ბრიტანეთიდან დაბრუნებულ „ბორჯღალოსნებს“ ქართველმა გულშემატკივარმა და რიგითმა მგზავრებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხურვალე დახვედრა მოუწყვეს. ბევრი ემოცია, ავტოგრაფები და ფოტოები ქომაგებთან. გულშემატკივრებმა საკუთარი განცდები ქართველ მორაგბეებს პირადად გადასცეს. სამშობლოში წუხელ ნაკრების მოთამაშეები, მწვრთნელები, მენეჯერები, ექიმები და გუნდის სხვა წევრები დაბრუნდნენ. ნაკრების რამდენიმე მორაგბე (მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან დათუნაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, ლაშა მალაღურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, კოტე მიქაუტაძე) პირდაპირ საფრანგეთში გაფრინდა და საკუთარ კლუბებს დაუბრუნდა.
მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად დახვდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია, შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძეც. რაც შეეხება რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გიორგი ნიჟარაძე ინგლისში მსოფლიოს თასის დასრულებამდე დარჩება, რომელიც საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და სხვა ქვეყნების რაგბის კავშირის პრეზიდენტებთან საქმიან შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 2 გამარჯვება მოიპოვა და 2019 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა. ც-ჯგუფში მესამე ადგილს და შესაბამისად მომდევნო მსოფლიოს თასის საგზურს საქართველოს ნაკრები იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ ტონგა ახალ ზელანდიას დაამარცხებს, რაც თითქმის წარმოუდგენელია.
მილტონ ჰეიგის გუნდმა 19 სექტემბერს ტონგა 17:10 დაამარცხა, 25 სექტემბერს არგენტინასთან 9:54 დათმო, 2 ოქტომბერს კი ახალ ზელანდიასთან მატჩი 10:43 წააგო. 7 ოქტომბერს გადამწყვეტი შეხვედრა ნამიბიასთან გამართა და 17:16 გაიმარჯვა.