ცნობილმა მსახიობმა და ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ანჯელინა ჯოლიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა გამოცემა „დეილი ტელეგრაფს“, სადაც თავის ახალ ფილმზე – “ზღვასთან”, ნაადრევ მენოპაუზაზე, ქორწინების პრობლემებსა და დედობაზე ისაუბრა.
“კვირა +” კი, ინტერვიუდან ყველაზე საინტერესო ადგილებს შემოგთავაზებთ.
მოგეხსენებათ, 2015 წელს ანჯელინა ჯოლის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის დროსაც მას საკვერცხეები ამოკვეთეს.
”მე აღარ შემიძლია დაფეხმძიმება”, – აღიარებს მსახიობი.
ოპერაციის აუცილებლობა გამოწვეული იყო ონკოლოგიური დაავადების შესაძლო რისკით: ექიმებმა მსახიობს აუხსნეს, რომ ანალიზებმა აჩვენეს ანთებითი პროცესების წარმოქმნა, რომლებსაც შესაძლოა, კიბოს ნაადრევი სტადიის განვითარება გამოეწვია.
ახლა ჯოლის ორგანიზმი ნაადრევ მენოპაუზას განიცდის.
“რეალურად მომწონს მენოპაუზის მდგომარეობა, რადგან არ მაქვს საშინელი და უცნაური რეაქცია, ამ მხრივ, გამიმართლა. თავს უფრო დიდად ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ გავიზარდე და მინდა, კიდევ გავიზარდო. ბედნიერი ვარ, რომ გაივზარდე. აღარ მინდა ვიყო ახალგაზრდა”.
მსახიობმა იმ განცდებზეც ისაუბრა, რაც დედის წინასაოპერაციო მზადებას ახლდა. როგორც ცნობილია, ჯოლის დედაც ონკოლოგიური დაავადების მსხვერპლი გახდა. იგი საკვერცხეების კიბოთი გარდაიცვალა.
“როცა დედის სანახავად საავადმყოფოში მივედი, მას საკვერცხეების ამოსაღებად ამზადებდნენ. ის განადგურებული იყო, რადგან მიაჩნდა, რომ აჭრიდნენ იმას, რაც მას ქალურობას სძენდა, ქვევით კი, იწვა ახალგზარდა ქალი, რომელსაც შვილები ჯერაც არ ჰყავდა, ამ სურათმა მაიძულა ყველაფრისთვის ახლებურად შემეხედა”,- ყვება მსახიობი.
გამოცემასთან საუბრისას, ჯოლი თავის ფილმზეც ამახვილებს ყურადღებას.
“მე არ მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ის ისტორიაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოყვე, მაგრამ ვიგრძენი, რომ მჭირდებოდა მისი მოყოლა, რომ ეს ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც სჭირდება განხილვა. სცენარი დავწერე საწოლში, როდესაც ბავშვებს ეძინათ. ბრედმა წაიკითხა, მე დავწერე. ასე სრულდებოდა ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა დღე “,- ამბობს ჯოლი.
როგორც მსახიობი ინტერვიუში აღნიშნავს, ოპერაციის შემდგომ პერიოდს, საბედნიეროდ, ზეგავლენა არ მოუხდენია მისი და ბრედ პიტის ურთიერთობაზე.
“ბრედმა ძალიან ნათლად მიმახვედრა, რომ მას მე ვუყვარდი, რომ ჩემში, როგორც ქალში, მხოლოდ ჩემი სხეული კი არ უყვარდა, არამედ უყვარდა ჭკვიანი, ნიჭიერი და ოჯახზე მზრუნველი ქალი, ამიტომ, როცა საქმე ოპერაციაზე მიდგა, თავი ცუდად არ მიგრძვნია, არც იმას ვფიქრობდი, რომ თავს ქალად ვერ ვიგრძნობდი, რადგან ჩემი ქმარი ამას, უბრალოდ, არ დაუშვებდა”.
ჯოლი გამოცემასთან თავის შვილებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის და თავისი შვილები ერთად გაიზარდნენ.
“დედაჩემმა მთელი თავისი ცხოვრება დედობას მიუძღვნა. ის ძალიან ნაზი და კეთილი იყო. რა თქმა უნდა, მე ძალიან მიყვარს ჩემი შვილები, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი, მე ვზრუნავ მათზე, თუ ისინი ზრუნავენ ჩემზე. ასე მგონია, მედი (14 წლის მედოკსი, რომელიც ანჯელინამ კამბოჯიდან იშვილა) და მე ერთად გავიზარდეთ და მან როგორღაც მოახერხა და მასწავლა, როგორ ვცე მე მას პატივი”.
თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში ჯოლიმ აღნიშნა, რომ მას არ სურდა დედობა.
“მე არასდროს ვყოფილვარ ერთ-ერთი, ვისაც დედობა უნდოდა. არასდროს მითამაშია თოჯინებით, არ მომივლია სხვისი შვილისთვის. არ მქონია არც ბუნებრივი ინსტინქტი, არც დედობის მიმართ ინტერესი”, – ყვება ჯოლი „დეილი ტელეგრაფთან“.