საქართველოში, პაციენტს თავის ტვინში ცოცხალი ბრტყელი ჭია აღმოუჩინეს – “შესაძლოა, პირველი ფაქტი იყოს მედიცინის ისტორიაში”

საქართველოში პაციენტს თავის ტვინიდან ცოცხალი პარაზიტი, 15 სანტიმეტრის სიგრძის ჭია აღმოუჩინეს. ამის შესახებ ნეიროქირურგი გიორგი სეკანია სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, პარაზიტი ცოცხალი ღორის სოლიტერი აღმოჩნდა, რომელიც ოპერაციის შედეგად ამოიღეს.
“მინდა გაგიზიაროთ საინტერესო, იშვიათი და შესაძლოა პირველი ფაქტი მედიცინის ისტორიაში, ჩვენი ნეიროქირურგიული პრაქტიკიდან, რომელიც დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ.
მდედრობითი სქესის პაციენტი, სამწლიანი ანამნეზით. იმყოფებოდა ჩვენს „მეზობელ“ სახელმწიფოში, სადაც ონკოლოგიური დაავადების გამო ჩაუტარდა სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექცია. ონკოლოგიური სიფხიზლის გათვალისწინებით, პაციენტს უტარდებოდა დიაგნოსტიკური კვლევები, თავის ტვინის მრ კვლევით მარჯვენა თხემის წილში ნანახი იქნა მოცულობითი წარმონაქმნი.
ვციტირებ პაციენტის სიტყვებს – “3 წლის მანძილზე 8-ჯერ ჩამიტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბოლოს მითხრეს რომ სიმსივნის მე-4 სტადია მქონდა, შემომთავაზეს ოპერაციული ჩარევა, მაგრამ არ მინდოდა უცხო ქვეყანაში სიკვდილი და გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება“. საქართველოში ყოფნის პერიოდში პაციენტს განუვითარდა გენერალიზებული გულყრა, კონსულტირებულ იქნა ჩემს მიერ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. ქალბატონს შევთავაზე წარმონაქმნის ამოკვეთა, დავიწყეთ განმეორებითი კვლევები.
ჩატარებული-თავის ტვინის მრ კვლევის მიხედვით წარმონაქმნის ლოკალიზაცია შეიცვალა, თხემის ნაცვლად ვერიფიცირდებოდა საფეთქელში. დაიგეგმა ოპერაციული ჩარევა. სავარაუდო/წინასწარი დიაგნოზი იყო თავის ტვინის მეორადი სიმსივნე (ახალი მეტასტაზი), თუმცა ოპერაციული ჩარევის დროს, თავის ტვინში ნანახი იქნა 15სმ-მდე ცოცხალი სოლიტერი, რომელიც გადაადგილდებოდა თავის ტვინში.
პარაზიტი გაიგზავნა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში, სახეობა – Taenia solium (ღორის სოლიტერი). ჯერ-ჯერობით ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ცოცხალი ბრტყელი ჭიის არსებობის თავის ტვინში. ფაქტი საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, რაზეც ამ ეტაპზე ვმუშაობთ.
ამჟამად პაციენტი იმყოფება პალატაში, ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, იმყოფება ნეიროქირურგების, ნევროლოგების და პარაზიტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. გრძელდება შემთხვევის კლინიკური კვლევა.” – წერს გიორგი სეკანია.

კომენტარები

სხვა სიახლეები