21-27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ასტროლოგი, რამაზ გიგაური მიმდინარე კვირის ასტროლოგიური მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს კვირა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ცის კაბადონზე „ირთვება“ დადებითი კონფიგურაცია „ბისექსტილი“ (60-60-120). აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება „უნივერსალური“ პლანეტების (ურანი, ნეპტუნი, პლუტონი; დამატებით სატურნიც) ჩართულობით. ეს კი მიანიშნებს, რომ სწორედ ივლისის მეოთხე კვირიდან იწყებს ის დადებითი „ფანჯარა“ ჩამოყალიბებას, რომლის გავლენა გარკვეული პერიოდულობით 2028 წლამდე იმოქმედებს.
რა იქნება ეს?!
ეს იქნება გლობალური (და საბოლოო) შეთანხმებები, რომლებიც შესაძლებელია რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულის (ან აქტიური ფაზის სრულად ან ნაწილობრივ „გაყინვის“) დასაწყისად ეტაპადაც კი ჩავთვალოთ (ეს მიმდინარე პერიოდიდან დაახლოებით 5-8 თვიან პერიოდს მოიცავს). დიდი ალბათობით სწორედ ამ კვირიდან დაიწყებენ ის ქვეყნები გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც რუსეთის ნავთობს იაფად ყიდულობენ და ახლო მომავალში მოსალოდნელია ამერიკული სანქციები დაემუქროთ (ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია). მოსალოდნელია ეს ყველაფერი „კულისებში“ განვითარდეს, თუმცა აგვისტოს მესამე დეკადიდან უკვე ნელ-ნელა გამომჟღავნდება და ცვლილებებიც ყველასთვის დასანახი გახდება.
პოლიტიკურ დონეზე ეს კვირა შეთანხმებების შანსებსაც იძლევა, რადგან ბისექსტილი დადებითი კონფიგურაციაა და სასიკეთო პერსპექტივებზე მიანიშნებს. თუმცა აქ ორი სექსტილი მიანიშნებს იმ აუცილებელ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია წარმატების მიღწევისთვის. არ არის გამორიცხული ამ კვირაში ვიხილოთ ამერიკისა და ევროკავშირის (და ასევე სხვა ცივილური ქვეყნების) მხრიდან ახალი ურთიერთშეთანხმებები, რომლებიც უკრაინას კიდევ უფრო მეტად დაეხმარება.
ასე რომ, მთლიანობაში ეს გლობალურ კონსოლიდაციაზე და დადებითი ცვლილებების დიდ შანსზე მიანიშნებს.
22 ივლისიდან (თბილისის დროით 17:30 საათიდან) მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. წყლის სტიქიას ცეცხლი შეცვლის. ეს გაზრდის ენერგიულობას, ამბიციურობას და მიზანსწრაფვას. აღსანიშნავია, რომ 21-26 ივლისის შუალედში მზეც თავის მხრივ „ბისექსტილის“ მონაწილე გახდება (მზე-სატურნი-ურანი). ეს კონფიგურაცია უკვე ინდივიდუალურ დონეზე მოახდენს გავლენას. ბევრ ადამიანს გაუიოლდება ცვლილებების განხორციელება, ხოლო დისციპლინა და ორგანიზებულობა მომავლის სასიკეთოდ ფორმირებაში დაეხმარება. ეს განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძის, ტყუპის და ლომის ნიშნების 1-3 გრადუსებში მზე, მთვარე, ასცენდენტი ან რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული.
რეტროგრადული მერკური მიანიშნებს საინფორმაციო ველის „დამახინჯებაზე“, ინფორმაციის „გამრუდებასა“ და დამალვაზე. რეტრო მერკური 11 აგვისტომდე იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანებმა გადახედონ საკუთარ გეგმებს, შეიტანონ მათში ცვლილებები და გამოასწორონ დაშვებული შეცდომები. 12 აგვისტოდან მერკური დირექტიული გახდება – გაჩნდება ინფორმაციის დადებითად გამოყენების შანსი, ხოლო ურთიერთობების განვითარება კონსტრუქციულ კალაპოტში წარიმართება. ბუნებრივია, ივლისის მესამე დეკადა და აგვისტოს პირველ დეკადაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით (მათ შორის საქართველოში) მოსალოდნელია ვიხილოთ ახალი სკანდალები და საიდუმლოებების გამჟღავნებები, რაც ბევრ ადამიანს იმიჯთან და რეპუტაციასთან დაკავშირებით პრობლემას შეუქმნის.
გრძელდება ვენერას (ტყუპი) და მარსის (ქალწული) კვადრატი. ეს ერთი მხრივ აძლიერებს შარმს, ვნებიანობას, სექსუალურობას, მეორე მხრივ კი ზრდის პირად ურთიერთობებში კონფლიქტების ალბათობას. ორივე პლანეტის სიგნიფიკატორი (მმართველი) მერკურია, რაც მიანიშნებს, რომ აქ მთავარ როლს ასრულებს მენტალური და ვერბალური ენერგია. ასე რომ, ნებისმიერმა არასწორად ნათქვამმა სიტყვამ მოსალოდნელია განხეთქილებას დაუდოს სათავე. ამ კვირაში ემოცია აქტიურად ვლინდება და ვნებები დუღს, თუმცა იზრდება კრიტიკულობაც, ეს კი აძლიერებს პირად ცხოვრებაში დაპირისპირების ალბათობას (რაც ცხადია, არასასურველია).
24 ივლისის ახალმთვარეობა „ხდება“ კიდევ ერთი (რიგით მესამე) ბისექსტილის მონაწილე. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია. იქიდან გამომდინარე, რომ ახალმთვარეობის ენერგია მოქმედებს უახლოესი ერთი თვის მანძილზე, 23 აგვისტომდე (შესაძლოა ივლისის ბოლო კვირაშივე) ვიხილოთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. ფაქტობრივად, იქამდე, სანამდე მზე ლომის ნიშანში იმოძრავებს მოხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ მინიმუმ 2025 წლის ბოლომდე არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების წესს. დაიწყება სერიოზული ცვლილებები (მინიმუმ ამ ყველაფრის მომზადება), ბევრ პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესში საკვანძო-გარდამტეხი მომენტი დადგება. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დაძაბული ფონია, მოსალოდნელია სცენარები უფრო რევოლუციური (და არა ევოლუციური) გზით განვითარდეს. ასე რომ, ბევრ ქვეყანაში ვიხილავთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას, ხმაურიან გადატრიალებებს (ან მცდელობებს) და ასევე პოლიტიკური პირების ხმაურიან დაკავებებს (შესაძლოა მათზე შეიარაღებულ თავდასხმებს და მკვლელობებსაც კი).”-წერს გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები