“გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ცნობილი მებაღე ზურაბ შევარდნაძე ევროპელებისა და ქართველების ხასიათსა და მიდგომას შორის განსხვავებაზე გვიყვება, იმაზე, თუ რამდენად სხვადასხვაგვარად აღიქვამენ ისინი ადამიანებს და საკუთარ საინტერესო “აღმოჩენას” ფეისბუქის პირად გვერდზე გვიზიარებს:
“უფროსი მეგობრები მყავს, ავსტრიელები არიან, უკვე პენსიონერები. საქართველოზე ძლიერ შეყვარებულები, ბევრი წლის წინ იყიდეს ბინა თბილისში და ნახევარ წელს მაინც საქართველოში ატარებენ.
ხშირად არიან ჩემთან ბაღში, კაფეში. თითქმის ყველა ჩემს სტუმარს, მეგობარს, ახლობელს იცნობენ და ბევრთან მეგობრობენ. როცა აქ არიან და ვინმე ჩემიანი შემოგვესწრება, აუცილებლად წარვუდგენ, გავაცნობ, რომ ეს ადამიანი ესა და ესაა, ამის და ამის შვილია, ცნობილი ოჯახიდან თუა… და ამის მაგვარს… როგორც კი თვალს მიეფარება იმწუთას გერმანული პირდაპირობით მკითხავენ, “Was kann er, was macht er?” (რას აკეთებს, რა შეუძლია?)
მე ისევ ვიწყებ, რომ ძალიან კარგი ბიჭია, იცი რა მამა ჰყავს?ესა და ეს.. დედამისი ცნობილი მუსიკოსია… მისი ბაბუა იყო…. და მაწყვეტინებენ, ისევ დაჟინებით ცდილობენ გაიგონ რას აკეთებს, რა შეუძლია?
ხშირად მოხდა ასე და ბოლოს დავფიქრდი, რომ ზოგჯერ არაა ადვილი კონკრეტულად თქვა თუნდაც შენთვის პატივსაცემ, საყვარელ ადამიანზე – რას აკეთებს, რა შეუძლია, მარტივი მიზეზის გამო, რომ არც არაფერს აკეთებს, არც არაფერი შეუძლია. უფრო იოლია ილაპარაკო რომ ამის იმის ისაა, იმის ამის ისაა…
თუკი მითქვამს, რომ უჰჰ… იცით, ცნობილი ფოტოგრაფია, ვიზაჟისტია, მკერავია, მასწავლებელია, ცნობილი მომღერალია, ვხედავ, როგორ უცბად იწვევს მათ ყურადღებას, ინტერესს და სხვანაირად, პატივისცემით განიმსჭვალებიან ხოლმე მის მიმართ.
მივხვდი და დავადგინე ამ პატარა გამოცდილებით, რომ მათთვის, ევროპელებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ფასდები ძალიან პრაგმატულად იმის მიხედვით, რა შეგიძლია.
“Was kann er, was macht er?” (რას აკეთებს, რა შეუძლია?)”, – წერს ზურა შევარდნაძე