განო მელითაურის გულისამაჩუყებელი წერილი: იღვიძებ ახალ მახინჯ რეალობაში და ხვდები-ცხოვრება დაუბრუნებლად შეიცვალა…
“ზუსტად 8 წლის წინ ერთი ბიჭი გავიცანი… ათინათში გახვეული, ხმაურიანი ქარზმატული… მანამდე ყველას სათავისოდ უყვარდა განო. თურმე საჩემოდაც შეიძლებოდა. რვა თვის თავზე აივანთან მომაკითხა და ჰაერში გამოკიდებულებმა სამუდამოდ ვირწმუნეთ სასწაულების არსებობა. მერე ჩემი ოცნების გოგონა მისახსოვრა და ქორწინების დღეს, ახალი სიცოცხლის მოლოდინში, ერთად ვიცეკვეთ დაუვიწყარი ტანგო… დრო სულ გადიოდა, ჩვენ ვერ ვგრძნობდით, პირველი დღე გვეგონა ერთმანეთის. ერთხელ, ზურგზე ამოღებულ მწვანე კაბაში გამოწყობილს, თავზე ხელი დამადო, პირდაპირ თვალებში ჩამხედა და მითხრა: “განიკოოო, ა-ნა-თეებ!”
საგანგებოდ ჩემთვის გაშლილი 23 მაგიდიდან ერთი ამომარჩევინა, ცარიელ ვერანდაზე წვიმა და საჩუქრები გასწრობანას თამაშობდნენ. მერე მხოლოდ ჩვენთვის დაუკრეს ერთხელ ამერიკაში. ერთმანეთის პირისპირ, ბევრი ალკოჰოლი და მომავლის კონსტრუქციები…
მერე დღეები და ღამეები, დაუსრულებელი რამეები, წლები, დრო და მატერია, სისულელეები, ცისფერი ბურთის გასამართლებლად გამოგონილი ყოფა…
დღეს თანაცხოვრების მერვე წელი უნდა აღგვენიშნა! მარტო სევდა დამრჩა გულზე დიდ ლოდებად დაკონებული და დღეები ჩემს საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
ფითქინა, ფითქინა-განუმეორებელი ხმით და ამ დროს ტრიალს ვაგრძელებდი. ყოველდღე ავღნიშნავდით ერთად ყოფნას და თითო მიზეზს მაინც ვპოულობდით ბედნიერებისთვის. პირობითი, უსახო, ჩემი დაბადების 28-ე ჯერი. ასე როგორ ხდება?! იღვიძებ ახალ მახინჯ რეალობაში და ხვდები-ცხოვრება დაუბრუნებლდ შეიცვალა… ჰოპ! და ერთ წამში დასრულდა დაუვიწყარი, განუმეორებელი ყველაზე უფრო სანუკვარი შიზოფრენია. საკუთარ თავზე უფრო მეტად გავიზარდე. სამი წლისამ ერთი ბიჭის ხელისგულზე ტრიალი ვინატრე! მატრყუარა! ხომ დამპირდი?! მძულს მატერია უშენოდ! 14 საათი გაქვს უკანასკნელი დღესასწაულის მოსაწყობად, მიპოვე რა!”-ამ სიტყვებით გვამცნო განომ, რომ დღეს მისი და კოტე თოლორდავას თანაცხოვრების 8 წლის იუბილეა.