“საშობაო ზღაპარი” პაულო კოელიოსგან

“კვირა+” გთავაზობთ ბრაზილიელი მწერლის, პაოლო კოელიოს ზღაპარს, რომელიც მან ერთ-ერთ ქართველ თაყვანისმცემელს მისწერა.
,,ღვთისმშობლის მასხარა”
,,ო, მარია, დამბადებელო ყოვლისა ნათელისა, ილოცე ჩვენთვის, რამეთუ მხოლოდ შენ ხარ ჩვენი გადამრჩენელი”
თუ დავუჯერებთ შუასაუკუნეების ლეგენდას, ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის ავსტრიის სახელითაა ცნობილი, ცხოვრობდა ბურხარდების ოჯახი – ქმარი, ცოლი და მათი პატარა ვაჟიშვილი. ამ ოჯახს ჰქონდა ჩვეულება: შობაზე ლექსების კითხვით, ბალადების სიმღერით, სხვადასხვა ნივთის ჟონგლიორობით ართობდნენ ხალხს. სამწუხაროდ, მათ ზედმეტი ფული საჩუქრებისათვის არასდროს არ ჰქონდათ, მაგრამ უფროსი ბუხგარდი ყოველთვის ეუბნებოდა შვილს: ,,იცი, რატომ არ ცარიელდება არასოდეს წმ. ნიკოლოზის ხურჯინი (იმ დროს წმ. ნიკოლოზი ურიგებდა ავსტრიელ ბავშვებს საჩუქრებს)? იმიტომ, რომ წმ. ნიკოლოზი ბავშვებს ჩუქნის საჩუქრებს, რომლებიც სათამაშოებზე უფრო ძვირფასია! ასე ვთქვათ, უხილავ საჩუქრებს. სახლში, სადაც ბევრი უთანხმოებაა, ყველა ქრისტიანისათვის წმინდა ღამეს, მას მიაქვს მშვიდობა და თანხმობა. იქ, სადაც სიყვარულის ნაკლებობაა, ის ბავშვების გულებში რწმენას ბადებს. მათ, ვისაც მომავალი უსიხარულო და ბნელი წარმოუდგენია, ის იმედს ჩუქნის. ჩვენთანაც ასეა. ის მოდის ჩვენთან. ჩვენც ვიღვიძებთ და გვიხარია, რომ ვცხოვრობთ, ვშრომობთ და ჩვენი შრომით ხალხს ვახარებთ. არასოდეს დაგავიწყდეს ეს”.
გადიოდა დრო, პატარა ბიჭი ნელ-ნელა გაიზრდა და გახდა ჭაბუკი. ერთხელ ოჯახი აღმოჩნდა ახლად აშენებულ მელიკის დიდებულ სააბატოსთან.
-მამა, გახსოვთ, წლების წინ თქვენ მიყვებოდით წმ. ნიკოლოზის და მისი უხილავი საჩუქრების შესახებ? ვფიქრობ, ერთხელ მან მე ასეთი საჩუქარი მომიტანა: შთამაგონა, რომ მოძღვარი უნდა გავხდე. ეს ჩემი მოწოდებაა. დამლოცეთ, რათა გადავდგა პირველი ნაბიჯები იმისაკენ, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მშობლებს კარგად ესმოდათ, რომ შვილის დახმარების გარეშე მათ გაუჭირდებოდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ დაიწყეს შვილის გადარწმუნება და მონასტრის ჭიშკარზე დააკაკუნეს. ბერები მათ გაშლილი ხელებით შეხვდნენ და ახალბედა სიხარულით მიიღეს.
დადგა შობის დღე. სწორედ ამ დღეს მელიკის მონასტერში მოხდა სასწაული: ღვთისმშობელი ჩვილ იესოსთან ერთად ჩამოეშვა დედამიწაზე და მოინახულა ბერ-მონაზონნი. ბედნიერი ბერები ჩამწკრივდნენ გრძელ რიგში, რათა ყოველი მათგანი წარმდგარიყო ღვთისმშობლის წინაშე, თაყვანი ეცათ მისთვის და ჩვილისათვის და რამით გაეხარებინათ ძვირფასი სტუმრები.
ერთ-ერთმა მათგანმა მონასტრის დარბაზების დიადი მოხატულობა აჩვენა; მეორემ, სიამაყით აღსავსემ, წარუდგინა ბიბლია, რომლის გადაწერასა და ილუსტრირებას ასი წელი დასჭირდა; მესამემ, მოწიწებით ჩამოთვალა ყველა წმინდანის სახელი. ჭაბუკი ბურხარდი, რომელიც ბოლო იყო, მოწყენილი ელოდა თავის რიგს. მისი მშობლები ხომ ჩვეულებრივი გლეხები იყვნენ და, ბურთებით ჟონგლიორობის გარდა, არაფერი ესწავლებინათ მისთვის. როდესაც მისი რიგი დადგა, წმინდა მამებს უნდოდათ დაესრულებინათ საზეიმო სვლა, რადგან ყოფილ მასხარას არაფერი ჰქონდა სათქმელი, არც საჩვენებელი. მაგრამ, ჭაბუკს ძალიან უნდოდა, რამე მაინც ეჩუქებინა იესოსა და წმ. მარიამისათვის.
როდესაც ჯიბიდან ფორთოხლებს იღებდა, შეცბუნებული ძმების მზერას იჭერდა. მან ჯიბიდან ამოღებული რამდენიმე ფორთოხლის ჰაერში ასროლა და დაჭერა დაიწყო. ფორთოხლები დაფრინავდნენ ჰაერში და იდეალურ წრეს ქმნიდნენ ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როდესაც მშობლებთან ერთად, ერთი ადგილიდან მეორეზე დადიოდა და ჟონგლიორობდა. ამ მომენტში ჩვილმა იესომ, რომელიც დედას ხელში ეკავა, სიხარულისგან ტაში შემოჰკრა. ღვთისმშობელმა ჭაბუკს ნება მისცა, ჩვილი, რომლის სახეც სიხარულისაგან ანათებდა, ხელში დაეკავებინა.
ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ ყოველ 200 წელიწადში, ახალი და ახალი ბურხარდი აკაკუნებს მონასტრის კარზე. მას სიხარულით იღებენ და ტკბებიან იმ უხილავი საჩუქრით, რომელიც მათ წმ. ნიკოლოზმა უბოძა.

კომენტარები

სხვა სიახლეები