ჩინეთი უცხოელებისთვის უძრავ ქონებაზე შეზღუდვებს აწესებს

ჩინეთის ხელისუფლება უცხოელებისთვის უძრავ ქონებაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.

უცხოელებს ჩინეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების მხოლოდ ერთი ობიექტის შეძენის უფლებას მისცემენ. ხელისუფლება ამ გზით ცდილობს, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის შეჩერებას. გარდა ამისა, ჩინეთის ხელისუფლებამ მშენებლობების დაკრედიტებაც შეზღუდა.

საინტერესოა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ 2006 წლიდან უცხოელებს ნება დართო ქვეყნის ტერიტორიაზე შეუზღუდავი რაოდენობის უძრავი ქონების ობიექტები შეეძინათ. საუბარი იყო იმ ადამიანებზე, ვინც ჩინეთში ცხოვრობდა, სწავლობდა ან მუშაობდა.

ახალი წესების მიხედვით, უძრავი ქონების ყიდვის წინ უცხოელმა უნდა დაადასტუროს, რომ ის არ ფლობს ჩინეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების სხვა ობიექტს. გარდა ამისა, უცხოელმა უნდა წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა იმის თაობაზე, რომ ის ჩინეთის ტერიტორიაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქმიანობს.

უცხოურ კომპანიებს მხოლოდ იმ ქალაქებში მიეცათ უძრავი ქონების შეძენის უფლება, სადაც დარეგისტრირებულნი არიან. ჩინეთის ხელისუფლება უძრავი ქონების ბაზარს განსაკუთრებულ ყურადღებას მიმდინარე წლის აპრილიდან უთმობს, მას შემდეგ, რაც უძრავი ქონების ღირებულება 12,8 პროცენტით გაიზარდა.

წყარო: http://www.for.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები