ნამდვილი სიყვარულის წინაშე დროც და მანძილიც უძლურია. 93 წლის ომის ვეტერანმა მამაკაცმა ნორვუდ ტომასმა თავისი შეყვარებული 70 -წლიანი განშორების შემდეგ იპოვა. წყვილი დიდი ხნის წინ საბედისწერო შემთხვევამ გაჰყარა.
ისინი პირველად ერთმანეთს ლონდონში 1944 წელს შეხვდნენ. მაშინ ამერიკელი ჯარისკაცი სულ რაღაც 21 წლის, ხოლო მისი რჩეული გოგონა ჯოის მორისი 17 წლის იყო. ნორვუდის განცხადებით, ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული, მაგრამ მათი რომანი სულ რამდენიმე კვირას გაგრძელდა. შეყვარებულებს განშორება მოუხდათ. ორივე დაოჯახდა, მაგრამ ერთმანეთი არასდროს დავიწყებიათ.
ახლა, როდესაც მათი სიყვარულიდან 70 წელზე მეტი გავიდა, მორისმა გადაწყვიტა, ეპოვა ტომასი. მან დახმარება საკუთარ ვაჟს სთხოვა. ამ თხოვნიდან რამდენიმე კვირაში ტომასმა და მორისმა პირველად ისაუბრეს სკაიპით.
რომანტიკული ისტორიის შესახებ მალე საზოგადოებამაც გაიგო. ჟურნალისტები და სხვა მოქალაქეები იმდენად ააღელვა წყვილის ამბავმა, რომ 7 000 დოლარი შეკრიბეს იმისთვის, რომ ნორვუდი ამერიკიდან ავსტრალიაში გაფრენილიყო, სადაც ახლა ჯოისი ცხოვრობს.
და როგორც იქნა, ამდენი წლის შემდეგ შეყვარებულები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა იმდენად ამაღელვებელი და თბილი აღმოჩნდა, თითქოს ეს 70 წელი არც ყოფილა. ტელეარხ „Channel -10“-თან ინტერვიუსას ტომასმა განაცხადა, რომ ეს ყველაზე კარგი რამაა მათ შორის, რაც მას ოდესმე შემთხვევია. მორისმა კი განაცხადა, რომ მისი ცხოვრება ბევრად ბედნიერად ჩაივლიდა, რომ მთელი ეს წლები ნორვუდის გვერდით გაეტარებინა. ტომასი ავსტრალიაში 2 კვირით გეგმავს დარჩენას. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ვეტერანი ჯერ კიდევ 2001 წელს დაქვრივდა, მისი ახალგაზრდობისდროინდელი შეყვარებული მორისი კი ქმარს 30 წლის წინ გაშორდა. მათ დღეს არ აქვთ არანაირი დაბრკოლება იმისთვის, რომ დარჩენილი ცხოვრება ერთად გაატარონ.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
Next Post
სხვა სიახლეები