დიდი ხანია როგორც ასტროლოგს, არაერთგზის მიწევს ერთი შეხედვით ბანალურ თუმცა “მარადმწვანე” შეკითხვაზე პასუხის გაცემა – “რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი?”. საქმე იმაშია ჩემო კარგებო, რომ ზოგადად ასტროლოგიის გადმოსახედიდან არ არსებობს ამ მხრივ სიტყვა კარგის და ცუდის ზუსტი დეფინიცია. ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშანი ფლობს საკუთარ თავში, როგორც დადებით, ისე უარყოფით სახასიათო შტრიხებს რომელთა გამოვლენა-გაძლიერება ან პირიქით დამუშავება და განეიტრალება, მარტოოდენ პიროვნული განვითარების დონეზე და ნებისყოფის სიძლიერეზეა დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენთაგანის შემთხვევაში.
შესაბამისად, არც ქალწული მამაკაცები წარმოადგენენ საყოველთაო ქირქილის საგანს თავად ამ ნიშნის სახელწოდებიდან გამომდინარე, არც ვერძი ქალები არიან ალქაჯები და ხისთავიანები და არც მორიელები ფლობენ ლეგენდად ქცეულ და დაუშრეტელ სექსუალურ პოტენციალს. ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალიზმსა და პიროვნული განვითარების დონეს ექვემდებარება. თუმცა, სიამისოდ, რომ კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ საკუთარი ნიშანი და ამასთან ერთად, უკეთ აგიხსნათ და დაგანახოთ ის, თუ რატომ უნდა იამაყოთ სწორედ იმით რომ კონკრეტულად ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელი ბრძანდებით, მე გადავწყვიტე დავიწყო სტატიების ციკლი, სადაც ნიშნის მახასიათებლებთან ერთად, თქვენი ზოდიაქოს ცნობილ, წარმატებულ და პოპულარულ წარმომადგენლებს გაგაცნობთ. სწორედ მათი მაგალითით შევეცდები აგიხსნათ ის მარტივი ჭეშმარიტება, თუ როგორ გამოიყენოთ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის დადებითი მხარეები ცხოვრებაში მაქსიმუმის მისაღწევად, ხოლო უარყოფითს ეფერქტური ბრძოლა გამოიცხადოთ.
რა პრიორიტეტბი აქვს ვერძს?
“ცხოვრება შეიძლება იყოს მშვენიერი, თუკი არ გეშინია მისი”.
ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი
ჩარლი ჩაპლინი – ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს ვერძისთვის დამახასიათებელ გასაოცარ სიცოცხლისუნარიანობას, ნოვაციის სიყვარულსა და ოპტიმიზმს ამ დიდი კინორეჟისორის პიროვნება. ყველამ იცის ალბათ ღარიბი ინგლისელი ბიჭუნას ისტორია, რომელიც სიდუხჭირისგან ჭკუაზე შეშლილ დედასა და უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა ლონდონის ერთ უპოვარ უბანში, ეცვა ძველმანები, ხშირად ნახევრად მშიერი კუჭით იძინებდა და ოცნებობდა. ოცნებობდა უკეთეს მომავალზე!
ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, სიმბოლური “ზოდიაქოს ბავშვი” – მისი ხასიათი ინფანტილური და ეგოისტური ელემენტებითაა სავსე. თუმცა, როგორც ბავშვს, ვერძსაც უპირობოდ სჯერა იმის, რომ მისი ოცნებები ერთ დღესაც აუცილებლად შეისხამენ ფრთებს. ვერძის უნიკალურობა მის გასაოცარი თვითრწმენასა და ოპტიმიზმს ეფუძნება. ქალი ვერძის ტიპური მაგალითი ლიტერატურაში გახლავთ ლეგენდარული სკარტელ ო’ჰარა, რომელიც ზუსტად ასახავს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალების სახასიათო შტრიხებს. ამაყი, თავნება, დაუმორჩილებელი… მაგრამ ბავშვურად ალალი და მეამიტი. საკუთარი სურვილების ასასრულებლად ვერძები ყოველთვის მზად არიან რქებით მიაწვენ მიზანს და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერი დაბრკოლება გაანადგურონ.
თუმცა, თუკი ვერძი სულ ცოტაოდენ დიპლომატიას დაესესხება თავის ოპოზიციურ ნიშანს – სასწორს, მისგან შესანიშნავი პიროვნება დგება. ყველაზე დიდი პრობლემა ამ ხალხის ცხოვრებაში სწორედ დიპლომატიის არქონა და ზედმეტი სიხისტეა. სინამდვილეში, ვერძი გულწრფელია და არასოდეს აქვს მიზნად გამიზნულად ვინმეს წყენინება, უბრალოდ მას ავიწყდება ის ფაქტი, რომ ხალხი ჭრელია და სამყარო მხოლოდ მის ირგვლივ არასოდეს დაიწყებს ბრუნვას. ზღაპრის გმირი, ურჩი ბეკეკას მსგავსად, რომელიც მგლის საკბილო გახდა, ნებსმიერი ვერძი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეხვევა რაიმე სახის ხიფათსა და ავანტიურაში, ძირითადად იმის გამო, რომ მას ძნელად გამოსდის ან სრულებით არ ეხერხება სხვებისთვის მოსმენა და რჩევების დაჯერება. მხოლოდ 27-29 წლის ასაკიდან იწყებენ ეს ადამიანები ასე თუ ისე საკუთარი მავნე ჩვევების გაცნობიერებას.
ზოგიერთი მათგანი კი თავისნათქვამა ეგოისტადაც რჩება მთელი ცხოვრება. არადა, სულ ცოტა მოთმინება, ტაქტი, დიპლომატია და წინდახედულებაა საჭირო საიმისოდ, რომ ვერძის ნიშნით დაბადებულმა ჭეშმარიტი ლიდერის პოზიცია დაიკავოს საზოგადოებაში, მით უმეტეს, რომ მათ უმრავლესობას ეს გულით სწადია და რაც მთავარია, ეხერხება.