რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მას 2007 წელს სოჭში შეხვედრის დროს სულაც არ სურდა თავისი ლაბრადორით გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეშინება. ამის შესახებ პუტინმა გამოცემა Bild-თან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„მე სულაც არ მიცდია მისი შეშინება. და არაფერი ვიცოდი, რომ ანგელა მერკელს ძაღლების ეშინია. პირიქით, მე შევეცადე, მისთვის სასიამოვნო რამ გამეკეთებინა და ამიტომაც ვაჩვენე ჩემი ძაღლი. შემდეგ მე ამაზე ბოდიში მოვუხადე“, – განაცხადა პუტინმა.
ეს ფაქტი 2007 წელს სოჭში, პუტინისა და მერკელის მოლაპარაკების დროს მოხდა. შეხვედრის დროს ოთახში პუტინის ლაბრადორი, სახელად კონი შევიდა და მერკელი შეაშინა. ზოგიერთი ჟურნალისტის აზრით, პუტინმა ეს განზრახ გააკეთა. მოგვიანებით მერკელმა ამ ფაქტის კომენტირებისას განაცხადა: „მე ვიცი, რატომ გააკეთა მან ეს, უნდა დაემტკიცებინა, რომ ის კაცია. მას საკუთარი სისუსტეების ეშინია. რუსეთს არაფერი არა აქვს – არც წარმატებული პოლიტიკა, არც წარმატებული ეკონომიკა. მხოლოდ აი ასეთი რამ აქვს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
Next Post
სხვა სიახლეები