იგრძენით ჰაერში გაზაფხულის თავბრუდამხვევი ენერგეტიკა? თუ ჯერაც არა – მოემზადეთ, უახლოესი კვირა განსაკუთრებული ძალით მოიტანს ადამიანებს შორის რომანტიკული ემოციებისა და განცდების მოთხოვნილებას. არაერთი მხურვალე რომანი, სწორედ ამ პერიოდიდან აიღებს სათავეს. ეს ყველაფერი კი სიყვარულის პლანეტა ვენერას ”გადაბარგებას” მოჰყვება ბონუსად კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში.კვირის დასაწყისი კი ზუსტად ის დროა, როცა ვენერა პლანეტა ნეპტუნთან დადებით ასპექტს გააკეთებს და ადამიანებს რომანტიზმის საბურველში გახვევს ცოტა ხნით მაინც. თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გამძაფრებული წარმოსახვა, რომელსაც ნეპტუნი უზრუნველყოფს უკვე შემდგარ წყვილებს შორის გარკვეული ეჭვიანობის, ან სულაც კონფლიქტების წინაპირობადაც შეიძლება იქცეს. ნეპტუნი ასტროლოგების აზრით, ჭორებისა და გაურკვევლობების ”კურატორიც” გახლავთ, ამიტომ აჯობებს, ბრმად არ ენდოთ არანაირ მოარულ ხმებს და ყველაფერი პარტნიორთან გადაამოწმოთ სანამ მას ღალატში ან სხვა ტიპის მაქინაციებში დასდებთ ბრალს!
სამაგიეროდ, შესანიშნავი პერიოდი უდგათ ხელოვან ადამიანებს ან მათ, ვისი სამუშაოც შემოქმედებით აზროვნებასთან, კრეატივთანაა კავშირში. ვენერა-ნეპტუნის ზემოხსენებული ასპექტი საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად გამოიყენოთ საკუთარი პოტენციალი და შექმნათ ისეთი შედევრები, რომელთა შექმნაზე აქამდე არც კი გიოცნებიათ.
კვირის შუა პერიოდში ზუსტად კი 12-15 მაისის შუალედში, გარკვეული სტრეს-ასპექტების გამო, რომელიც პლანეტა სატურნსა და მარსს შორის ჩამოყალიბდება სასურველია, მოთოკოთ საკუთარ თავში ძალაუფლებისა და ეგოიზმის ელემენტები. ეს ის დრო არ არის, როცა ”რქებით შეგიძლიათ გაიტანოთ” თქვენი. თუმცა, სურვილი დიდი იქნება. მაგრამ შესაძლოა ამგვარ მცდელობას სამომავლოდ გაუთვალისწინებელი და ერთობ საშიში შედეგები მოჰყვეს ბევრი თქვენგანისთვის. სასურველია, განსაკუთრებით აკონტროლონ თავი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფმა ინდივიდებმა, იმიტომ რომ ამ დღეებში ხელქვეითებზე ზეწოლის ან ძალისმიერი მეთოდებით მათგან სასურველი ქმედებების მიღების მოთხოვნილება ძალზე დიდი იქნება. მაგრამ რეზულტატი, რომელსაც ამ ყველაფრის შედეგად მიიღებთ მერწმუნეთ, არ გაგახარებთ!
ამიტომაც გირჩევთ, მეტი ლოიალურობა და ტოლერანტული მიდგომა გამოიჩინოთ ჩინითა და რანგით დაბლა მდგომ ხალხთან, ეს ყველაფერი კი სამომავლოდ ისევ თქვენს წისქვილზე დაასხამს წყალს ერთმნიშვნელოვნად. ხომ გაგიგიათ: ”ვინც მოითმენს, ის მოიგებსო“.
გამომდინარე იქედან, რომ უახლოეს კვირაში პლანეტა მერკური, რომელიც თავის მხრივ ადამიანებს შორის კომუნიკაციის უნარსა და ხარისხზეა პასუხისმგებელი რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება და ამგვარ პოზიციაში მისი ესენციალური სტატუსი შესუსტებულია, კარგი იქნება 19 მაისამდე მოასწროთ მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება და მოლაპარაკებების წარმოება. კარგი იქნება, თუკი წინსწრებით შეიძენთ საოჯახო ტექნიკას ან საოფისე აპარატურას. წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოესი ერთი თვის მანძილზე 19 მაისიდან 12 ივნისამდე პერიოდში, მსგავსი შენაძენები არაეფექტური და წამგებიანი იქნება.
გარდა ამისა, სასურველია, მიმდინარე კვირაში დაიგეგმოს სწავლა-განათლების მხრივ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საგამოცდო პროცესები, იმიტომ რომ რეტრო-მერკურის პერიოდში, როგორც სწავლა (ზოგადად ახალი ინფორმაციის ათვისება) ისე გამოცდების ჩაბარება, საკმაოდ გართულებული იქნება.
წარმატებულ და რაც მთავარია, მშვიდ, ნაყოფიერ კვირას გისურვებთ!