უნიკალურ საშობაო მცენარე პუანსეტიას სხვაგვარად ბეთლემის, ან საშობაო ვარსკვლავს, რძიანას და ეურფობიასაც უწოდებენ.
თუ რატომ არის ეს მცენარე საშობაო მცენარედ წოდებული, ამაზე ლეგენდა არსებობს:
ლეგენდის მიხედვით, მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, რომლებსაც ძალიან უყვარდათ შობა და ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. მაგრამ და-ძმას საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა და შობის ღამეს მღვდლისთვის მათ ქოთნით პუანსეტია მიურთმევიათ.
იმ ღამეს ეს მცენარე გაწითლებულა და მას შემდეგ ის შობის მცენარედ მოიაზრება.
მცენარე ნამდვილად სასწაულმოქმედია, რადგან მან შობის ღამეს უეცრად იცვალა ფერი. პუანსეტია ესპანელებმა მექსიკისთვის ბრძოლის დროს ნახეს და სწორედ შობის პერიოდისთვის გაშლილი ულამაზესი ვარსკვლავით იმდენად მოიხიბლნენ, რომ მღვდელმსახურებმა ამ ყვავილს Flora de Noche Bueno, ანუ “წმინდა ღამის ყვავილი” უწოდეს.
მაგრამ თუ გსურთ, რომ თქვენი პუანსეტია შობის ღამეს წითელი იყოს, სასწაულს ნუ დაელოდებით და მასზე ზრუნვა სექტემბრიდან დაიწყეთ.
დღის მეორე ნახევარში, უნდა დადგათ ბნელ ადგილას, ან რაიმე მუქი ფერის ნაჭერი გადააფაროთ და მცენარე “დააბნელოთ”. ასე მოიქეცით დეკემბრის ბოლომდე და თქვენი პუანსეტია შობას ნამდვილად წითელი ფოთლებით შეხვდება.
შეგიძლიათ, ეს გაითვალისწინოთ შემდეგი შობისთვის, მაგრამ, თუ უკვე გაქვთ პუანსეტია, აუცილებლად კარგად მოუარეთ და შობის ღამეს თქვენთვის სასურველ ადგილას დადგით, რომ ყოველი წელი ბედნიერების მომტანი იყოს.
გაითვალისწინეთ, პუანსეტიას ქოთანი წყალში არ ჩადგათ და არ დატოვოთ. ეს ცუდად აისახება მცენარეზე. როდესაც პუანსეტია წამოიზრდება, მიწა გამოუცვალეთ და იმავე ქოთანში გადარგეთ.
მცენარეს ყველა ეტაპზე უყვარს კაშკაშა, გაბნეული შუქი. არ მოახვედროთ მწველი მზე, რადგან ეს მცენარის ფოთლებს აზიანებს. ზამთარში მოარიდეთ ორპირ ქარს. მისთვის იდეალურია ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი.
მცენარე მოათავსეთ კარგად განათებულ ადგილას, სითბოში (სულ ცოტა, 16-20°). მცენარის ფესვებს არ უნდა “შესცივდეს”.
ასევე, ფოთლები არ უნდა ეხებოდეს ცივ მინას. ყვავილი უნდა მოირწყას ქოთნის ქვემოდან, ნადგომი წყლით. მორწყვებს შორის ნიადაგი მსუბუქად გამოაშრეთ.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ საკმაოდ ნელა იზრდება. ამ მცენარისთვის მთავარია განათება, ზომიერი მორწყვა და ცოტაოდენი თქვენი სითბო, რომ ყოველ შობას თქვენთან ერთად გახარებული და გალამაზებული შეხვდეს.