ეს ის საქართველოა, სადაც…

შევდივარ ფეისბუქზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ „სხვაგან მოვხვდი“. ქვეყანაც ორ, არათანაბარ ნაწილად არის გაყოფილი: საქართველო და suckართველო. ნელნელა სქროლავ პოსტებს და გეღიმება, მერე საკუთარი ღიმილიც გაშინებს… მერე, ხვდები, რომ რამდენიც არ უნდა იჭიკჭიკო, გაზაფხულს მაინც ვერ მოიყვან. ყეფა არც გამოსავალია, რადგან ქარავანს მაინც ვერ შეაჩერებ და არც პრესტიჟული, რაკი უკვე ძირითადად კატები ყეფენ… თუმცა მაინც არ ელოდები დროს, გზის დანახვას ურმის გადაბრუნებამდე ცდილობ, შვილებს დედ-მამის გამონახვამდე ატყობ კოჭებში, ვისი გორის არიან და რაც მთავარია ხვდები…

ხვდები, რომ ეს ის საქართველოა, სადაც:

  1. სადაც მავანნი ოპერაში ცხოველის ქურქით შემოსილ ქალბატონებს განიხილავენ და გვერდითვე ტყავის საფულე, ჩანთა, ტყავისვე ფეხსაცმელი ულაგიათ, ცოტა ხნის წინ კბილებში ჩარჩენილი ხორციც ნეკა თითზე გაზრდილი ფრჩხილით გამოიჩიჩქნეს და მაინც: გმობენ ბეჭებზე შემოგდებულ „მკვდარ ცხოველებს“. ის, რომ ოპერა გაიხსნა, რა მოხდა, რა იყო და როგორ – ფეხებზე გვკიდია. აქვე შეგახსენებთ, ოპერა ბრაუზერიც არის, სადაც შეიძლება ხალათით და ფეხშიშველი შესვლაც, თუმცა მარტივად, დაგუგლეთ, როგორი ჩაცმულობით სტუმრობენ ოპერას სხვა ქვეყნებში, მგონი ორი “ოპერა” აგვერია ერთმანეთში.
  2. სადაც გადაშლილი ბიბლიით ხელში, მორალს მიმდინარე და ყოფილი მეძავები გიკითხავენ, ათი მცნებიდან პუნქტებსაც არგუმენტად იშველიებენ, იმ პუნქტებს, წინა საღამოს თავად რომ დაარღვიეს, ან ვერ დაარღვიეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმაში აღარ არიან და პარტნიორიც ასე მარტივად აღარ იშოვება.
  3. სადაც ერის მთავარ პრობლემას გეების ქორწინების დაკანონება წარმოადგენს, სხვა არაფერი გვაწუხებს… ფეისბუქ ომისთვის ყველას გვცალია, ქუჩაში ლოზუნგებით დასადგომადაც მზად ვართ, ხელსაც დავარტყამთ თუ საჭიროა, უფრო სწორად ხელს არა, ბიბლიის ყდას ვურტყამთ თავში! იმ ბიბლიის, რომელიც ალბათ არასდროს გადაგვიშლია, ან უბრალოდ გადაგვიშლია…
  4. სადაც სასულიერო პირი რიგშიც პირველია, საცობშიც და მეტიც, გინებით ან სიგნალით აგიკლებს, თუ არ გაატარებ, ისინი ხომ განსაკუთრებული პრივილეგიებით უნდა სარგებლობდნენ, მათი კრიტიკაც – ბიზნეს კლასის ბილეთია, ჯოჯოხეთის რეისზე.
  5. სადაც ქართველი ვარსკვლავი ბანკში იპოთეკის მოხსნას გთხოვს და საკრედიტო ექსპერტს (მო)სთხოვს, რომ მისი სახელი ჩაიდონ, ის ხომ თვით პირობითად: გურამ შეროზია! (ბანკში მუშაობის პერიოდის პირადი მოგონებებიდან). დავაკონკრეტებ: “ვარსკვლავი” ცნობილია – პოპულარული და გავლენიანი კაცების „საყვარლობით“
  6. სადაც მეძავი მამაკაცები მეძავი ქალებისკენ თითს იშვერენ, საჯაროდ და მათი ცხოვრების წესს გმობენ!
  7. სადაც ლამაზი და ცნობადი გოგონები ქმრის მორჩილების, ცალმხრივი ღალატის პროპაგანდით სარფიანად გათხოვებას ცდილობენ, საქმროს კანდიდატურაზე კი – ვაკანსიას მათი მამები აცხადებენ.
  8. სადაც ხალხი ხელმოწერებს აგროვებს პროფილის და ჯაჯანიძის „სხვა არა და იგივე რაკურსის“ დასახურად, როცა რეალურად მათ ყურებას არავინ აძალებთ, მეტიც, ხუთშაბათს მოუთმენლად ელიან, ნახვის შემდეგად აქტიურად განიხილავენ სტუმრებს და მადლობელიც კი არ არიან, აგრესიისგან დაცლის საშუალება რომ მისცეს. ნუ უყურებთ „ბრატცი“ და თავისით დაიხურებიან, მარტივი ამბავია.

მადლობა, ჩემს გარშემომყოფებს, რომ მე სხვა, ნათელ საქართველოში ვცხოვრობ და წარმოდგენა არ მაქვს სად მდებარეობს „suckართველო“, თუ ფეისბუქ აგრესიას არ ჩავთვლით…

(მრავალ)წერტილი.

წყარო: http://guramsherozia.com

კომენტარები

სხვა სიახლეები