ეძებს.
„ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური და მსურს დავრჩე, მაგრამ ბოლო ორი წელია, ექიმების ამაო ძიებაში, უკვე იმ ზღვარზე ვარ, ლამის კედელს ვურტყა თავი“, — აცხადებს ექიმი.
ახალ ზელანდიაში, ზოგადი პრაქტიკის ექიმის ტიპური ხელფასი წელიწადში 150 000-200 000 აშშ დოლარია; დოქტორი კენი დასაქმების მსურველებს თითქმის ორჯერ მეტს სთავაზობს, თუმცა, მისი თქმით, ბოლო ოთხი თვის მანძილზე, მას აპლიკაციაც კი არ მიუღია.
ახალი ზელანდიის ზოგადი პრაქტიკის ექიმთა ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ლინდა რეინოლდსის განცხადებით, ვაკანსიის ძირითადი ნაწილი საერთაშორისო სამედიცინო წრეებიდან შევიდა, რომელთაც მუშაობა მოკლე ხნით სურთ, გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნა კი 2-3 წელია.
რეინოლდსის თქმით, იმის მიზეზი, რომ აღნიშნულ სასოფლო დასახლებაში დიდი ხნით დარჩენა არცერთ ექიმს არ სურს, არის იზოლაცია, სასკოლო პირობების, სოციალური აქტივობებისა და ტელეკომუნიკაციებთან წვდომის ნაკლებობა.
წყარო:http://www.theguardian.com