კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 16-22 ნოემბერი

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მაშინ, როცა პერიოდის მმართველი ექსპანსიური მორიელია, სამყარო სავსეა მოულოდნელი, ხშირად სავსებით არასასიამოვნო და შოკისმომგვრელი სიურპრიზებით, რისი ნათელი მაგალითიც ახლახან მომხდარი პარიზის ტერაქტების სერია გახლავთ. ჰო, მორიელი აშკარად იქნევს სისასტიკის კუდს და ამაში ჩვენ ყველა ერთმნიშვნელოვნად ვრწმუნდებით. მაგრამ თუ დააკვირდებით, მორიელის პერიოდს თან აუცილებლად მოაქვს ტრანსფორმაციის მოთხოვნილება და აუცილებლობა. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ აგრესიას აგრესიით (თუნდაც სიტყვიერით) ვუპასუხოთ – კარგად დავფიქრდეთ, სად გადის ზღვარი ძალმომრეობასა და ტოლერანტულობას შორის.
კვირის დასაწყისი თუკი გასული კვირიდან გამოყოლილ ნეგატიურ ენერგეტიკას არ ჩავთვლით სათვალავში, შედარებით მშვიდი იქნება. თუმცა უკვე 17 რიცხვიდან პლანეტა ვენერას შეერთება შავ მთვარესთან სასწორის ზოდიაქოში მოიტანს როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ გაუგებრობებს პარტნიორული კუთხით. რაც შეეხება პოლიტიკური მოლაპარაკებებითა და გადათამაშებებით დაწყებული, პირადი სასიყვარულო ურთიერთობით დასრულებული ყველა სპექტრს. შესაბამისად, 17-18 რიცხვის შუალედში სასურველია მაქსიმალური ობიექტურობა შეინარჩუნოთ ნებისმიერი მოლაპარაკებისას, ნაკლებად გამოიჩინოთ ეგოიზმი ქორწინების ან სასიყვარულო პარტნიორთან მიმართებაში და მედლის ორივე მხარე გაითვალისწინოთ საქმიანი შეხვედრების მიმდინარეობის დროს. თუკი გსურთ, რომ ნაკლები დანაკარგით და რაც მთავარია, ობიექტური ადამიანის სახელით გამოხვიდეთ გამარჯვებული ნებისმიერი შეხვედრიდან. მით უმეტეს, რომ აღნიშნულ დღეებში, შავი მთვარის მავნებლობას მზისა და მერკურის დადებითი ასპექტიც შეარბილებს. შესაბამისად, საღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს თუკი დაკვირვებით და ცივი გონებით მიუდგებით საქმეს.
18 ნოემბრიდან პლანეტა ნეპტუნი, რომელიც ასტროლოგიაში “დიდი მისტიფიკატორის” სახელით სარგებლობს, დირექტიულ ფაზას უბრუნდება. შესაბამისად, იქნებ ეშველოს სამყაროს და რწმენის, რელიგიური და სულიერი ფასეულობების დამახინჯებული აღქმა იმდენად თვალშისაცემი (სხვებისთვის ზიანის მომტანი) აღარ იყოს შემდგომი პერიოდის მანძილზე.
20 ნოემბრიდან პლანეტა მერკური პოსტს იცვლის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნიდან, მშვილდოსნის ზოდიაქოს მიაშურებს. რაც გააქტიურებს პოლიტიკურ მოვლენებს და ინტენსიურ, საერთაშორისო დონის მოლაპარაკებებს. აგრესიული მორიელის გავლენა მერკურთან ალიანსში ყველამ ვიხილეთ რაოდენ მძაფრად აისახა მედიის წარმომადგენლებზე, ამჯერად კი მშვილდოსნის ნიშანში მისი გადაბარგება ერთმნიშვნელოვნად შეამცირებს ზეწოლის პრეცენდენტს მედიაზე, იმიტომ რომ ფოკუსი ფართო პოლიტიკურ სპექტრზე გადაინაცვლებს. შესაბამისად, ნოემბრის მეორე დეკადიდან აქტიური მოვლენების მომსწრე გავხდებით ძირითადად საერთაშორისო პოლიტიკის კუთხით.
დაბოლოს, კვირის ბოლოს აქტიური ხდება ნეგატიური ასპექტი ვენერასა და პლუტონს შორის, რაც აუცილებლად მოიტანს სასიყვარულო სფეროში დრამატული ისტორიების, დრაივისა და ექსტრიმის მოთხოვნილებას. თუმცა, სასურველია, სიფრთხილისა და ზომიერების გამოჩენა, იმიტომ რომ პლუტონი ე.წ. “სულეთის” სამყაროსა და გარდაცვალებაზე აგებს პასუხს, ვენერასთან მისმა დაპირისპირებამ კი შეიძლება ეჭვიანობისა და სახიფათო ექსპერიმენტების გამო არაერთი აქამდე მყარად ჩათვლილი ურთიერთობის “დასამარება” და კვდომა გამოიწვიოს. მოკლედ, მოუფრთხილდით ერთმანეთს, პირველ რიგში კი მოუფრთხილდით საკუთარ გრძნობებს ერთმანეთის მიმართ. სამყაროს მხოლოდ სიყვარული თუ გადაარჩენს სხვა არაფერი!

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები