ვინ იყო თბილისელი ქალი, რომელიც პიკასომ დახატა

“ლუდმილას გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა – ჰაეროვანი გოგონა,­ მეტყველი თვალებით, არაერთი მხატვრის მუზა გამხდარა და რა გასაკვირია, რომ პიკასოსაც დაეხატა…”

ძალიან ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ პიკასომ თბილისელი ქალი ლუდმილა პიტოევა (სმანოვა) დახატა… ვინ იყო ლუდმილა პიტოევა და როგორ დაიმკვიდრა პარიზის ელიტურ საზოგადოებაში გამორჩეული ადგილი, ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან კინწურაშვილი გვესაუბრება:

– ლუდმილა თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ისევე როგორც მისი მეუღლე,­ ცნობილი თეატრალური მოღვაწე ჟორჟ პიტოევი. ერთმანეთი პარიზში გაიცნეს და იქ დაქორწინდნენ. ჟორჟი 10 წლით უფროსი იყო მეუღლეზე. ლუდმილას კარგი განათლება ჰქონდა, მამამ წმინდა ნინოს პანსიონში მიაბარა… უცხო ენებისა და ცეკვის შესასწავლად ლუდმილა დედასთან ერთად პარიზში გაემგზავრა. გოგონას მსახიობობა სურდა, მაგრამ დრამის ფაკულტეტზე ვერ მოხვდა, სამაგიეროდ, შეხვდა ჟორჟ პიტოევს, რომელიც უკვე პარიზულ თეატრალურ საზოგადოებაში ცნობილი იყო.

ჟორჟი სოლოლაკში, შეძლებულ ოჯახში გაიზარდა. მამამისმა რუსთაველის თეატ­რის მშენებლობისთვის დიდი თანხა გაიღო. შვილს მრავალმხრივი განათლება მისცა – კარგად იცოდა მათემ­ატიკა, საგზაო­ ინსტიტუტში სწავლობდა, შემდეგ მოსკოვში, იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, თუმცა თეატრით იყო გატაცებული… დედის გარდაცვალების შემდეგ, შვილისთვის დარდი რომ შეემსუბუქებინა, მამამ ჟორჟი პარიზში გაგზავნა… თავდაპირველად საქველმოქმედო სპექტაკლებს დგამდა და სწორედ მაშინ შეხვდა ლუდმილა სმანოვას და შეუყვარდა. ერთად უამრავი სპექტაკლი დადგეს. მალე სახელიც გაითქვეს…

ჰაეროვანი გოგონა,­ მეტყველი თვალებით, არაერთი მხატვრის მუზა გამხდარა და რა გასაკვირია, რომ პიკასოსაც დაეხატა… პიკასო ხშირად სერგეი დიაგილევის საბალეტო დადგმებს აფორმებდა, მისი ცოლიც დიაგილევის ბალერინა იყო. თეატრალურ წრეში ყველა ერთმანეთს იცნობდა, ლუდმილა და ჟორჟი კი იმდენად გამორჩეულები იყვნენ, რომ ცნობილ წყვილთა ჩამონათვალში ყოველთვის მოიხსენიებდნენ, როგორც ძალიან მოსიყვარულე და წარმატებულ ცოლ-ქმარს.

 13 shua

წყარო:http://www.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები