ერთი თვის წინ ევროპელი, ბუდისტი მეგობარი მაჭახელაში წავიყვანე, ხინკლის და მეგრული ხაჭაპურის დასაგემოვნებლად. გვერდით მაგიდასთან ჩვენთვის უცნობი, მთვრალი სამეგობრო იჯდა, რომლებმაც შენიშნეს უცხოელი და სანამ ხელი დავიბანე და დავბრუნდი, უკვე ჩვენს მაგიდას ეხვივნენ გარს.
დავთანხმდით, რომ ცოტა ხმით მათ მაგიდასთან გადავმსხდარიყავით.
ჯერ ხომ აიძულეს ყველა ჭიქის დალევა, მე საბედნიეროდ კიდევ ერთხელ მიხსნა საჭესთან ყოფნამ. (მცდელობა მაინც იყო: ორ ჭიქაზე არავინ გაგაჩერებს ძმა და მისთანანი, თუმცა მე შეუვალი ვიყავი). რამდენიც გააპროტესტა ჩემმა სტუმარმა დალევა, იმდენი ზმუილი ატეხეს, შეშინებული სვამდა, სანამ საკმაოდ კატეგორიული ტონით არ ჩავერიე და ჭიქა არ გამოვგლიჯე ხელიდან…
ჯერ ის ვერ გაიგო, რატომ უწევდა ამ ბუდისტ ბიჭს ჩვენი წმინდა სალოცავების, შემდეგ ჩვენივე პატრიარქის, შემდეგ მართლმადიდებლობის სადღეგრძელოს დალევა.
- მეც რომ დავლიო ჩემი რელიგიის სადღეგრძელო – შეიძლებაო?- იკითხა…
- აპ აპ! – ეგ შენს ქვეყანაში როცა ჩახვალო – გაიქნია თავი ერთმა, მეორემ მესამეს გადაუჩურჩულა – ყველა უცხოელი „რავა ურჯულოაო“ და მოკლედ რის ვაი ვაგლახით ძლივს დავუსხლტით თავქუდმოგლეჯილები.
ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ მკველობას, ცემას, ა.შ. მორალური ძალადობაც – ფართოდაა გავრცელებული „ღრუზიის“ ბნელ ნაწილში. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, რაც ბევრ რამეს მოგაგონებთ, თქვენს გარშემო:
- დალიე ძმაო, პატივს არ გვცემ?! – საინტერესოა, რა არგუმენტით დამიდაბუთებთ ფაქტს, რომ პატივისცემა, კაცობა, გაგება, ძმობა, ა.შ. – დალეული სასმელის დოზით გამოიხატება. შემდეგ მიდის ყანწების დაცლა ყანწებზე, მერე ან ჩხუბი და აყალ-მაყალი, ან დორბლიანი კოცნა ტუჩებში, ან ყველაზე კარგ ვარიანტში სახეზე, ყალბი სიყვარულის ახსნები, უნიტაზთან ჩახუტებები, პატრონის ვერ ცნობ-ები, დარეკვები და ცოლის გინებები ა.შ.
- სად მიდიხარ, არ მოგწონს ჩვენთან? დარჩი კიდევ ერთი საათი და მერე წადი, თორემ ძალიან მაწყენინებ! – ვერ ვხვდები,როცა გეჩქარება, როცა მაინც საათს უნდა უყურებდე, როცა რაღაც გიფუჭდება და მაინც მდუმარედ ზიხარ უაზრო, ან თუნდაც აზრიან შეკრებაზე, დასტრესილი – მხოლოდ იმის გამო რატომ უნდა იჯდე და ელოდო, როდის გახვალთ ყველა ერთად.
სამწუხაროა, რომ ადამიანები არ ვცემთ პატივს სხვის დროს, არ გვაინტერესებს რატომ მივდივართ, (იქნება და როგორი საქმისთვის გვეჩქარება?!) ვფიქრობთ მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე, ან უფრო პრინციპებზე (ვერ ვხვდები რა სიამოვნებაა, როცა გვერდით გიზის ადამიანი, რომელიც ითვლის იმ დამატებულ ერთ საათს და ერთი სული აქვს წავიდეს) და ამას ვეძახით მეგობრობას?!
- პასუხი SMS-ზე/ფეისბუქის წერილზე – კიდევ ერთი კოშმარი, როცა ნახევრად უცნობი ადამიანი გსაყვედურობს, რატომ უგვიანებ პასუხს წერილზე, ან რატომ გაქვს მისი ფეისბუქ წერილი გაუხსნელი, თან სამუშაო საათებში. მშვიდად უხსნი, რომ მუშაობ და უბრალოდ არ გცალია, გგონია, რომ შეიგნებს და ამ დროს:
- ზუსტად 2 წუთი უნდოდა პასუხის მოწერას, თუ არ გინდა პირდაპირ თქვი! ან უარესი: თავში გაქვს ავარდნილი, გგონია მხოლოდ შენ გაქვს ბევრი საქმე?
გეზარება აუხსნა, რომ მისნაირი მოცლილი არის უამრავი, ასჯერ 2 წუთი 200 წუთია, რომელიც თითქმის 3.5 საათს უდრის, საერთოდ აღარ წერ… ისიც გლანძღავს თავისნაირ უსაქმურებში და ბოლომდე სწამს, რომ მართალია.
- სახლში წაყვანა, როცა გყავს მანქანა… მაგალითად: როცა მდედრობითი სქესის მეგობარი ან ნაცნობი, ღამის სამ საათზე გიცხადებს:
- გოგოს მარტო გამიშვებ სახლში, შენ ბიჭი ხარ ამის შემდეგ?
არა და დილით 9-დან მუშაობ, გოგონა ფონიჭალაში ცხოვრობს და ტაქსით რომ გაუშვა ამითაც არაფერი შავდება და ლამის საათნახევარს მოიგებ. თითქოს შენ დააძალე ღამის სამ საათამდე გარეთ ყოფნა. და გოგონა, რომელიც 15 წუთის წინ გენდერული თანასწორობის სადღეგრძელოს სვამდა და ამტკიცებდა, რომ სექსის უფლება ორივეს თანაბრად აქვს, ქალსაც და კაცსაც – უცებ დაუცველი გოგონა გახდა, რომელიც ბიჭმა აუცილებლად უნდა წაიყვანოს სახლში, ტაქსისტმა რამე ხომ არ აკადროს.
- ძალადობა რიგში, ადგილებზე – როცა რიგში გიძვრება მანქანა და კიდევ აქეთ გისიგნალებს, ან ადამიანების რიგში მოდის ვიღაც, რომელიც ყვირილით გარწმუნებს, რომ აქ იყო ნახევარი საათის წინ და მისი ადგილი შენახულია.
რამდენიმე დღის წინაც, მივდივართ იქს ფაქტორზე, გაქვს მოსაწვევები და ჩვენს ადგილას ორი ქალბატონი ზის.
- აქ ჩვენი ადგილია – ვეუბნებით და ბილეთს ვაჩვენებთ
- რას ამბობთ, ჩვენი ადგილია! – წიკვინებს ქალბატონი და მომენტალურად ცვლის ტექსტს, როცა ვთხოვთ,რომ აბა გვაჩვენოს ბილეთი/მოსაწვევი:
- ნახევარი საათი დააგვიანეთ და ჩვენ დავსხედით! (რეალურად 15 წუთი დავაგვიანეთ, რაკი ბავშვებმა ლამის ზედ გადაგვიარეს, უკან დავდექით და როცა რიგი შეთხელდა შევედით)
- ჩვენი ადგილებია და უნდა დაგვსვათ
- არ გრცხვენიათ, ადგილიდან გვაგდებთ?!- ყვირის ერთერთი
- ჩვენი ადგილიდან ქალბატონო – ვუხსნი თავაზიანად.
- ვიცი, გიცნობ ვინც ხარ! – მეუბნება უკან მჯდომი ქალი. – და დაგინახე გარეთ იდექით 10 წუთის წინ და ეწეოდით, ანუ დააგვიანეთ
- და როგორ დამინახეთ თუ თქვენც გარეთ არ იდექით და თქვენც არ დააგვიანეთ? – მეღიმება და ვხვდები, რომ კამათს აზრი არ აქვს და ბილეთები უფუნქციოდ მიჭირავს ხელში, თმებით ხომ არ აათრევ, მიუხედავად იმისა – იმსახურებენ თუ არა.
- გადაიღე რამე, რისი გრცხვენია… მეწყინება ჩემი გაკეთებული საჭმელი რომ არ გასინჯო – ესეც დიასახლისების ძალადობის ნიმუში. როცა ხარ სტუმრად, ჭამ, კიდევ გიღებენ, კიდევ ჭამ, ბოლოს მეტი აღარ შეგიძლია და ამას პირად შეურაცხყოფად იღებენ და უსასრულოდ ძალადობენ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჭამო.
შექალო, შევჭამ თუ მომინდება და თუ თავს ვიკავებ, იქნება და აღარ შემიძლია მეტი, რა შუაშია შეურაცხყოფა? თუმცა ამ დროს შეკამათება არ ღირს…
- აღარაფერს ვამბობ მეგობრობის, სიყვარულის დაძალებაზე, როცა ასჯერ უხსნი ადამიანს, რომ თქვენს შორის შეუძლებელია რამე მოხდეს და ის მაინც ჯიუტად განაგრძობს დარეკვას, წერას, ეჭვიანობის სცენებსაც კი გიმართავს, როცა მის წინაშე არასდროს აგიღია რამე ვალდებულება, გიბრაზდება, როცა ფოტოს ხედავს,სადმე მის გარეშე ყოფნის დამადასტურებელს…
მოკლედ, დამღლელია მეგობრებო ეს ყველაფერი, ძალიან დამღლელია.
ახლა ალბათ ამ პოსტს კითხულობთ ჩემი რამდენიმე ყოფილი მეგობარი და დიდი იმედი მაქვს უკვე აღარ გიკვირთ რატომ აღარ მაქვს თქვენთან ურთიერთობა. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა მისი „ხათრით“ გასატარებლად. არცერთი ზედმეტი წუთი ადამიანებთან, რომლებთან ურთიერთობაც კომფორტს არ გვიქმნის, გარშემო დიდი არჩევანია, როგორც თქვენთვის, ასევე მათთვისაც, შესაბამისად – ვიცხოვროთ საკუთარი და არა მეზობლების, ნათესავების, „ახლობლების“ ბედნიერებისთვის.
გისურვებთ ბედნიერ თავისუფლებას და ნაკლებ „ძალადობას“!
წყარო:http://guramsherozia.com/